რუსეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან მებრძოლების მონაწილეობის გამო შეშფოთებას გამოხატავს.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის მხარის ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს.
„რუსეთის პრეზიდენტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საომარ მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან „ბოევიკების“ მონაწილეობის გამო. იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი, კონსტრუქციულ წვლილს შეიტანს კონფლიქტის დეესკალაციაში“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ორივე მხარე ჰუმანიტარული მიზნებით 10 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მნიშვნელობას ადასტურებს.
“აიპიენი”