არასწორია იმის თქმა, რომ ტრამპი უფრო მოგვწონს, მოსკოვისთვის მისაღებია აშშ-ის ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთთან დიალოგს განიხილავს

არასწორია იმის თქმა, რომ დონალდ ტრამპი უფრო მოგვწონს, მოსკოვისთვის მისაღებია აშშ-ის ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთთან დიალოგს განიხილავს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

„რუსეთი მუშაობს და იმუშავებს ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პრეზედენტთან. ამ თვალსაზრისით, არასწორია იმის თქმა, რომ ტრამპი უფრო მოგვწონს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთს ბევრი სანქცია დაუწესდა და ჩვენს წინააღმდეგ ბევრი არამეგობრული ნაბიჯიც გადაიდგა. ჩვენ ნამდვილად ვართ დაინტერესებული აშშ-ის პრეზიდენტით, რომელიც გარკვეულ ეტაპზე იფიქრებს იმაზე, თუ რა არის ნამდვილად შეერთებული შტატების ინტერესი, როცა საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება,“- განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა რუსეთი აშშ-სთან დიალოგს იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, პესკოვმა უპასუხა, რომ ვლადიმირ პუტინს „დიდი პოლიტიკური გამოცდილება“ აქვს.

“აიპიენი”