“ტყლაშანი” გერმანიიდან – საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში შესვლა ისევ შეეზღუდათ

საქართველოში მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩენილა ევროპაში. გერმანიამ 9 ოქტომბრიდან ისევ გაამკაცრა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის პირობები და ახლა ეს თითქმის შეუძლებელია, თუკი არ არსებობს გერმანიაში შესვლის “სერიოზული მიზეზები”.

ამის შესახებ განცხადება გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც ვკითხულობთ:

საქართველოდან გერმანიაში შესვლის შეზღუდვები

გერმანიის მთავრობამ 9 ოქტომბრის 0.00 საათიდან კვლავ შემოიღო შეზღუდვები საქართველოდან გერმანიაში შესვლაზე. ეს ღონისძიება ემსახურება COVID-19 ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციას. აქედან გამომდინარე საქართველოდან გერმანიაში გამგზავრება ვიზით ან ვიზის გარეშე შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში. ამ მნიშვნელოვანი მიზეზების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და ასევე გერმანიის ფედერალური პოლიციის ვებ-გვერდზე.

ასევე იმ პირებს, რომლებზეც გერმანიის საელჩომ უკვე გასცა 2020 წლის 9 ოქტომბრის შემდგომი პერიოდისთვის მოქმედი ვიზები, შესაძლებელია არ ჰქონდეთ გერმანიაში შესვლის უფლება, რადგან მათზე კვლავ ამოქმედდა გერმანიაში შესვლის შეზღუდვები. აღნიშნულ პირებს ვთხოვთ გადაამოწმონ, არსებობს თუ არა მათი გამგზავრებისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი ან აუცილებელია თუ არა მათი გერმანიაში შესვლა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ გერმანიის სასაზღვრო უწყება უარს განუცხადებს მათ გერმანიაში შესვლაზე. დეტალური ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი მიზეზების შესახებ, რომელთა საფუძველზეც საქართველოში მცხოვრები პირების შესვლა გერმანიაში 9 ოქტომბრის შემდეგაც არის შესაძლებელი, იხილეთ გერმანიის ფედერალური პოლიციის შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://www.bundespolizei.de/Web/DE/04Aktuelles/01Meldungen/2020/03/200317_faq.html.

გადაწყვეტილებას გერმანიაში შეშვებასთან დაკავშირებით ყველა ცალკეულ შემთხვევაში იღებს გერმანიის ფედერალური პოლიცია გერმანიის საზღვარზე. გერმანიის საელჩოს არ აქვს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის არანაერი შესაძლებლობა.

განაცხადების მიღება საკონსულო და სავიზო განყოფილებაში თბილისში

გერმანიის საელჩოს საკონსულო და სავიზო განყოფილება თბილისში 2020 წლის ივნისიდან კვლავ ღიაა ვიზიტორებისთვის. ზემოაღნიშნული შეზღუდვების კვლავ შემოღების გამო სავიზო განაცხადების განხილვა და ვიზების გაცემო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. იმ პირებს, რომლებსაც გერმანიაში გამგზავრება მითითებებში აღნიშნული მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე სურთ, ვთხოვთ, რომ არ დაჯავშნონ სავიზო განაცხადის შემოტანის ვიზიტი. ასეთი განაცხადები ამჟამად არ განიხილება.

თუ თქვენ განეკუთვნებით გამონაკლის ჯგუფს, შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდიდან.

გერმანიის მოქალაქეთა განაცხადების პასპორტის აღებასთან დაკავშირებით კვლავ მიიღება (დაჯავშნა ასევე საელჩოს ვებ-გერდიდან).

საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით მიღების საათები კვლავ იქნება ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს 14:00-დან 15:00 საათამდე, თუმცა ამჟამად წინასწარ უნდა შეათანხმოთ ვიზიტი. ამისათვის გთხოვთ ტელეფონით დაუკავშირდეთ საკონსულო განყოფილებას (ტელეფონით დაკავშირება შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 13:00 საათამდე ნომერზე +995 32 243 53 99).

ვიზებთან დაკავშირებული კონსულტაციები ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.

გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმ ვითარებას, რომ კორონა-პანდემიის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად საელჩო იძულებულია, მიმართოს უსაფრთხოების ღონისძიებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიზიტორთა მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას შეეძლება საკონსულოში შემოსვლა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული შეთანხმებული ვიზიტების გარდა ძირითადად შეუძლებელი იქნება სპეციალური ვიზიტების დანიშვნა. ამასთანავე, საკონსულოში შემოსვლა შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც ჯანმრთელია და ატარებს სახის დამცავ აღჭურვილობას (პირბადეს). ადამიანებს შორის დისტანცია უნდა შეადგენდეს 1,5 მეტრს. შემოსვლისას ასევე განხორციელდება სხეულის ტემპერატურის კონტროლი.