ჩარჩება თუ არა ჩვენი ეკონომიკა ჭაობში? …

წელს ეკონომიკა პანდემიამ დააჩოქა, მაგრამ რა იქნება მომავალში ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც მთავრობა, ოპოზიცია, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ანალიტიკოსები სხვადასხვაგვარად უყურებენ. პროგნოზები იმდენად სხვადასხვაგვარია, რომ ტყუილ-მართალის გარკვევა ძალიან რთულია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2021 წელს საქართველოში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში ტურისტული აქტივობა არ აღდგება. პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ივანე მაჭავარიანის მოადგილემ მომდევნო წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პროგნოზები დაიცვა და თქვა, რომ 5%-იანი გეგმა რეალურ გათვლებს ეფუძნება.

„ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე. შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, ვინაიდან წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში, ანუ ტურიზმი, საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით, 5%-იანი ზრდა გვექნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ასეთმა ოპტიმიზმმა კრიტიკა დაიმსახურა ოპოზიციონერებს შორის. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ტყუილია, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება.

„აშკარაა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი რა ზრდაზეცაა დაგეგმილი, ეს ზრდა გაისად არ გვექნება, ეგ ტყუილია. ყველაზე ცუდი წლის შემდეგ, თან ისე, რომ პრობლემები მოგვარებული არაა და არც 1-2 თვეში მოგვარდება, ამბობდე, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გექნება, უბრალოდ მოსახლეობის მოტყუებაა“, – აღნიშნა კაპანაძემ.

ოპოზიციონჯერ დეპუტატს კაკაურიძემ მაშინვე უპასუხა და საპროგნოზო მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღლა ასწია. მინისტრი მოადგილის მტკიცებით, საგაისო მაჩვენებლები ყველა რისკის გათვალისწინებითაა გავთლილი და იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმის სექტორი აღდგება, შესაძლოა, ეკონომიკამ 7%-ითაც მოიმატოს.

ასეთ ოპტიმიზი კი უკვე ექპერტებისთვისაც ზომაზე მეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ საქართველოს ეკონომიკის 7%-იანი ზრდა ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც გამორიცხა. მისი აზრით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადება ამ მხრივ მდგომარეობის პოზიტიურად წარმოჩენას ემსახურება და რეალობისგან ჯერჯერობით შორსაა.

„ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში ეკონომიკის 5%-იან ზრდაზეა საუბარი, ეს მხოლოდ პირველი წარდგენაა. როგორც წესი, პარლამენტი ბიუჯეტს ამტკიცებს მხოლოდ მესამე წარდგენის შემდეგ, მრავალწლიანი პრაქტიკა კი ადასტურებს, რომ ბოლო მაჩვენებლები რამდენადმე აღემატებიან თავდაპირველ ვერსიას, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს ცვლილება, არ მგონია, 5%-იანი მაჩვენებელი 7%-იანში გადაიზარდოს.

ჩვენ რეალური ეკონომიკური დინამიკა უფრო გვაინტერესებს, რომელიც ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, თუმცა კაკაურიძის ნათქვამსაც აქვს არსებობის უფლება და საგულისხმოა. ხელისუფლების ამოცანაა, უფრო ოპტიმისტურად წარმოაჩინოს მდგომარეობა, გარკვეულწილად, პოზიტიური განწყობა შეიტანოს საზოგადოებაში, რაც გასაგებია.

როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყანა 2021 წელს 2019 წლის დონეს ვერ მიაღწევს. აგვისტოში დაფიქსირდა 5,3%-იანი ვარდნა, მაგრამ წინა თვეებში მეტი იყო. აქედან გამომდინარე, ვარაუდი, რომ მომავალ წელს ეკონომიკის ზრდის 7%-ზე გავალთ, მხოლოდ სურვილია და რეალობასთან დიდად არ არის კავშირში“, – განუცხადა „რეპორტს“ სტატისტიკოსმა.

ყველაზე ნაკლებად ოპტიმისტურია მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2021 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 4%-ით მოიმატებს.

წყარო: newposts.ge