კახეთი არჩევნების წინ – მოკლედ და ამომწურავად

ვიარეთ, ვიარეთ და მთელი კახეთი შემოვიარეთ… ვეკითხებით ხალხს, არჩევნებზე თუ მიდიხართ-თქო და ერთნი გვპასუხობენ – პოლიტიკაში არ ვერევითო; მეორენი (“ოცნების” მხადამჭერნი) გვიღიმიან და… ნუ გველაპარაკებით, სამსახური არ დაგვაკარგინოთო (ანუ 21-ე საუკუნეა, მაგრამ ბნელა).

მესამენი ანუ “ისინი”– პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან, წივიან, კივიან და ქვებს ისვრიან…

ყველა ერთმანეთს ჰგავს – გამომეტყველებით, გემოვნებით, აგრესიით და „სოციალურ კიბეზე“ განლაგებით… მხარდამჭერები, ძირითადად სულ ქვედა საფეხურიდან, იშვიათი გამონაკლისის გარდა.  ვითომ-ქართველები, ვითომ-მამულიშვილები და ვითომ-ინტელიგენცია.

რაც შეეხება უშუალოდ კარზე მომდგარ არჩევნებს:

ისედაც სახელგატეხილმა „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი სამარცხვინო რთველი ჩაატარა, მთელი კახეთი გადაიმტერა. გაყალბებული ზონები და ქვითრები, წონაში მოტყუებული ფერმერები და სასაცილოდ დაბალი ფასები.

„ოცნების“ დანახვაც აღარ უნდათ და დაგეშილმა პროვოკატორებმა თავი წამოყვეს –

ნაცების კანდიდატი, ვინმე ბოტკო, კარდაკარ დადის, ლამის ხალხს საძინებელში შეუვარდეს და მოსახლეობას „აბოლებს“:  ჩაბარებული ყურძნის ქვითრები შეინახეთ, ერთი იმდენი თანხა უნდა დაგიმატოთო!

ვინც ხვდება, დასცინის და ბევრგან კინწისკვრით გამოაგდეს. მიმდევრებს კი სჯერათ და ამ „ქაღალდებს“ სათუთად ინახავენ.

ამ კატეგორიის ხალხს ვეკითხებით: თქვენი ღვინო სად უნდა გაიყიდოსო.  და, პასუხად – რუსეთშიო. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ვის უნდა დაველაპარაკოთ და… ისევ რუსეთსო…

კიდევ ვეკითხებით: რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს თუ არაო და გვპასუხობენ – რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოსო…

მერე, “ნაცები” ამას როგორ შეძლებენ-თქო და… აქ უკვე „ჭედავენ“ და ქვებს ისვრიან!

 

დავით აბულაძე