Human Rights Watch – ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულებს ცხოველებზე უარესად ექცევიან

ჩრდილოეთ კორეის წინასწარი დაკავების სისტემაში ხშირია სისტემური წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები, დაკავებულებს ცხოველებზე უარესად ექცევიან, – ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებულ პირობებზეა საუბარი.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ეჭვმიტანილებს „ცხოველზე ნაკლები ღირებულება” აქვთ.

„ჩრდილოეთ კორეის წინასწარი დაკავების და გამოძიების სისტემა თვითნებური, ძალადობრივი, სასტიკი და დამამცირებელია. ჩრდილოეთ კორეელების განცხადებით, ისინი მუდმივ შიშში არიან, რომ არ მოხვდნენ სისტემაში, სადაც ერთადერთი გამოსავალი არის ქრთამი და კავშირები. იქ ეჭვმიტანილებს ცხოველზე ნაკლები ღირებულება აქვთ,“- ნათქვამია Human Rights Watch– ის აზიის დირექტორის, ბრედ ადამსის, მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

88-გვერდიანი ანგარიში 22 ყოფილი დაკავებულისა და 8 ყოფილი ოფიციალური პირის ინტერვიუებს ეფუძნება. CNN-ის ინფორმაციით, ყველა მათგანმა 2011 წლის შემდეგ, კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან, ჩრდილოეთ კორეა დატოვა.

Human Rights Watch-ი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას მოუწოდებს, “შეწყვიტოს წამება და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა წინასწარი დაკავებისა და დაკითხვის ობიექტებში”.

ჩრდილოეთ კორეა გამუდმებით უარყოფს ნებისმიერ ინფორმაციას საკუთარ საზღვრებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

წყარო: report.ge