აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჯებრაილის რაიონში მდებარე 13 სოფელი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ Anadolu წერს.
ქვეყნის პრეზიდენტმა სოფლების ჩამონათვალი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დაარღვია და შეტევით მოქმედებაზე გადავიდა. მისივე თქმით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის არმიის ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
“იმედი”