„ის, რომ ბიზნესი იზღუდება და სახელმწიფო აპარატის შენახვა იგივე ჯდება, სწორად არ მიმაჩნია”, – ეს განცხადება ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ე.წ. „ლოქდაუნის“ განმეორების შესაძლებლობას შეეხებოდა.
ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ცალმხრივად ისევ ბიზნესის შეზღუდვა არასწორი იქნება.
„საპირწონედ რომ დავდოთ ბიზნესის განვითარება თუ ადამიანის სიცოცხლე, რა თქმა უნდა, სჯობს შეზღუდვები იყოს, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ ეს შეზღუდვები უნდა დაწესდეს ისე, რომ თანაბრად გავრცელდეს ყველასთვის; ის, რომ ბიზნესი იზღუდება და სახელმწიფო აპარატის შენახვა იგივე ჯდება, არ მიმაჩნია სწორად. თუ ერთი იზღუდება, ბალანსი უნდა იყოს და მეორეც იზღუდებოდეს. შეზღუდვა მარტო კერძო სექტორის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა ჭყონიამ.
ცნობისთვის: ე.წ. „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში covid-19-ის ინფიცირების შემთხვევები ძალიან გაიზარდა, თუმცა მთავრობა ირწმუნება, რომ ჯერჯერობით, ეკონომიკის ისევ დაკეტვას არ გეგმავენ.
წყარო: bm.ge