მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
“ზვიადისტების” ე.წ. “სტრატეგია” – საქართველო უნდა გახდეს სამხრეთ კავკასიის ერთგვარი მეთვრამეტე საუკუნის ჩეჩნეთი (ოღონდ უფრო ძლიერი) და ჰპოვოს იდენტობა რუსეთის იმპერიის ლანძღვა-გინებაში. ოღონდ დათქმით: რუსული ფული არ ყარს.
“ჯაბისტების” ე.წ. “სტრატეგია” – საქართველო უბდა გახდეს მსოფლიოში უნიკალური ქურდულ-ჯიგრული სახელმწიფო. მიმიქრავს იტალია და ალბანეთი. ნუ, ფული არ ყარს განსაზღვრის თანახმად. რუსებს ვაგინოთ, ოღონდ ინერციით. მსოფლიო ძლიერებს, ყაჩაღებს (ანუ ყოჩაღებს) და მამაცებს ეკუთვნის – დანარჩენებმა წინაპრებიდან შემორჩენელი ნივთების გაყიდვით ირჩინონ თავი.
“ედუარდისტების” ე.წ. “სტრატეგია” – კისერიც გიტეხიათ და რაც გინდათ ის აკეტეთ, გნებავთ მთელი საქართველი გაგიტანიათ აუქციონზე, ოღონდ ჩვენ ძალაუფლებასა და მონაგარს არ შეეხოთ. ფული ყარს კი არა, შესანიშნავი სუნი აქვს, დაახლოებით ისეთი, როგორც “ჰილტონის” გაქათქათებულ ტუალეტში დგას დილის დეზინფექციის შემდეგ. რაც შეეხება გინებას – სისინი და ორმაგი თამაში მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე მუშტების ბრაგუნი, თორემ, რასაკვირველია, დასავლეთს უნდა შევეტენოთ. იდეალში (რომელიც მიუღწეველია) საქართველო ერთი პატარა ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს – ოღონდ რუსეთის ჩუმი დასტურით. ჩვენი პროპაგანდა ამ იდეაზე უნდა იდგეს.
“მიშისტებისა” და სხვა ნაციკების ე.წ. “სტრატეგია” – ვაკეთოთ რუსეთის საქმე, ოღონდ მოვაჩვენოთ ყველას, რომ ეს ქართულია. ჩავაბაროთ რუსეთს ეკონომიკის მთელი დარგები, რუკები რეგიონში გადავხაზოთ ისე, რომ პუტინს და ლავროვს ესიამოვნოს, ოღონდ ვაკეთოთ ეს ტექნიკურად და რუსეთის ყველა ბრუნვაში გინებისა და “პუტინ ხუილოს” ძახილის თანხლებით (ხალხმა უნდა დაგიკეროს ჩვენი პატრიოტიზმი და ბევრი ჩვენიანიც ვერ უნდა ხვდებოდეს ჩვენი პროპაგანდის ჭეშმარიტ მიზნებს – ამისთვის კი წაგებული ომის ალალია). სწორედ ჩვენ ვართ ამერიკანოფილი რუსების მთავარი აგენტი კავკასიაში და ეს მუდმივად ასე უნდა დარჩეს, რადგან ეგ სხვა მოსკოვია, ჩვენი მოსკოვია, მოსკოვი, რომელიც მალე ინგლისურად დაიწყებს ლაპარაკს და თავადაც სურს (ოღონდ არ უშვებენ და ამაზეა გაბრაზებული) ნატო-ში შეღწევა. ასეთ ელემენტებს რუსულ ელიტაში უნდა დავეხმაროთ, რადგან ჩვენც იგივე კულტურის პირმშონი ვართ (ყველაზე ნათლად და არაორაზროვნმად ეგ ბ-ნ გროგოლ ვაშაძეს წამოცდა ერთხელ). ესოდენ დიადი მიზნის მისაღწევად კი ხელოვნური ომები, დათმობილი ქვა-ღორღი, გარეჯიც კი, მხოლოდ ამ დიადი გზის თანმხლები ეტაპებია. რაც შეეხება ფულს – მუდამ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ეკონომიკური “გურუს” ოქროს სიტყვები: “ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა” – სინდისი კი ისედაც არა გვაქვს. ასეთია ცხოვრება. რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ჩვენ ყველანი – დიდი რუსეთის ჩათვლით – სინამდვილეში ამერიკის შტატები ვართ. (ოღონდ მსოფლიომ ეს ჯერ ბოლომდე ვერ შეიგნო).
“ოცნების” ე.წ. “სტრატეგია” – ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ხოლო რუსულ-ამერიკული თამაშები ჩვენ არ გვეხება და არც არავინ გვკითხავს ამას. საქართველოში ბევრი რუსოფობია, თან ამ მიმართულებაზე “ნაცების” სახით სერიოზული კონკურენტი გვყავს (იხ.ზემოთ) და ამიტომ პატრიოტული რიტორიკით ჩვენც უნდა ვისარგებლოთ, განსაკუთრებით არჩევნების წინ, ზოგჯერ საქმეებიც “შევკეროთ”, აბა რავა… რაც შეეხება ფულს – ნუ ეგ ჩვენი ცხოვრების დედააზრია და ამ თემაზე მსჯელობაც კი არ ღირს. რაც შეეხება იმას თუ როგორი უნდა გახდეს საქართველო მომავალში – ამ მხრივ ჩვენ მეტნაკლებად “ედუარდისტების” პოზიციას ვიზიარებთ (იხ.ზემოთ), თუმცა ამ საკითხს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. სანამ სიტყვები “დასავლური ვექტორი” ჭრის და მავანის ყურს ესალბუნება – დაე იყოს, გამოვიყენებთ ხოლმე, თუ არა და…
აი ეს გახლავთ ჩვენი პოლიტიკური პალიტრის გამარტივებული სახე, რომელშიც ყველა სხვა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები იკითხება, მიუხედავად იმისა თუ რას ლაპარაკობენ ისინი საჯაროდ და რა წარმოდგენისა არიან საკუთარ თავზე თავ-თავის სამზარეულობებში.
გ.ლ.