თუკი დამოუკიდებლობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, რატომ ვხელმძღვანელობთ საბჭოთა, ე. ი. არადამოუკიდებელი საქართველოს რუკებით?

საბჭოთა დროის დისიდენტი, საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი კაცი – ზაქარია ლაშქარაშვილი, სოციალურ ქსელში (იხ. ჯგუფი “სეგო“) ეხმაურება დავით-გარეჯის მონასტრის თემაზე გაჩაღებულ წინასაარჩევნო ნაც-ქოცურ ალიაქოთს, იმ თვალთმაქცობასა და სიყალბეს, რომელიც ამ თემაზე აქვთ გაჩაღებული უბადრუკ პოლიტიკანებს.

სურათზე: ზაქარია ლაშქარაშვილი მარინ ლე პენთან ერთად. საფრანგეთი, 2015 წ.

 

ზაქარია ლაშქარაშვილი ლოგიკურ კითხვებს სვამს თავის მოკლე სტატიაში. ვფიქრობთ, რომ მკითხველის გონების გასავარჯიშებლად მაინც იქნება სასარგებლო ამ ნაწერის გაცნობა:

2020 წლის წინასაარჩევნოდ დავითგარეჯას თემამ წამოიწია. ვფიქრობ როგორც არაერთი თემა, ესეც მივიწყებას მიეცემა, როგორც კი ე.წ. არჩევნები ჩაივლის “მასტერავოისავით”. რა თქმა უნდა, “მასტერავოის რულავიკი” ბიძინა ივანიშვილი იქნება. ხელისუფლება, ოპოზიცია, ტელევიზია, ბერი თუ ერი, ვისაც არ ეზარება, ყველა თავის მოსაზრებას წერს და ლაპარაკობს. ახლა 1978-82 წლებში ჩემი თვალით ნანახ გარეჯას კომპლექსის ეკლესია-მონასტრების შესახებ ვიტყვი მოკლედ.

ორჯერ მომიწია ყარაიაზში სამთვიან სამხედრო შეკრებებზე (სბორებზე) ყოფნამ. ამ შეკრებებზე დაახლოებით 800 კაცი იყო, რუსი სამხედროები, ვინც ახლოს ცხოვრობდა. პარასკევს შუადღის შემდეგ გაუშვებდნენ სახლებში და ორშაბათს უნდა დაბრუნებულიყვნენ. შეკრების ნაწილში დაახლოებით 150 რჩებოდა, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან იყვნენ. ეს რუსი სამხედროები თავიანთი პირადი ინტერესების გამო კანონს არღვევდნენ, 600-700 კაცის ულუფისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ყიდდნენ, საბჭოთა კანონსა და სამხედრო დისციპლინას ჯიბეში იდებდნენ. სასწავლო სროლების დროს როცა დავინახე, რომ ქვემეხები მიმართული იყო მონასტრებისკენ, გამოქვაბულებისკენ, ნაწილის უფროს პოლკოვნიკს ვუთხარი, რომ ეს ისტორიული ძეგლებია, და მით უმეტეს თქვენ, რუსები, მართმადიდებელი ქრისტიანები ხართ და ასე რატომ იქცევით-მეთქი. იქ მყოფმა ქართველ არტილერისტებმაც დამიჭირეს მხარი და ქვემეხები ცარიელი მთისკენ შევატრიალეთ.

რამდენიმე კაცი ავიყოლიე რამდენჯერმე და ეკლესია-მონასტრები მოვინახულეთ. ეკლესიები და მიმდებარე ტერიტორია საქონლის, ცხვრის ნაკელით იყო მოფენილი. საქართველოში, კერძოდ, მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელი მწყემსების მეტი არავინ მინახავს. არც მღვდელი მინახავს, არც მომლოცველი, არც მოგზაური-ტურისტი. თბილისში ძეგლთა დაცვის სამმართველოში მივედი და ციციშცილს მოვუყევი ნანახი, მითხრა, რომ მისწერდა წერილს ამიერკავკასიის შტაბს…

ეს გარეჯას აგორებული თემა იმას მაგონებს, მეცხვარეს თივა რომ აღარ ჰქონდა და ცხვრებს კატა ჩამოუკიდა. ეს თემა გარეჯას კომპლექსით არ უნდა განიხილებოდეს, საქმე ეხება საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს, სადაც გარეჯაც შედის. მარტო გარეჯაზე საუბარი არის სპეკულაცია. ტერიტორიული საკითხი ერთ მთლიან კომპლექსში უნდა განიხილებოდეს, ხან ხუჯაბი წამოიწევა, ხან ალაზნის კალაპოტის შეცვლა, ხან თურქეთზე გადაცემული ჰექტრები, ცალკე აფხაზეთი, ცალკე შიდა ქართლის ქსნისა და ლიახვის ხეობა და ა.შ. ამ ბოლო დღეებში 1938 წლის რუქებზეა ატეხილი აურზაური, ვიღაცეები დაუჭერიათ კიდეც და, უფრო მეტიც, სამშობლოს ღალატი მიაწებეს. ჩემი აზრით, საქართველოს ტერიტორიის საკითხში ვინც ივანე ჯავახიშვილის საქართველოს საზღვრებს უარჰყოფს და ამ საზღვრებში არ განიხილავს , არ სცნობს საქართველოს – აი ეს არის ღალატი. ღალატი წინაპრების, ღალატი დღევანდელი და და მომავალი თაობებისა. რატომ განიხილავენ საერთოდ საბჭოთა კავშირის დროინდელ რუქებს? 1991 წელს ხომ თითქოს 1918-21 წლების საქართველოს მემკვიდრედ გამოვაცხადეთ თავი და რეფერენდუმის საფუძველზე გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა? თუ აღდგენაზეა საუბარი, საქართველოს ტერიტორია შეადგენდა 107,6 ათ.კვ. კმ-ს. ეს რუქა ვერ იპოვეს ამ 30 წლის მანძილზე გამსახურდიადან ივანიშვილამდე?

მიუხედავად იმისა, რომ ჟორდანიას დროინდელი ტერიტორია უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს სსრ-ის, მაინც უსამართლოდ მიმაჩნია. თუნდაც, რატომ არ განიხილავენ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიებს, რომელზეც სამივე რესპუბლიკა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი აწერდა ხელს? ეს რუქა აღარ არის მისაღები? მე მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანთან და ასევე სომხეთთან, საქართველოს ტერიტორია უნდა განიხილებოდეს გეორგიევსკის ტრაქტატამდე არსებულ სამზღვრებში. თუ ვინმე ჯავახიშვილს, ინგოროყვას და სხვა ქართველ ისტორიკოსებს ამბიციურობაში დასდებს ბრალს, კი ბატონო, ვიხელმძღვანელოთ რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი რუსი პოლკოვნიკის, რუსეთის მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენლის მინისტრ ვასილი ბურნაშევის შედგენილ რუქებით.

პ.ს. ეს ის დრო იყო როდესაც ქართლ-კახეთის მოსაზღვრე სპარსეთი იყო. აზერბაიჯანი და სომხეთის სახელმწიფოები არ არსებობდნენ” – წერს ზაქარია ლაშქარაშვილი.