რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით „რუსი სამხედრო დამკვირვებლების” შესვლა სწორი იქნებოდა. ლავროვის განცხადებას გამოცემა „რბკ“ ციტირებს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით, ამ ეტაპზე რეგიონში აღარ დგას სამშვიდობო ძალების განთავსების საჭიროება. „სამხედრო დამკვირვებლების [ყოფნაც] საკმარისია“ – აცხადებს ლავროვი.
„აბსოლუტურად სწორი იქნებოდა, თუ ეს ჩვენი [რუსი] სამხედრო დამკვირვებლები იქნებოდნენ, მაგრამ საბოლოო სიტყვა კონფლიქტის მხარეებს [აზერბაიჯანსა და სომხეთს] ეკუთვნით“.
თავის მხრივ, რეგიონში სამშვიდობოების/სამხედრო დამკვირვებლების შეყვანის საკითხზე საუბრისას თურქულ ტელევიზიასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „სამშვიდობოთა განთავსება უნდა მოხდეს ორი სახელმწიფოს — აზერბაიჯანისა და სომხეთის თანხმობის საფუძველზე. თუ ერთი ქვეყანა წინააღმდეგი იქნება, ეს არ მოხდება. მეორე მხრივ, როცა სამშვიდობოებს განვიხილავთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ საუბარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, ჩვენს მიწაზე თავისი მშვიდობისმყოფელები ჩვენი ნებართვის გარეშე გამოაგზავნოს“.
წყარო: cyc.ge