სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა, რომ არა თურქეთის მზაობა, სრულად მიეღო მასში მონაწილეობა.
„ცალსახად, ეს ომი არ დაიწყებოდა, თურქეთს რომ არ ეჩვენებინა საკუთარი მზაობა, სრულად მიეღო მასში მონაწილეობა და შედეგად, თურქეთი სრულად არ ყოფილიყო მასში ჩართული. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო სწავლების გაგრძელება“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, თურქეთის ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეობა და ომის წაქეზება საჯაროდ ხდება.
„თურქეთი ახლაც განაგრძობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. ეს თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ცხადყოფს. ეს თურქეთის იმპერიის აღდგენაზე მიმართული პოლიტიკაა“, – დასძინა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
“იმედი”