აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუს ჩაწერა მოულოდნელად შეწყვიტა და მედიასაშუალებას განუცხადა, რომ მათ უკვე საკმარისი მასალა ჰქონდათ.
შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სიენენის“ ცნობით, ინტერვიუს ჩაწერა გადაცემა „60 წუთისთვის“ იგეგმებოდა. თეთრ სახლში წამყვან ლესლი შტალს დონალდ ტრამპი დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ესაუბრა, რის შემდეგაც მან მოულოდნელად შეწყვიტა ინტერვიუ და გადამღებ ჯგუფს განუცხადა, რომ მისი აზრით, მათ გამოსაყენებლად საკმარისი მასალა ჰქონდათ.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თეთრ სახლში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „სიბიეს ნიუსის“ წამყვან ლესლი შტალს პირბადე არ უკეთია. ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ინტერვიუს ეთერში გასვლამდე თავად გამოაქვეყნებდა სიზუსტისთვის. მან ინტერვიუს ყალბი და მიკერძოებული უწოდა. მან საზოგადოებას ურჩია, ის ჯო ბაიდენთან ინტერვიუს შეადარონ.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ რეპორტაჟის სიზუსტისთვის მე განვიხილავ „60 წუთის“ წამყვან ლესლი შტალთან ინტერვიუს ეთერში გასვლამდე გამოქვეყნებას! ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველას შეექმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის ყალბი და მიკერძოებული ინტერვიუ. ყველამ უნდა შეადაროს არჩევნებში ეს საშინელი შეჭრა მძინარა ჯო ბაიდენთან ბოლო ინტერვიუს!“ – წერს დონალდ ტრამპი.
“1არხი”