დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიის დროს დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მსგავს შემთხვევას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
“კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ პირბადე ყველაზე მეტად დამცავი საშუალებაა, იმისთვის, რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვა ადამიანები. ჩემი თხოვნაა, რომ პირბადის გარეშე არ დავუშვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრის გადაადგილება. ვუწევთ კონტროლს, მაგრამ არსებობს მონაცემები მთელი დღეების განმავლობაში, თუ რა ვითარებაა, როგორც მიკროავტობუსებში, ასევე ავტობუსებში. მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი. ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 24-ვე მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მათ უნდა იცოდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ – ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ემსახურებიან. მონიტორინგი გაგრძელდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებში ასევე, 224 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა, პირბადის გარეშე ემგზავრათ, რომელსაც შესაბამისი რეაგირება უკვე მოჰყვა.
“იყო შემთხვევები, როდესაც პირბადე ბოლომდე არ ჰქონდათ გაკეთებული. მნიშვნელოვანია, პირბადე გავიკეთოთ ისე, როგორც ამას დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან. იყო დარღვევების შემთხვევები ავტობუსებშიც. 2 088 მგზავრი ეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. დაახლოებით, 1 500-მდე მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით. 116-ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი პირბადეს არ იკეთებდა. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენს თანამშრომლებს ეხმარება და წესებს იცავს. მგზავრების დიდი ნაწილი ძალიან კრიტიკული იყო იმათ მიმართ, ვინც პირბადეს არ იკეთებდა. ასევე, იყო 21 შემთხვევა პატრულის გამოძახების. ჩვენ ყველა მიმართულებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და შევეცდებით, ერთმანეთის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვათ,” – განაცხადა კახა კალაძემ.
“რუსთავი2”