15 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან შეარჩევენ.
ძველი კანონმდებლობის თანახმად კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით ეს ფუნქციები გაიყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.
“ინტერპრესნიუსი”