კახეთში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო ინფორმაციით, კახეთში, კორონავირუსის 181 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

მუნიციპალიტეტების მიხედვით ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ასეთია : ახმეტა -21 ; გურჯაანი -24; დედოფლისწყარო -5; ყვარელი -36; სიღნაღი – 26; ლაგოდეხი -23; თელავი – 45 და საგარეჯო – 1.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 31 ​კოვიდკლინიკაში მკურნალობს, 85 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 5 იმყოფება კარანტინში, 60 პირი კი გამოჯანმრთელდა.
ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეგიონში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სამ საკარანტინო სივრცეში 159 მოქალაქე იმყოფება, ხოლო საკუთარ საცხოვრებელ სახლებში თვითიზოლაციაში 532 ადამიანი. .

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს კოვიდ 19 -ით ინფიცირება დაუდგინდა თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პედაგოგს კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

“სპეციფიკური ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ ხერხდება კონტაქტების იდენტიფიცირება სრულყოფილად. სკოლის ადმინისტრაციის, რესურს ცენტრის და საზ. ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. პროტოკოლის გათვალისწინებით ყველა პირს ჩაუტარდება ტესტირება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”