ხვალიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება.
ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც თანამედროვე ტიპის ელექტროავტობუსები იმოძრავებს. პირველ ეტაპზე, ხაზზე 5 ავტობუსი გავა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სულ 8 ერთეული ელექტროავტობუსი შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 4 მილიონი ევროა. ტრანსპორტი 70 მგზავრზეა გათვალისწინებული და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვისაა ადაპტირებული.
„მიუხედავად პანდემიისა, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო პარკის ეტაპობრივად განახლებას გულისხმობს, არ გაჩერდა. ესაა თანამედროვე სერვისებით აღჭურვილი ავტობუსები, შშმ პირებზე ადაპტირებული“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
დღეს აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. ბათუმში დღის განმავლობაში 115 ავტობუსი და 250 მიკროავტობუსი იმუშავებს, საჭიროების შემთხვევაში, რაოდენობა გაიზრდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენისა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
“იმედინიუსი”