ეროვნული მოძრაობა, რომელიც ერის უბედურებად გადაიქცა – რანი ვიყავით და რანი დავრჩით

საქინფორმის გვერდზე მწერალ გივი სომხიშვილის საყურადღებო სტატია გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამ სტატიას სრულად. ქართველმა ერმა უხსოვარი დროიდან სისხლ-ცრემლით მორწყული ეკლიანი გზებით გამოატარა თავისი არსებობა და, მიუხედავად ყოფნა-არყოფნის საზარელი განსაცდელისა, ღირსეული წვლილი შეიტანა მსოფლიოს ხალხთა კულტურის საგანძურში.

 

საქართველოს გარეშე მტერი ვერას დააკლებდა, რომ მოკავშირედ არ ჰყოლოდა მისი უღირსი შვილების ვერაგობაზე დამყარებული ხელისუფლებისკენ ლტოლვა.

როგორ შეიძლება წაიკითხო გარნისის ბრძოლა და მწარე სინანულის სევდამ თვალები არ დაგიბნელოს. ურთიერთ შუღლით და ძალაუფლების ჟინით სამარცხვინოდ წაგებული ბრძოლა ქართველ ხალხს უბედურებად უქციეს. ყოველი ჩადენილი ბოროტების შედეგი მძიმე ტვირთად აწვება და მწარე სინანულად მისდევს მომდევნო თაობებს.

ამგვარმა უძღბმა შვილებმა დააქციეს და მტაცებელთა საჯიჯგნი გახადეს უფლისმიერი სიკეთით ნაკურთხი ქართველი ერი. გაერთიანებული საქართველო ნიჭიერ, სამშობლოს ერთგულ მამულიშვილთა ხელმძღვანელობით იოლად გადალახავდა ეკლიანი გზების ბოროტ გადასასვლელებს; მომავალი თაობებიც, სინანულის გარეშე, ამაყად გადაშლიდნენ ისტორიის ფურცლებს.

თუ ერის მოსპობა გინდა უზნეობა, გარყვნილება, სექსუალური აღვირახსნილობა, სიბილწე, უსირცხვილობა, უფროსი თაობის შეურაცხყოფა, მოხვეჭის გაუმაძღრობა ჩაუნერგე; მადლიერება უმადურებით შეუცვალე და მოკეთე შეაძულე. თუ რამე გამომრჩა, გარყვნილი და გადაგვარებული ცხოვრება არავითარ სიბინძურეს არ დატოვებს თავისი მყრალი ამქვეყნიურობის მოსაპირკეთებლად რომ გამოიყენოს. ევრო-ატლანტიკური გარყვნილი დემოკრატიაც ამ გახრწნილი საზოგადოებრივი ფორმაციის გედის სიმღერას მღერის. ჯერ კი ისე დააბეჩავეს კეთილშობილი საზოგადოებრივი აზროვება, რომ ამას ითმენს.

ამგვარად დაიწყო ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის მორიგი განსაცდელი, რომელიც ეროვნული მოძრაობის ღრიალით შეატოვეს უცხოეთის ხუსტურებზე აყბედებულ პოლიტიკურ ცრუპენტელათა ანტიეროვნულობას. სიცრუის, აბუჩად აგდებული ეროვნულობის ქაოსში შეტოპილმა ეროვნული მოძრაობის ღრიალმა კანი გამოიცვალა და სახეზე გვაქვს უცხოეთის ლაქია პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველების, დასავლეთის ქარის ქროლვაზე ამტვერებულ საზოგადოების ფენის ევრო-ამერიკულ სატყუარათა სამზარეულოში შენელებულ სამოთხის დემაგოგიური შეპირებები.

იფიქრებდა კი ლაღი ცხოვრებით განებივრებული ქართველი, ისეთი დრო მოვიდოდა, რომ ნაფერებ და უსაზღვროდ შეყვარებული, საამაყო სამშობლოდან გადახვეწა ხსნად ექცეოდა? რანი ვიყავით და რანიღა დავრჩით.

რუსეთის იმპერიაში მომხდარმა ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ დაამხო მონარქი და ნახევრად ფეოდალური კაპიტალიზმი შეცვალა სოციალიზმით, რომლის შემდეგ კომუნიზმს გვპირდებოდნენ. შეიქმნა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი საერთო ჯარით, სავალუტო სისტემით, იდეოლოგიით და ხალხთა კეთილდღეობაზე ზრუნვის რწმენით.

საბჭოთა კავშირის ხალხთა შორის მეგობრობა სამაგალითო იყო და რესპუბლიკათა მცხოვრებნი მთელ საბჭოთა კავშირში სამშობლოდ გრძნობდნენ თავს. ყოველივე ამის საფუძველი იყო რუსი ხალხი. სწორედ მათ წინააღმდეგ განაწყო უცხოეთის პროპაგანდამ ქვეყნის და ერის მახინჯ, ჭკუამოკლე ეგოისტთა ფენა, ნორმალური ცხოვრების პირობებში მათი ნაცოდვილარი ეროვნულ მოძრაობად წოდებული ანტიეროვნული ყბედობა მხოლოდ დასაცინი რომ ხდებოდა.

უძლიერესმა სოციალისტურმა სახელმწიფომ დაამტკიცა რომ სოციალიზმი კაცობრიობის მომავალია, მაგრამ შემდგომში კომუნისტმა ტაკიმასხრებმა ყოველივე სასიკეთო არარაობად აქციეს და სახეზეა საბჭოთა კავშირში რესტავრირებული უაღრესად მახინჯი კაპიტალიზმი, რომელსაც ახლა სავაჭრო ეკონომიკა, ბურჟუებს – ბიზნესმენები, მიწათმფლობელებს ფერმერები უწოდეს და ამ ნიღბით თითქმის ფეოდალიზმამდე ჩაეფლენ. საშნელი რბევა და გაპარტახება განიცადა უძლიერესმა ქვეყანამიდეოლოგია, რომელიც ხალხთა შორის ძმობას, მეგობრობას და თანასწორობას ქადაგებდა, ნაცისტურმა ყოყლოჩინობამ შეცვალა და დაიწყო ერებს შორის მტრობა. ყველამ თავი ვიღაცის მიერ დაჩაგრულად ჩათვალა. ასე დაერივნენ ერთმანეთს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. სეპარატიზმის ბაცილამ ყველაზე ძლიერ საქართველოში გაიდგა ფესვები. დასავლეთის მიერ რუსოფობიით შენელებულმა, ფსევდოდამოუკიდებლად შემოტყუებულმა სამსალამ იოლად მოწამლა ზერელე დილეტანტთა ამბიციები. ნორმალური ცხოვრების დროს სპორაში შემალულმა პარაზიტებმა ნაჭუჭი გამოარღვიეს და იმპერიულობის ღრიალით დაერივნენ ყოველგვარ სოციალურ კეთილდღეობას და მოსპეს მთელი სახალხო მეურნეობა. ღვარძლმა, სიძულვილმა და უმადურობამ ქართველი ხალხი ღვთის ანაბარა დატოვა. რუსეთს უღრენდნენ და ცილისწამებით იკლებდნენ, როცა თვითონ რუსეთმა კომუნისტური ზედაფენისგან ისეთი საზარელი ღალატი იმწარა, რომ ფაშიზმთან ბრძოლის უბედურებას გაასწრო. იშლებოდა და იძარცვებოდა საბჭოთ კავშირი. რუსეთში გაუგონარი ქაოსი მძვინვარებდა. დასავლეთის დემოკრატიის ნიღბიანი მტაცებლები კბილებს ილესავდნენ მისი ნაწილების მისატაცებლად. ჯერ კი რუსეთის მეგობარი სერბია ძალის პოლიტიკიდან გამოჩეკილი საბაბით დააქუცმაცეს. რუსეთს თავის გადარჩენა ჰქონდა პრობლემად ქცეული. საქართველოში კი დასავლეთის მიერ მოსყიდული ყეყეჩი ცრუპენტელები ქართველი ხალხის ამ მხსნელ და მეგობარს ბრალდებებით და მუქარით იკლებდნენ. ბოროტების შემოქმედებმა გაანიავეს სახალხო ქონება. ერთი მუჭა უძღები ვაი ქართველები უსაშველოდ გამდიდრდნენ, ხალხი დაიმშა, ვინც შეძლო ლუკმაპურის ძიებაში საზღვარგარეთს შეაფარა თავი. ცრუ დემოკრატიით შემოჯირითებულმა ველურმა კაპიტალიზმმა გაძარცული და დაკნინებული საქართველო ევრო-ამერიკელი მბრძანებლის ნებაზე აწკავწკავებულ გოშიად აქცია. სიყვარულს, მეგობრის ერთგულებას და მადლიერების გრძნობას კი შეეძლო საქართველო ბედნიერების ქვეყნად ექცია.

ეროვნული მოძრაობის უვიცი, ერის ფუჩეჩი ცრუპენტელები კი ქვეყანას იკლებდნენ, საბჭოთა კავშირი ჩვენ დავშალეთო,რკინიგზის რელსებზე ჯდომით რომ ეგონათ რუსეთს ანგრევდნენ.

საბჭოთა კავშირი კი 1953 წლიდან იშლებოდა და ამას ეწირებოდა იქ მცხოვრები ხალხების კეთილდღეობა. სტალინის სიკვდილის შემდეგ კომუნისტი ვერხუშკის პუტჩის შედეგად სათავეში მოქცეული უნიჭო, დემაგოგი, ავყია კარიერისტების მართვის შედეგად ქვეყანამ ნელ-ნელა რღვევა იწყო თავქარიანი ხრუშჩოვის დროს და დაამთავრა თავტყირპიანმა ბედოვლათმა. განებივრებულმა ცხოვრებამ სიფხიზლე მოადუნა. შედეგად საბჭოთა კავშირის ხალხები გათიშვის, ურთიერთუნდობლობის და დუხჭირი ცხოვრების დოლაბებში მოექცნენ. მათ კი ეგონათ, უკეთესი ცხოვრება მოვიდოდა და აჰყვნენ ნაციონალური დამოუკიდებლობის დემაგოგიურ ბოდვას, რამაც ფართო ასპარეზი შეუქმნა იმპერიალისტური ავანტიურის თავხედობას.

ახლა შეერთებული შტატები დემოკრატიის ნიღბიან მსოფლიო ჟანდარმად დათარეშობს, თუ სჭირდება, სისხლის მსმელ ტირანს მონათლავს დემოკრატიისთვის თავდადებულ წმინდანად, სანამ ფხიზელი გონება არ დაეუფლება კაცობრიობას და ისე დაუმოკლებს საცეცებს, რომ საკუთარ ცხვირს მისწვდეს მხოლოდ.

რანი ვიყავით და რანიღა დავრჩით: ერთიანი, გამძლავრებული, გამრავლებული, აყვავებული, მიღწევებით თავმომწონე, ამაყი ქართველი ერი დღეს დაქუცმაცებული, დასუსტებული, განახევრებული, დამცირებული ევროპელობის მათხოვარი და სასაცილოდ ქცეული ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია.

იმიტომ მოძრაობდნენ ეროვნულად, რომ ევროპელი ჯვაროსნების ხუთჯვრიანი დროშა მიეთვისებინათ და ევროკავშირის დროშა ხუთჯვრიანთან ერთად სახელმწიფო სიმბოლიკად ეფრიალებინათ?! დღეს ამაზე საღი ქართული აზროვნება მწარედ იღიმება მხოლოდ. საქართველო ქართველებისაგან იცლება. ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია; ვისაც საშუალება ეძლევა საქართველოდან გადახვეწას ცდილობს. რა ვუწოდოთ ეროვნული მოძრაობის ამგვარ ანტიეროვნულ დამსახურებას?! – ბოროტმა სძლია კეთილსა, არსება მისი ბნელია!

ქართველი ერი აშკარა გადაგვარება-მოსპობის საფრთხის წინაშე რომ იდგა დავით აღმაშენებლის მტკიცე მარჯვენამ და გენიალურმა აზროვნებამ იხსნა. გაერთიანებული საქართველო ისევ ძალაუფლებისკენ ლტოლვით შეპყრობილმა უძღებმა ქართველებმა დააქუცმაცეს და მითვისებულ ნაწილში მეფუკებად წამოსხდნენ, შედეგად მტაცებელი მეზობლების საჯიჯგნად აციეს ოდესღაც ძლიერი და ერთიანი საქართველო.

დასეული მტაცებლების წინააღმდეგ და მეფუკების ერთმანეთთან ძიძგილში ისე შემცირდა, დაილია და დასუსტდა ქართველი ერი, რომ გადარჩენის არავითარი იმედი აღარ არსებობდა. სწორედ ამ დროს ხსნად მოევლინა რუსეთი. კვლავ გადარჩა და გაძლიერება იწყო ქართველმა ერმა. მისმა მფარველმა ღვთაებამ მძიმე განსაცდელის ჟამს ამჟამადაც არ მიატოვა.

სატანამ კი იცის, თუ ვინმეს მოსპობა უნდა, მფარველ მეგობარს შეაძულებს, მადლიერებას უმადურებად უქცევს და მერე დაუცდის, მსხვერპლმა თავისი ფეხით რომ მიაკითხოს ჯოჯოხეთში. ამგვარად, სატანის მაგიის მსხვერპლი საქართველო ევროპული დროშების ფრიალით და ევროპელად გადაქცევის ღამურას ფრთების მოლოდინში მორჩილად მიაბიჯებს ჯოჯოხეთისკენ.

ასე თუ არ არის, სად გაქრა აყვავებული ქვეყნის მძლავრი მრეწველობა?! ვინც ეს სიკეთე აგვიშენა და გაგვაძლიერა, ჩვენგან გალანძღულმა წაიღო რამე? მძლავრი თევზსაჭერი ფლოტი ვინ მოგვაჩუქა, ასე ხელაღებით ჯართად რომ გაყიდეს უძღებმა ბღენძებმა. სად გაქრა უამრავი კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები მეცნიერების ყველა დარგში? იმპერიამ წაიღო თუ ანტიიმპერიულმა სატანისტურმა ღრიალმა შეიწირა? სამაგიეროდ გვაქვს დიდი კითხვის ნიშნიანი ლუგარის ამერიკული ლაბორატორია.

რა ქაღალდი დაიტევს იმ საზარელი პარტახის აღწერას, რაც მათ მიაყენეს მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, მთლიანად სახალხო მეურნეობას და ქართველი ერი ბატონ-ყმობის უბედურებისკენ შეაბრუნეს. ისაც ქართველი იყო , ყმას შვილს რომ უყიდიდა და იმ ფულით ღრეობის დროს საქართელოს სადღეგრძელოს ყანწით სვამდა. ახლაც რომ საქართველოს იფიცებიან და მისი სიყვარულით მოხვეჭილი ფულით უზარმაზარ ვილებს იშენებენ, მსახურებად და მომვლელებად გაღატაკებული ქართველები ყავთ; ამ გაძარცულ და დამშეულ საქართველოში ესაც ხომ ერზე ზრუნვაა. რა ვუყოთ, რომ თვალი გაურბით და ყველას წილს ითვისებენ. მაშ როგორ, ვინც თაფლში ხელს ყოფს, ხელსაც არ ილოკავს. ამგვარი თაფლიანი ხელის მფლობელები მრავლად ყავს დასეული საქართველოს, მანამდე, სანამ თაფლის ხელსაც არ მიაყოლებენ.

პრივატიზაციიდან დაწყებული მიწების უცხოელებზე და ქართველ ბელტიყლაპიებზე უთავბოლო განიავებით, იმავე უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიჩუქებით; სოფელში გლეხების უმიწაწყლოდ დატოვების მასალები გადაჩხრიკეთ თუ ყველგან საქართველოს დამაქცევარმა სატანამ არ ამოყოს თავი. საინტერესოა, როგორ თავსდება ერთდ ეროვნული მოძრაობის ღრიალი და წინაპართა სისხლით და ოფლით შენარჩუნებული მიწების ასე დასავლეთის დემოკრატთა თითის ქნევით განიავება.

უფასო სწავლება, უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასოდ ბინების დარიგება, გარანტირებული სამუშაო და უამრავი სოციალური სიკეთე; წინაპართ ხსოვნის თაყვანისცემა; უფროსი თაობის პატივისცემა; ოჯახის სიწმინდის დაცვა; სექსუალური გაუკუღმართების, სიბილწის და გარყვნილობის სასტიკად დევნა იმპერიული და ანტიეროვნული ყოფილა და დემოკრატიის ნიღაბაფარებული სატანის კარნახით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი არის ეროვნულად ამოძრავება?!

ყოველგვარი სიკეთე ანტიეროვნულობისა და უბედურებისაკენ რომ შეატრიალეს იმპერიულის ღრიალით, ქართულმა ენამ რაღა დააშავა, საშუალო სკოლადამთავრებულ მოსწავლეებს ქართული ენის გრამატიკაზე ელემენტარული წარმოდგენა რომ არ აქვთ და ქართული მწერლობა აბუჩად რომ არის აგდებული, ესეც იმპერიულია? იციან თუ არა, რომ მხოლოდ რუსეთის შემოსვლის შემდეგ გაიხსნა პირველი სკოლა და აქტიურად დაიწყო წერა-კითხვის სწავლება; რომ თავად-აზნაურთა ოთხმოცდაათმა პროცენტმა წერა-კითხვა არ იცოდა და განცხადებაზე ხელის მოწერის ნაცვლად ჯვარს სვამდნენ. ამჟამინდელი დამოუკიდებლობის და მწერლობის მიმართ მართლაც იმპერიული დამოკიდებულების პირობებში გვეყოლებოდა დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და უამრავი ქართული მწერლობის მარგალიტები?!

რა უბედურებად ექცა საქართველოს ეროვნულ მოძრაობად წოდებული დაპროგრამებული რობოტების თარეში, ამის გამკითხავი არავინაა, პირიქით, ყბადაღებული ევროატლანტიკური იმპერიული ამბიციების მონები კვლავ ლანძღვა-ცილისწამებით ესხმიან თავს ქართელი ხალხის მეგობრად და მფარველად ყოფილ რუსეთს.

განა სამარცხვინო არ არის საქართველოში ევრო-ამერიკელთა საამებლად შეთხზული სიცრუის, ცილისწამების, უმადურობის და უსირცხვილოთა თვხედობის ნაყოფი ოკუპაციის მუზეუმი?!

ნეონაცისტ ნაციონალთა საზარელი პარპაში ქართველმა ხალხმა, ქართული ოცნებისადმი მხარდაჭერით დაამხო, მაგრამ მათ მიერ საქართველოზე მიყენებული ჭრილობების შეხორცება ვერ მოხერხდა, რადგან ევროამერიკელი მფარველები გააფთრებით იცავენ თავიანთ ძაღლიშვილებს, ესენიც ამ ჭრილობებში მატლებივით ფუტფუტებენ და შეხორცების საშუალებას არ აძლევენ. ახლა მრავალ პარტიად დაიშალნენ და მედუზა გორგონას სისხლიდან გამოჩეკილი ასპიტებივით მოდებული არიან მთელ საქართველოში და ხელისუფლების მიერ გატარებულ ყოველგვარ სასიკეთო ღონისძიებებს ეტლის თვლებში ჯოხივით ეჩხირებიან. ნეოფაშისტები ევროპაში რომ ვერ ბედავენ საბჭოთა მეომრების ობელისკების განადგურებას, ესენი აქ სპობდნენ სამამულო ომში დაღუპულ ქართველ მეომართა ობელისკებს. ვერ მოასწრეს საქართველოს დაშლა, მაგრამ ევროატლანტიკური მფარველების მიერ განებივრებული ეს უბედურება საშუალებას არ იძლევა ქვეყანამ შვებით ამოისუნთქოს, რაც არ აწყობთ ევროამერიკელ ბატონებს, რამეთუ გაერთიანებული და რუსეთის მეგობარი საქართველო ასე მონურ მორჩილებაში ვეღარ ეყოლებათ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მისი ნორმალური განვითარების საფუძველია, რომლის გასაღები რუსეთთან კეთილმეგობრობის აღდგენაა. ქვეყნის გაერთიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველაზე უფრო რუსეთს აწყობს თუ ევროამერიკელთა გოშია კი არა, რუსეთის მეგობარი იქნება. თუ არადა ნატოს ნოტებზე მორგებულმა წკავწკავმა შეიძლება ამდენი უმადურობით განაწყენებული ერთმორწმუნე, მეგობრად განწყობილი ქვეყანა ისეთ მტრად გვიქციოს, რომ ქართველი ერის მფარველმა ღვთებამაც ვეღარ გვიშველოს.

დამოუკიდებლობის და იმპერიულობის ღრიალი იმიტომ გვჭირდებოდა, რომ მართლა იმპერიის და მსოფლიო ჟანდარმის – ამერიკის შეერთებული შტატების გოშიის ყელსაბამი მოგვეპოვებინა და მისი ელჩად წოდებული მბრძანებელ მეფისნაცვლად მოგვლინებოდა?! მეოთხედ საუკუნეზე მეტია რა მოგვცა ევროკავშირის და ნატო-ს ლაქუცმა? – დემოკრატიად შენიღბული იმპერიული ამბიციებისადმი მონური მორჩილება!

თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი თავისი ხალხის სასიკეთოდ გაისარჯა ისე, რომ ამერიკა – ნატო-ს ინტერესებს ვერ მოერგო, მტრის ბრალდებით უნდა დაემხოს. კაცობრიობის ხსოვნას სამარცხვინოდ შემორჩება სერბიის, ერაყის, ლივიის დარბევა. სლობოდან მილოშევიჩის, სადამ ჰუსეინის, კადაფის მკვლელობებიამგვარი ბედი ელოდებოდა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, ვენესუელის ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს – მადუროს, ბელორუსიის 80 პროცენტზე მეტი ხმით არჩეულ ლუკაშენკოს. აქ კი რუსეთმა შეაჩერა მათი აგრესია და მთელ კაცობრიობას ამცნო, რომ მსოფლიო ჟანდარმის დაუსჯელად პარპაშის დრო დასრულდა.

საქართველოში კი პარლამენტის არჩევნების გახურებული მზადებაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფონზე. სასაცილოდ მოზღვავდა უამრავი პარტიების ხვავრიელი შეპირებები. 200-ზე მეტი პარტიაა საქართველოში, ყველა ცდილობს ბიუჯეტიდან დაფინანსების რიცხვში შეაღწიოს, თორემ თვითონ და ხალხმაც კარგად იცის რის მაქნისები არიან; სასაცილო შეპირება კი დასჯადი არ არის.

ყველაზე ენერგიულად ნაციონალმა ასპიტებმა დატბორეს ეთერი. ძალაუფლება და მისკენ ლტოლვა ისე რყვნის თავქარიან ადამიანს, რომ დაუნდობელ მხეცად აქცევს. დაუსჯელობის ილუზიის ბურუსში იქნევს განუკითხაობის მახვილს ეს მიწის პროდუქტი ქინქლა. რა ცოდვაც აწევთ ზურგზე ნაცისტ ნაციონალებს წლების სიმრავლე ვერ გაახუნებს. ახლა სადმე მღვიმეში შემალულები მუხლმოყრით შენდობას უნდა ითხოვდნენ, მაგრამ მფარველი ბატონების ერთგული ძაღლიშვილები გაცოფებით იწევენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

მხოლოდ ქართული ოცნებაა დინჯად რომ აგრძელებს საქმიანობას, მიუხედავად ზოგიერთი შეპირების შეუსრულებლობისა. რას ვიზამთ, ევროამერიკელ მბრძანებლებსაც ხომ აქვთ თვიანთი ინტერესები. ყველა ხელმოცარული თუ პარაზიტი პარტიები, ცალკეული პოლიტიკოსები და განაწყენებული ნაბღენძარი ბატონკაცები ერთად ესხმიან თავს ქართულ ოცნებას, არეულობის, ქვეყნის სტაბილურობის ამღვრევის პირობებში თბილი ადგილის მონადირების იმედით.

ფრთხილად საქართველო! თუ ოდესმე განსაცდელის წინაშე მდგარხარ, ახლა იმაზე საზარელი განსაცდელი უბეში გიძვრება.

 

 გივი სომხიშვილი