ინტერვიუ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანთან
თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი აცხადებს, რომ თურქეთს სამხრეთ კავკასიაში პერმანენტული მშვიდობა სურს და ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს. როგორ წარმოუდგენია ამ ომში საქართველოს როლი და რა მოხდება, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში რუსეთი ჩაერთვება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “კვირის პალიტრას” ექსკლუზიურად ესაუბრა:
– ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები აძლიერებს საფრთხეს, რომ შესაძლოა კონფლიქტში სხვა ძლიერი აქტორებიც ჩაერთონ. სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრი ქვეყანაა და შესაბამისად, რუსეთს აძლევს შესაძლებლობას უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესში. საერთაშორისო საზოგადოებრიობა მხარეებს მუდმივად მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ. თუმცა გასაკვირად რიხიანი იყო თურქეთის რიტორიკა, იმაზე მეტადაც, ვიდრე თავად აზერბაიჯანის. საინტერესოა, რა სტრატეგია აქვს თურქეთს და პრეზიდენტ ერდოღანს”?
– მას შემდეგ, რაც სომხეთმა დაბომბა განჯა, სწორედ მანდ დასრულდა 10 ოქტომბრის შეთანხმებაც. საომარი მოქმედებების მიზანია აზერბაიჯანმა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორია, ხოლო კონფლიქტის გამოწვევის მიზეზი ივლისში სომხეთის მიერ ყარაბაღიდან ბევრად შორს, აზერბაიჯანის მხარეს მდებარე თავუზის დაბომბვა გახდა. შემდეგ უკვე საზღვარზე გაგრძელდა შეტაკება და აზერბაიჯანი იძულებული გახდა მოწინააღმდეგისთვის პასუხი გაეცა.
თურქეთის პოზიცია ძალზე ნათელია – ჩვენ არა ვართ კონფლიქტის მონაწილე მხარე, მაგრამ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სურვილს, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია და ასევე გააუვნებლოს ის საფრთხე, რომელიც აზერბაიჯანს ემუქრება ამ ოკუპაციის გამო.
ჩვენი მხარდაჭერა ეყრდნობა ტერიტორიული მთლიანობისა და ლეგიტიმური თავდაცვის პრინციპს – ეს საერთაშორისო იურისპრუდენციის მთავარი საკითხია. თურქეთი ამ პრინციპით უჭერს მხარს როგორც უკრაინას, ისე საქართველოს. 30 წელია “მინსკის ჯგუფი” (თურქეთიც ამ ჯგუფის წევრია) ცდილობს მიაღწიოს ამ კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა ეს შეთანხმება არ ნიშნავს მშვიდობას.
თურქეთი აცხადებს, რომ ამ კონფლიქტის გაყინვა იწვევს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პერიოდულად დარღვევას, კონფლიქტის ესკალაციას. აქედან გამომდინარე, “მინსკის ჯგუფის” თანათავმჯდომარეები – აშშ, რუსეთი და საფრანგეთი, აქტიური დიპლომატიით უნდა შეეცადონ პრობლემის ძირეულად მოგვარებას. მსგავსი შეტაკებები 2016 წელსაც მოხდა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და “მინსკის ჯგუფი” დღემდე ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას. ვინ მიიღო ამით სარგებელი? სომხეთმა. მან, როგორც ოკუპირებულ ყარაბაღში, ისე მიმდებარე ტერიტორიებზე შუა აღმოსავლეთიდან დაიწყო ახალი დასახლებების შექმნა.
მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გახდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ მოლაპარაკება განახლდებოდა, თუმცა საქმე წინ ვერ წავიდა. მე თუშეთში ვიყავი, როცა გავიგე, რომ სომხეთი თავს დაესხა თავუზის რაიონს, სადაც ყველა ენერგეტიკული და სტრატეგიული კომუნიკაცია გადის, ანუ იმ პროექტების ლოკაციებს, რომლებზეც ჩვენ 30 წელია ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ამერიკასთან ერთად.
მე ასეთი კითხვა მაქვს: რა მიზანი ჰქონდა სომხეთს, როცა თავუზს თავს დაესხა?
ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ადრეც იყო ინციდენტები, თუმცა თავუზის შემდეგ ეს უფრო ინტენსიური გახდა. ამის გამო თურქეთი არაერთხელ შეხვდა “მინსკის ჯგუფის” წევრებს, რადგან ვითარება სასწრაფო დიპლომატიურ ჩარევას საჭიროებდა, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს, და შემდგომ, როცა კონფლიქტი დაიწყო, გაისმა მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ არავის წარმოუდგენია სამშვიდობო გეგმა.
თუკი აზერბაიჯანს, რომელსაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სურს, ცეცხლის შეწყვეტას მოუწოდებენ, პარალელურად სომხეთსაც უნდა მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს ოკუპაცია, თავდასხმები და მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.
თურქეთის პოზიცია არის ძალიან მტკიცე – ამ რეგიონში უნდა იყოს პერმანენტული მშვიდობა და ამ საკითხით სპეკულირება ბატონ ერდოღანთან დაკავშირებით, არასწორია.
– მე ერდოღანში თურქეთი ვიგულისხმე.
– რა თქმა უნდა, ბატონი ერდოღანი არის პრეზიდენტი და ის ქვეყნის ინტერესების უმაღლესი გამხმოვანებელია, თუმცა ბევრ პროპაგანდისტულ სტატიას ვკითხულობ, თითქოს ის ოსმანური იმპერიის აღორძინებაზე ფიქრობს და ეს თურქეთის ექსპანსიური პოლიტიკაა. რა თქმა უნდა, ეს მტკნარი სიცრუეა. თურქეთის დიდი ნაწილი ხედავს, რომ დღეს აზერბაიჯანის უფლებები შელახულია და ეს არ არის მხოლოდ ეთნიკური კავშირებით განპირობებული სიმპათია.
– რატომ? “ერთი ერი, ორი სახელმწიფო” – ეს ფრაზა სწორედ იმ განწყობას არ გამოხატავს, რომელსაც თქვენ უარყოფთ?
– რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, მაგრამ თურქეთის რეაქციის მიზეზი არის ის უსამართლობა, რომელიც აზერბაიჯანთან დაკავშირებით ხდება.
– თქვენ საქართველო და უკრაინის მხარდაჭერა ახსენეთ. ასევე ამბობთ, რომ თურქეთი ჩაგრულს ეხმარება (მსგავსი რამ პრეზიდენტმა ერდოღანმაც განაცხადა), თან რეგიონში პერმანენტული მშვიდობა გსურთ, თუმცა მე არ მახსენდება თურქეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოს შესახებ მსგავსი განცხადებები. საქართველოც დაჩაგრულია, ჩვენც გვაქვს ტერიტორიები დაკარგული და ჩვენი ბრძოლაც სამართლიანია…
– ახლავე შეგახსენებთ, თუ არ გახსოვთ – 2008 წლის ომის შემდგომ მაშინდელი თურქეთის პრემიერი, ამჟამად კი ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი საქართველოში ჩამოვიდა და ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართა მაშინდელ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად. იმ პერიოდიდან მოყოლებული, თურქეთის განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოს წევრობის შესახებ აზერბაიჯანის მხარდაჭერაზე სუსტი არ არის…
– თუმცა, ვფიქრობ, ამ მხრივ ქმედითი უფრო აზერბაიჯანისთვის მხარდაჭერაა.
– ეს ორმხრივია. ჩვენ აზერბაიჯანს მხარს ვუჭერთ იმ დონეზე, რამდენსაც ითხოვს, რამდენიც დასჭირდება, იმდენს დავეხმარებით. აზერბაიჯანს არა აქვს მოთხოვნა, მაგალითად, ნატოში გაწევრებაზე. ასევე არა აქვს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა. თუ შევადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მაგალითად, თურქეთს უკრაინასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დრონების მიყიდვაზე. ჩვენ დრონები მივყიდეთ აზერბაიჯანსაც. თუ საქართველოსაც ექნება ამგვარი მოთხოვნა, საქართველოსაც მივყიდით.
რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, ჩვენ ერთსა და იმავე ენაზე ვსაუბრობთ. ეს არის შვედეთისა და დანიის მსგავსი შემთხვევა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრინციპები უცვლელია.
თუ ვიფიქრებთ, რომ აზერბაიჯანი ჩაერთო კონფლიქტში, რომელიც არ არის ლეგიტიმური, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, ჩვენი მიზანია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება.
სომხეთში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზა.
რუსეთი ორივე მხარეს – აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც იარაღს აწვდის, იმ განსხვავებით, რომ აზერბაიჯანი მისგან ყიდულობს, ხოლო სომხეთს ჩუქნის გრანტის სახით. მაგალითად, აშშ-ის კონგრესი და სენატი აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, იმავდროულად კი არ შეახსენებენ სომხეთს, რომ ის არღვევს გაეროს რეზოლუციებს, რომ უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ჩვენ ვხედავთ რა ამ მდგომარეობას, ვამბობთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანს, და რეაქცია, რომელიც რატომღაც ჩვენს საწინააღმდეგოდ არის მომართული, არც მე მესმის და არც თურქეთს. ჩვენ ყველას საჯაროდ ვეუბნებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კავკასია და ბალკანეთი, სადაც არაერთი კონფლიქტი იყო და შესაბამისად, მყიფე მდგომარეობაა, ორმაგი სტანდარტი ძალიან საშიშია.
თურქეთი არ არის კონფლიქტის მონაწილე, კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის დამყარება ჩვენთვის უმთავრესია. ეს რომ არ გვინდოდეს, 2009 წელს სომხეთთან არ დავიწყებდით “ციურიხის ოქმების” პროცესს. ჩვენ გვინდა რეგიონის ამ ნაწილში ქვეყანა, რომელსაც არ ექნება პრეტენზიები მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსა და თურქეთთან.
თურქეთის სურვილია მადრიდის შეთანხმებისა და “მინსკის ჯგუფის” ფორმატის თანახმად, სომხეთმა გაიყვანოს ძალები 7 ოკუპირებული რაიონიდან და გაგრძელდეს მოლაპარაკება, მაგრამ ამის მისაღწევად არაფერი გაკეთებულა.
ყარაბაღის კონფლიქტში ჩვენ ვხედავთ სამ პროპაგანდისტულ მიმართულებას:
1. სომხეთი აცხადებს, რომ თურქეთს მისი განადგურება სურს. სომხეთი პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს მიყენებულ ტრავმას დღემდე ვერ ინელებს…
– 1915 წლის გენოციდს გულისხმობთ?
– ჩვენ არ ვცნობთ გენოციდს. სომხეთი ამ განწყობას საზოგადოებას აწვდის იმდაგვარად, რომ შენიღბოს ოკუპაცია და თურქეთი წარმოაჩინოს ამ კონფლიქტის მხარედ, მაშინ როცა აზერბაიჯანისთვის თურქეთის მხარდაჭერა არ განსხვავდება სომხეთისთვის რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის მხარდაჭერისგან. გარდა ამისა, თუ ვახსენებთ ასი წლის წინანდელ ტრაგედიას, უფრო ზნეობრივი იქნება გავიხსენოთ, 1992 წელს ხოჯალიში მომხდარი ტრაგედიაც.
– კი მაგრამ, თქვენ მიერ ხსენებული ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, განსხვავებით თურქეთისგან, რომელიც არ გამორიცხავს თავადაც კონფლიქტში ჩართვას.
– თურქეთს არასდროს განუცხადებია, რომ კონფლიქტში ჩაერთვება!.. თურქეთი შეიძლება კონფლიქტში ჩაერთოს იმ შემთხვევაში, თუ თავს დაესხმებიან მის ტერიტორიას.
მედია პროპაგანდისტულად სპეკულირებს თემით, როდის ჩაერთვება თურქეთი კონფლიქტში, არის ერთგვარი მოთხოვნა, თურქეთმა განაცხადოს, რომ არ ჩაერთვება ომში. მაშინ ასეთივე მოთხოვნა უნდა წავუყენოთ გერმანიას, საფრანგეთს… რუსეთმა თუ განაცხადა, რომ ომში არ ჩაერთვება?! ყველაფერი კეთდება, რომ თურქეთი ეჭვმიტანილის როლში აღმოჩნდეს. მიდის სპეკულაციები იმაზე, რაც არ გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ. ამის მიზეზი ის არის, რომ სომხეთი თავისი დიასპორის გამოყენებით ცდილობს დააფიქსიროს თავისი სურვილები, გამოიყენოს ყველა პრობლემა, რაც კი არსებობს ხმელთაშუა ზღვისა თუ სრუტეების ქვეყნებთან. სომხეთმა შეთანხმებებს მიაღწია თურქეთის მოწინააღმდეგე ბანაკში. ამის პარალელურად რა ხდება? ვანში სომხური აღთამარის ეკლესიის რესტავრაცია თურქეთმა გააკეთა და სექტემბერში იქ წირვა ჩატარდა. კოვიდკრიზისის დროს თურქეთში მომუშავე სომხეთის მოქალაქეები თურქეთმა საქართველოს გავლით გაგზავნა სამშობლოში. თურქეთში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს, ასევე უამრავი სომხეთის მოქალაქე ჩადის თურქეთში სამუშაოდ. სომხეთის ხელისუფლება ცდილობს დაამკვიდროს სტერეოტიპი, რომ თურქეთი მტერია, რაც არ შეესაბამება რეალობას.
2. პროპაგანდისტული კამპანია ცდილობს წარმოაჩინოს ეს კონფლიქტი როგორც ომი ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის. უფრო შორსაც წავიდნენ – თითქოს თურქეთმა სირიიდან ჯიჰადისტები ჩამოიყვანა.
– ეს პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა. მე ეს შეკითხვა შეგნებულად არ დაგისვით, რადგან აზერბაიჯანი შიიტური სახელმწიფოა და სუნიტი ჯიჰადისტების შიიტების დასახმარებლად ჩამოსვლა წარმოუდგენლად მეჩვენება…
– გეთანხმებით, ნეტავ, ვის ტვინში მოიხარშა, თითქოს შესაძლებელია სუნიტი ჯიჰადისტები ჩამოიყვანო შიიტების დასახმარებლად? ასეთი განცხადებების მიზანი არის მხოლოდ ერთი – დასავლეთი ძალიან მტკივნეულად რეაგირებს სიტყვა “ჯიჰადისტებზე” და ამიტომაც აქვს მძაფრი რეაქცია.
3. პროპაგანდის იქით არსებობს კიდევ დიასპორის პოლიტიკა და ეს საქართველოზეც აისახება. სომხეთის დიასპორა ცდილობს ერთმანეთს დააპირისპიროს აზერბაიჯანული და თურქული თემები, საზოგადოება. ივლისში ჩვენ ეს ვნახეთ ამერიკასა და ევროპაში.
სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოშიც ცხოვრობენ და ჩვენ აქაც დავინახეთ ერთმანეთზე წაქეზების ერთგვარი პოლიტიკა. თურქეთის შეფასებით, ეს ძალზე სახიფათოა – ერთია ომის და ომის იურისპრუდენციის შესაბამისად მიმდინარე სამხედრო მოქმედებები, მეორე კი ომის გამოყენება საზოგადოების რადიკალიზაციის მიზნით, რათა აღიკვეთოს ომის მშვიდობიანად დასრულების პერსპექტივა. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ. მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ჯერჯერობით კარგად იჭერს ვითარებას, მაგრამ მოხდა უსიამოვნო ფაქტებიც. სამწუხაროდ, სომხეთის პოლიტიკა გზას უხსნის მესამე მხარის მიერ შუღლის გაღვივების მცდელობას.
ჩემი მესიჯი ასეთია: თურქეთი არის აზერბაიჯანის მოძმე ქვეყანა. ჩვენ საერთოენობრივი კავშირი გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არის ობიექტური და მიუკერძოებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ რეგიონში გვჭირდება პერმანენტული მშვიდობა. “ჩვენში” ვგულისხმობ არა მარტო თურქეთს, არამედ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.
– სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა ვითარება შეადარა მიუნხენის ხელშეკრულებას, რითაც ფაშისტურ გერმანიას ჩეხეთის დაპყრობის საშუალება მიეცა. რუსი პოლიტიკოსები დაუფარავად აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხარდაჭერით თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერების სურვილი გამოხატა, რაც შესაძლოა რუსეთის გეოპოლიტიკური მარცხიც გახდეს. მათი განცხადებით, რუსეთი, რომელმაც თავის დროზე ოსმალეთის იმპერიას გამოსტაცა სამხრეთი კავკასია, ვერ დაუშვებს რეგიონში ორი მოთამაშის არსებობას. რა თქმა უნდა, ირანის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელსაც ასევე აქვს ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. რას მოიმოქმედებს თურქეთი, თუ კონფლიქტში ეს სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან?
– ისტორიაზე დაყრდნობით დღევანდელი პოლიტიკის წაკითხვა ძალიან მცდარია. არსებობს საქართველოს სახელმწიფო, ასევე არსებობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოები. რუსმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ნეოსტალინისტურ მოსაზრებებს.
ჩვენ 1992 წლიდან ვცდილობთ სამხრეთ კავკასიის ამ სამ ქვეყანასთან თანამედროვე, სრულფასოვანი და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარებას. სომხეთის დამოუკიდებლობა პირველმა თურქეთმა აღიარა. ჩვენ ვერ დავამყარეთ სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, რადგან მას აზერბაიჯანის მიწები ოკუპირებული აქვს. მიუხედავად ამისა, გვაქვს საკონსულო ურთიერთობები. საქართველოსა და აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობა გრძელდება ურთიერთინტერესების და პატივისცემის საფუძვლებზე.
ძალიან მაინტერესებს ჩვენი ევროპელი მოკავშირეების რეაქციაც. ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის გამო სანქციები დაუწესა. ფაშინიანი აცხადებს, რომ “ჩვენ უნდა ვაღიაროთ ყარაბაღის დამოუკიდებლობა”. თუ ფაშინიანმა ცნო ყარაბაღის დამოუკიდებლობა და მოახდინა მისი ანექსია, მაინტერესებს, ევროკავშირი თუ დაუწესებს სანქციებს სომხეთს? მშვიდობისთვის მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ პრობლემის ამოწურვა, ამ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტა. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში არ განახლდეს კონფლიქტი.
– თუ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტაა საჭირო, ამით მშვიდობა ხომ ვერ დამყარდება? ჩვენც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენთანაც მუდმივად არის კონფლიქტის პროვოცირების მცდელობა. ჩვენ, ფაქტობრივად, ომი გვიწევს რუსეთთან.
– მართალი ხართ!..
– როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ რუსეთი ჩაერთვება კონფლიქტში?
– რა თქმა უნდა, რუსეთს სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესები აქვს. ის არის სამხრეთ კავკასიაში! მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში უნდა დამყარდეს ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ყველა მხარე აღიარებს დანარჩენი მხარეების ინტერესებს.
– ზემოთ ახსენეთ, რომ 30 წლის განმავლობაში ეს პრობლემა არ გადაიჭრა და ამიტომ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა ძალისმიერი გზით დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორია. გამოდის, გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ისევ ძალისმიერი გზაა?
– ასე არ არის, რომ ერთ დღეს აზერბაიჯანმა გაიღვიძა და ეს გადაწყვეტილება მიიღო. უნდა გავითვალისწინოთ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ – სომხეთი თავად დაესხა თავს ისეთ დროს და ადგილას, სადაც აზერბაიჯანი არ ელოდა. აზერბაიჯანს არ უფიქრია, რომ მინსკის მოლაპარაკების პროცესი დასრულდა ან უშედეგოა. აზერბაიჯანის რეაქცია მხოლოდ თავდასხმას მოჰყვა.
თუ მთიანი ყარაბაღის ისტორიას გადავხედავთ, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს აქვს დაშვებული შეცდომები. მაგრამ ახლა ლაპარაკია დღევანდელობაზე, დღეს უნდა მოხდეს თარიღისა და ნარატივის სწორად დაფიქსირება. საქართველომ კარგად იცის, რომ თუ დღეს არ მოვახდენთ ფაქტების სწორად კონსტატაციას, მომავალში შეიძლება ისტორია დამახინჯდეს ან საერთოდ შეიცვალოს.
– პასუხი ვერ მივიღე და მინდა ისევ გკითხოთ – თუ რუსეთი ჩაერთვება კონფლიქტში და დაეხმარება სომხეთს, როგორი იქნება თურქეთის რიტორიკა?
– პირველი, რასაც გავაკეთებთ, ჩვენს მოკავშირეებს დაველაპარაკებით. თუ ეს მართლაც მოხდა, მაშინ რა ელის “მინსკის ჯგუფს”? რუსეთი ამ ჯგუფის თანათავმჯდომარეა. თუ ის სომხეთში სამხედროებს გაგზავნის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, მაშინ საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ სხვა თანათავმჯდომარეები – აშშ, საფრანგეთი და გერმანია, რომელიც ასევე “მინსკის ჯგუფის” წევრია. თუ ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფორმატში მოხდა – თქვენ, ალბათ, ამას გულისხმობთ – მაშინ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა. სომხეთი და აზერბაიჯანიც ასევე თანამშრომლობენ ნატოსთან. კითხვა, თუ ასე მოხდა, თქვენ რას მოიმოქმედებთო, არის საერთაშორისო ურთიერთობების ძალზე გამარტივება. თურქეთს მოლაპარაკებები აქვს რუსეთთან სირიასა და ლიბიაში კონფლიქტების დასრულების თაობაზე. ჩვენი პრეზიდენტი ესაუბრა ევროსაბჭოს თავმჯდომარეს, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი თავის კოლეგებს მუდმივად ესაუბრება. საერთაშორისო ურთიერთობები დიპლომატიური თამაშები არ არის. თქვენ ხართ ჟურნალისტი და ჩემგან კონკრეტულ პასუხს ითხოვთ, თუმცა ეს მარტივი არ არის.
– ყარაბაღის ომში საქართველო ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. როგორ აფასებს თურქეთი ასეთ მიდგომას და კიდევ რა გვმართებს ჩვენ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად?
– საქართველოს სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა თქვენი პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია. მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, შესაძლოა საგარეო პოლიტიკა პრიორიტეტული არ ჩანს, მაგრამ ამ დროს საქართველოს ორ მეზობელს შეიარაღებული კონფლიქტი აქვთ. ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია არ მოიმოქმედოთ ისეთი რამ, რასაც კონფლიქტში ჩართული მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. მე მჯერა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყება ყველა საჭირო ზომას მიიღებენ და ფაქიზად მიუდგებიან ამ საკითხს. საქართველოს აქვს პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და საჭიროა მივდიოთ ამ პრინციპებს.
ვფიქრობ, საქართველოს ამ საკითხში სწორი პოლიტიკა აქვს: 1. ის პრინციპულ პოზიციას ყოველთვის აფიქსირებს; 2. ცდილობს იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან კონფლიქტის დასრულებისა და რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის. 3. სამართლიანი პოზიციაა, რომ საქართველოს არ სურს გამოაყენებინოს საკუთარი ტერიტორია შეგროვებული ფულით იარაღის შეძენისა და გაგზავნისთვის. ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, რადგან თურქეთი ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველოს საზღვრები დემარკირებული აქვს. ჩვენ არა გვაქვს ამგვარი პრობლემა ერთმანეთთან. საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ, აქვთ საერთო დასახლებები, ერთად ცხოვრების კულტურა კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მესამე მხარეების მიერ შემოგდებული მცდარი და მახინჯი პროპაგანდა მიმდინარეობს. მთავარია, ამ პროპაგანდის გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი. მაგალითად, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლენა ნაზარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთვის გარანტია იმისა, რომ თურქეთმა არ მოახდინოს საქართველოს ოკუპაცია. აი, ასეთ ფაქტებთან გვიწევს გამკლავება. საქართველომ ასეთ პროპაგანდას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.
წყარო: kvirispalitra.ge