მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ეს ქართველები ასეთი ტოლერანტები და კეთილები თუ ვართ და თბილისის ცენტრში ოთხი თუ ხუთი სხვადასხვა რელიგიის ტაძარი ლამის გვერდიგვერდ თუ გვიდგას – რად ვერ აგვიტანეს (ძირითად მასაში) ვერც აფხაზებმა და ვერც ოსებმა? დავიჯერო ეს ქართველი მშრომელი მუშაკაცის ან გლეხკაცის ბრალია? არა მგონია!
ან იქნებ უფრო მწერლების, პოეტების, ისტორიკოსების, პუბლიცისტების?… ან სულაც იმისა, რომ როდესაც სხვებმა დაინახეს, ვინ დავისვით თავზე და ვინ ვიგუეთ – ჯერ “ეროვნულების” სახით და მერე კიდევ “შავებისა” და ნაირნაირი მძარცველებისა და აფერისტების – კი იფიქრეს: ამ გიჟებთან რა გვინდაო?
მართლაც, ვინ გაუძლებდა ჩვენს “მაგარ ტიპებს”, დიდ ფულს დახარბებულები ხელისუფლებასა და დემოკრატიას რომ წაეთამაშნენ ადრეულ 90-იანებში ერთადერთი პრინციპით – მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ისევ ჩვენი უბედური ხალხის გარდა? რუსეთს პატარა ხელის წაკვრა თუ დასჭირდა, თორემ რაც აქაური მაშინდელი ნაციონალისტების “ტოლერანტული” გამოხდომები მახსოვს – უცხოტომელთა გვარების შეცვლით დაწყებული და გაძევებით, მათი ბინების კაპიკებად შეძენითა თუ საკარმიდამოდან აყრითა და სამსახურებიდან გაშვებით დამთავრებული…
არა, ცხადია, არც იმათ ვამართლებ, ვინც მეორე მხარეს ქართველების სიძულვილით სულდგმულებდა, მაგრამ მე ჩვენზე ვამბობ… არავის უგია ამაზე პასუხი. უბრალოდ, გადარეული მოზვიადო “ნაცისტები” მოგვიანებით სავარძლებს ჩაჭიდებულმა მსხვილმა კრიმინალმა შეცვალა და დალაშქრა სოხუმი და გაგრა – თორემ უბრალო მებრძოლებს ვერც ამას დავაბრალებ, ვაი-პოლიტიკოსებმა – ჩვენმაც და სხვებმაც – უსინდისოდ გამოიყენეს საკუთარი ეროვნების ახალგაზრდები და იქამდე ასრულებინეს “პატრიოტული ვალი”, სანამ პოლიტიკურ შედეგებს საბოლოოდ გაიფორმებდნენ – ჩვენ შემთხვევაში დამარცხებას.
მიშას ამბავს კი აღარ მოვყვები, ისედაც ყველაფერი ცხადია, ჩვენს თვალწინ ჩაიარა.
ეჰ, ბოლო წვეთი, მახსოვს, იყო რუსი მალაკნების წასვლა 90-იანების ბოლოს. მას მერე “დეზერტირში” ნაყიდი მჟავე კომბოსტო აღარ იჭმევა.
გ.ლ.