ძალიან მიჭირს, შევაფასო ირანული „ტააროფი“ – ირანში მიღებული სასაუბრო ეტიკეტის მეტად რთული და საინტერესო სისტემა, რომელიც ამ ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილია.
ყოველი ეს სამ-სამჯერ უარის თქმა, მაღალფარდოვანი მადლობები (როდესაც შენ, თითქოს, მხოლოდ ხელსახოცი გადააწოდე მოსაუბრეს) და ყოვლად არასანდო, ფასის არმქონე დარწმუნებები და დაპირებები.
მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია მაღაზიაში:
მყიდველი: რა ღირს ეს?
გამყიდველი: არაფერი.
მყიდველი: არა, მართლა, რამდენი?
გამყიდველი: არაფერი არ არის საჭირო. მართლა, მე ამას ჩემი სარგებლისთვის არ ვაკეთებ.
მყიდველი: არა, სერიოზულად – რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
გამყიდველი: 200 თუმანი.
მყიდველი: ძვირია. იქნებ ფასი დამიკლოთ?
გამყიდველი: არანაირი ფასდაკლება, ეს რეალური ფასია.
ან სხვა ვითარება, ამას წინათ, სტუმრად ყოფნისას, მოდის გოგონა. ზღურბლიდანვე ამბობს, რომ ბინაში სიცივეა. მას სთავაზობენ პლედს, იგი უარს ამბობს და განაგრძობს სიცივეზე საუბარს. მას კიდევ სთავაზობენ პლედს და იგი კვლავ უარს ამბობს. ისევ სიცივეზე წუწუნებს. იგივე მეორდება – სთავაზობენ პლედს და იგი უარს ამბობს, თან სიცივეზე წუწუნებს.
შემდეგ, ერთ-ერთი ირანელი უბრალოდ იღებს პლედს და პირდაპირ ხელებში აჩეჩებს გოგოს. ისიც კმაყოფილია, მას უკვე აღარ სცივა და გუნებ-განწყობაც მშვენიერი აქვს, აღარ წუწუნებს.
მე, როგორც უცხოელი, ვსარგებლობ ჩემი უპირატესობით, მაქვს რა ნებისმიერი შეკითხვის დასმის უფლება და ვეკითხები ამ გოგოს: „რატომ თავიდანვე არ აიღე პლედი?“ – თან ჩემთვის ვფიქრობ, რას აგვიდუღე ტვინი თითქმის ერთი საათი, სიცივეზე წუწუნით; გოგონას პასუხი: „ტააროფე დიგე“, რაც სპარსულად ნიშნავს: „ეს ხომ ტააროფია!“
ნიკიტა სმაგინი,
სააგენტო ТАСС-ის კორესპონდენტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში
P.S. “ნიუსფრონტისგან“ (ხუმრობით): ეს ვითარება ცოტაოდენ მაინც წააგავს დასავლეთ საქართველოს, იქაურ სტუმრის მიპატიჟების ეტიკეტს, ისეთს, როგორიც დავით კლდიაშვილის მოთხრობებშია ასახული და ემპირიულად დადასტურებული. საკვირველი ის არის უბრალოდ, რომ სპარსელების ხასიათის ამ ნიშნით დასავლეთი საქართველო უფრო ჰგავს, ვიდრე კუშტი და პირდაპირი აღმოსავლეთი საქართველო, რომელსაც სპარსლებთან ურთიერთობის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, გეოგრაფიული და ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე.