ადვოკატი კარტოგრაფებზე – საქმის გაცნობასთან ერთად საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ ეს 2 ადამიანი პოლიტპატიმარია

“კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ საქმის გაცნობასთან ერთად უფრო მეტად რწმუნდება ამ საქმეზე დაკავებულების უდანაშაულობით. ამის შესახებ მან პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.

„რაც უფრო მეტად ვეცნობი მასალას, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ორი ადამიანი პოლიტპატიმარია. მათ უდანაშაულობაშიც უფრო მეტად ვრწმუნდები. იმედი მაქვს, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მან.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებით.

წყარო: radiotavisupleba.ge