ილჰამ ალიევი – მაკრონმა რამდენჯერმე დამირეკა …

დაპირისპირების დასაწყისიდან ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ურთიერთსაწინააღმდეგო შეტყობინებებსა და მესიჯებს. თუმცა ვთვლი, რომ ორმხრივი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნება შევძლით, – ამის შესახებ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენჯერმე დაურეკა და მათი ბოლო საუბარი ძალიან პოზიტიური იყო.

”მაცნობეს, რომ საფრანგეთი, როგორც თანათავმჯდომარე, ნეიტრალური დარჩება, რადგან ეს არის თანათავმჯდომარის მანდატი. დღეს დილით მაცნობეს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ საფრანგეთი ნეიტრალური უნდა დარჩეს, რადგან ის არის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ პოზიციას და ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ყველა თანათავმჯდომარე უნდა დარჩეს ნეიტრალური, მათ ვინმეს მხარე არ უნდა დაიკავონ, რადგან სხვა საქციელი მათ მანდატს ეწინააღმდეგება. თითოეულ ქვეყანას ჰყავს მოკავშირეები, მეგობრები ეროვნულ დონეზე, რომელიღაც ქვეყანასთან უფრო აქტიური, ზოგიერთთან ნაკლებად აქტიური კავშირები აქვს. ეს ნორმალურია და ამას არავინ ეწინააღმდეგება. მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანას აქვს შუამავლის მანდატი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარე – სომხეთი და აზერბაიჯანი ელიან ნეიტრალიტეტს და ახლა ჩვენ ვხედავთ ამ ნეიტრალიტეტს. ამიტომ, ვთვლი რომ საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, აღარ არსებობს, ჩვენ დავხურეთ ეს გვერდი”, – განაცხადა ალიევმა.

კითხვაზე – თქვენ ემანუელ მაკრონს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეთ, იმისთვის, რომ სირიიდან 300 ჯარისკაცი თქვენს მხარეს საბრძოლველად გადაისროლეს, ილჰამ ალიევმა უპასუხა:

“დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და ველოდები მტკიცებულებებს. ჩვენს სხვა ოფიციალური პირებს არანაირი დოკუმენტი არ წარუდგინეს. მე ვთხოვე საფრანგეთის პრეზიდენტს, წარმოედგინა დოკუმენტები, ორგანიზება გაეკეთებინა კონტაქტებისთვის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებებისთვის, ამ ინფორმაციის გაცვლისთვის. ასეთი კონტაქტი შედგა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ. ვფიქრობ, რომ თუ არ არსებობს მტკიცებულება, ეს ჭორები წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენ არ გვყავს დაქირავებული მებრძოლები. ეს არის ჩვენი ოფიციალური განცხადება. შეტაკების დაწყებიდან 2 კვირაზე მეტი გავიდა და არც ერთმა ქვეყანამ არ წარმოგვიდგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. გარდა ამისა, ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვყავს არმია, რომელიც 100 ათასზე მეტი ჯარისკაცისგან შედგება. ყველაფერი, რასაც დღეს ბრძოლის ველზე ვაკეთებთ, ცხადყოფს, რომ რომ ჩვენს არმიას ძალუძს, თავად გაათავისუფლოს საკუთარი მიწები”.

წყარო: report.ge