ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორის განცხადებაs ეხმაურება.
უგულავას თქმით, ფერნანდესის განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები აქტიურად დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და არ დაუშვებენ რაიმე ტიპის გადაცდომას, დაშინებასა და ზეწოლას.
უგულავას თქმით, ეს გზავნილი ხელისუფლებისთვის არის წითელი ბარათის ჩვენება.
“სრულიად ცალსახაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აღარ დაუშვებენ და აღარ მოითმენენ იმას, რომ ივანიშვილმა კვლავ უზურპაცია გააკეთოს არჩევნების, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების და ფალსიფიკაციის გზით იაროს.
პირდაპირ არის მითითებული, რომ 2018 წლის არჩევნები აღარ უნდა განმეორდეს, რომ ქართულ ოცნებას ეს აღარ შერჩება, შეშფოთება არის გამოთქმული გასული წლის განმავლობაში მიმდინარე პერიპეტიებთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლება დაჭერებს, ძალადობას და ყველანაირ სიბინძურეს მიმართავდა იმისთვის, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოეხდინა.
ასევე, იმისთვის, რომ სახელისუფლებლო პროპაგანდამ არ გამოიყენოს კარგი ნაწილები მხოლოდ, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები გვესაუბრებიან როგორც პარტნიორ სახელმწიფოს და, ბუნებრივია, საქართველოს ქებაცაა, იქვე არის მიყოლებული, რომ ეს ქება არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას შერჩება რაიმე ტიპის გადაცდომა ამ არჩევნებზე.
პრაქტიკულად, ეს არის წითელი ბარათის ჩვენება და ასევე მითითებულია, რომ ეპიდემიოლოგიური სურათის სიმძიმის გამო ნაკლები დამკვირვებელი არ ნიშნავს, რომ აშშ ამ არჩევნებს არ აკვირდება, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სუფთად, სამართლიანად და არავის არ ეპარება ეჭვი, რომ სუფთად და სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებში ივანიშვილი და ქართული ოცნება დამარცხდება და დადგება ცვლილებები ამ ქვეყანაში” – განაცხადა უგულავამ.
წყარო: on.ge