ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა „შედეგების გარეშე ვერ დარჩება“.

„საფრანგეთი და გერმანია ინიციატივით გამოდიან, სანქციები დაუწესდეს გარკვეულ პირებს, რომლებმაც ამ მხრივ ჩვენი ყურადღება მიიპყრეს”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არსებული ინფორმაციით, სანქციები, სავარაუდოდ, დაუყოვნებლივ არ დამტკიცდება, რადგან ევროკავშირმა იურიდიული ტექსტი უნდა მოამზადოს.

8 ოქტომბერს ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სასანქციო სიაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მოხვდენიან.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელშიც საბჭოთა კავშირის დროს „ნოვიჩოკი“ შეიქმნა.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.

“იმედი”