გვესაუბრება მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი,
შოთა აფხაიძე:
– ამ რამდენიმე თვის წინ, რუსეთში, ისევე როგორც მსოფლიოს დიდ ქვეყნებში, სადაც სომხური და აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ადგილი ჰქონდა მძაფრ დაპირისპირებას და როგორც იქაური მედია იტყობინებოდა, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს შორის შეტაკებების შედეგად არაერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ… ახლა რა ხდება მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ?
– მსგავსი აღარაფერი ხდება იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების განკარგულებით – არ დაუშვებენ არათუ ფიზიკურ დაპირისპირებებს, არამედ აქციასაც კი და ვინც ამას გაბედავს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება!!! ზეპირად იციან მათი ლიდერების თუ წევრების კოორდინატები და მინდა გითხრა, რომ ეშინიათ კიდეც, რადგან პირდაპირ გააფრთხილეს – დაკარგავთ ცხოვრების უფლების ყველანაირ დოკუმენტს, ვინც რუსეთის მოქალაქე ხართ, ჩამოგართმევთ პასპორტებს და გაგამგზავრებთ თქვენს ისტორიულ სამშობლოშიო!!! აქ რომ ერთმანეთს შეასკდნენ ზაფხულში, ბევრი დააპატიმრეს და საკმაოდ მაღალი სასჯელიც მისცეს! ასე უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლებაც და ვისაც ხელები ექავება, გული ერჩის ისტორიულ სამშობლოში საკუთარი თვისტომის გვერდით დადგეს და იბრძოლოს, კი ბატონო – ჩამოერთვას საქართველოსთან სამართლებრივად რაც აკავშირებს და წავიდნენ, რა პრობლემაა? ანდა ჯავახეთში რომ იმუქრებიან, ან ეგ რას ჰგავს? ვინმე ავიწროებთ, თავს ესხმით, სასწავლო დაწესებულებები არ აქვთ საკუთარ ენაზე თუ სახელმძღვანელოები? ვინ ჩაგრავთ, რა ავტონომიას ითხოვენ და ვის მიწას ჩემულობენ? ვიმეორებ, თუ მაინც გაბედეს და მსგავსი იდიოტური მოთხოვნები დააყენეს, მაშინ ჩვენ, ჩვენსას დავიცავთ, რადგან საქართველოს წასაგლეჯი მიწები აღარ აქვს, პირიქით დასაბრუნებელი გვაქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო, გონივრული, პოლიტიკური დიალოგის გზით!
– რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი ქვეყნის ღალატად აღიქმება სწორედ იმ ძალების მიერ, რომლებიც სწორედაც, რომ რუსეთის მიერ იყვნენ მხარდაჭერილები და რომლებმაც მთელი საქართველოს სიმდიდრეები რუსულ კომპანიებს გადაულოცეს… ვგულისხმობ, ნაცმოძრაობას და სააკაშვილს!
– გეთანხმებით და ესენი ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს, მოდი და ნუ გაიცინებ… ჩემი აზრით რუსეთთან სასწრაფოდ უნდა აღდგეს დიპლომატიური კავშირი და გაიხსნას საელჩო! არაფრისმომცემი არ არის კარასინი აბაშიძის ფორმატი გარდა იმისა, რომ ჟენევაში ხვდებიან ერთმანეთს ბიუჯეტის ფულით, მოიკითხავენ ერთმანეთს, ბჭობენ ყველაფერზე, გარდა კონკრეტული საკითხების სწრაფად მოგვარებისა და ბრუნდებიან სამშობლოში!
– რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე საუბრობ და ეტყობა, გამოგრჩა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გახარიას ევროსაბჭოში ამცნეს – საქართველოს ნატოში გაწევრიანების ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეთ და მზად ხართ ნატოში მისაღებადო!
– პირდაპირ გეუბნებით – საქართველო ნატოში გაწევრიანდება და საბოლოოდ დავემშვიდობებით როგორც აფხაზეთს ისე სამაჩაბლოს! ჩვენი მიზანი თუ საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაა და ამის გამო გვინდა ნატოს წევრობა, მაშინ გამოდის, რომ ნატოს ჯარმა უნდა იბრძოლოს ჩვენთან ერთად და ამ დროს, რუსეთი გულხედაკრეფილი დაგველოდება? ვინც ასე ფიქრობს, სწორედ ის არის საქართველოს მტერი, რადგან რუსეთი არ დაუშვებს მის საზღვრებთან კიდევ ერთ ნატოს წევრი ქვეყნის არსებობას, მის ბაზებს და საერთოდ დავინგრევით, როგორც რიცხობრივად, ისე ტერიტორიებით! ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ნატოს ჯარებს, რომლებიც დიდი ალბათობით, თურქეთიდან იქნება შემოყვანილი, იგივე ჯავახეთის სომხობაში როგორი რეაქციები მოჰყვება, ფიქრობენ ამაზე? როგორ შეხვდება ამას ირანი, რომელსაც გულზე არ ეხატება ნატო? და ბოლოს, რუსეთი როგორ შეხვდება საქართველოში ნატოს ბაზების არსებობას, ამასაც ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს? რომელი ქართველიც ნატოს თურქული ჯარის განლაგებას მიესალმება საქართველოში, მე მაპატიე და ნორმალურად არ მიმაჩნია! ერთია, თურქეთთან ეკონომიკური, პოლიტიკური და ბიზნეს ურთიერთობები და მეორეა ნატოს ეგიდით შემოსული თურქი ასკერი, ჰოდა დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ბევრი ქართველის სანუკვარი ოცნება ნამდვილად არ არის!
– რეჟისორ კარენ შახნაზაროვს მოუსმინე, რაები იბჟუტურა და როგორ გვისაყვედურა სომხებისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთისთვის კორიდორი რომ არ გავხსენით?
– როგორ არ ვუსმინე? მაგას დაავიწყდა აფხაზეთში რაც სომხებმა ჩაიდინეს და საერთოდ, შახნაზაროვს აქ იმდენმა რუსმა დასცინა და გასცა პასუხი, რამდენიც გაგიხარდება… ხაზგასმით ვამბობ -კარენ შახნაზაროვი არის ნაძირალა და ანგაჟირებული პერსონა, ისევე როგორც აქ მაცხოვრებელი ზოგიერთი ეთნიკური სომეხი, რომლებიც შახნაზაროვს არ ჩამოუვარდებიან ნაძირლობაში და გესლს ანთხევენ ქართველების მისამართით! მადლობა ღმერთს ყველა მათნაირი არ არის და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი სომეხი იზიარებენ ამ მოსაზრებას! მოკლედ, ახალგაზრდების დიდი ნაწილიც ადეკვატურად აანალიზებენ როგორც მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას, ისე ცალკეული პირების გამონათქვამებს და ეს ძალიან მახარებს!
“ალია”