გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას საჭიროდ მიიჩნევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი რუსეთთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა.

 

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ აპირებს მოსკოვთან დიალოგზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა. მაასის განცხადებით, მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნება საჭიროა საერთაშორისო კონფლიქტების დასარეგულირებლად.

„ჩვენ რუსებთან მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან ვართ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, ლიბიაში სიტუაციის დარეგულირებისა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში. ყველა ამ ფორუმის ფარგლებში საუბარი მიმდინარეობს ცეცხლის შეწყვეტაზე“, – აღნიშნა ჰეიკო მაასმა გამოცემა RedaktionsNetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში, რომელიც 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ინტერვიუს თარგმანს „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ინტერვიუში მაასმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და ლიბიაში სახეზეა პროგრესი, ამიტომ მოსკოვთან დიალოგი არ შეწყდება.

მაასმა ხაზი გაუსვა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად, რაც ევროპის მხრიდან სწრაფ და მკაფიო პასუხს მოითხოვს. „სამწუხაროდ, გერმანიას მოსკოვთან სხვა კონფლიქტური საკითხებიც აქვს. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან რთული რჩება“, – აღნიშნა მან.

“აიპიენი”