მსოფლიოს მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაცია ფიბა-მ საინტერესო კონკურსი წამოიწყო სახელწოდებით „ათწლეულის საუკეთესო პასი“.
თავიდან შეირჩა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო რვა გადაცემის ავტორი, რომელთა შორის იყო ქართველი გიორგი ცინცაძე. 2015 წელს ევრობასკეტის 1/8 ფინალში, ლიეტუვასთან მატჩში, მისი გადაცემა მაშინ ტურნირის საუკეთესო პასად აღიარეს. სწორედ ეს მომენტი იყო წარდგენილი ათწლეულის საუკეთესოობაზე.
ფიბამ-მ შეჯიბრება სპორტული პრინციპით დაგეგმა – მეოთხედფინალში ცინცაძის პასი შეუპირისპირდა სერბი დუშან ბულუტის გადაცემას. გამარჯვებული კი გულშემატკივრების ხმების მიხედვით უნდა გამოვლენილიყო. გიორგიმ ხმების 58 პროცენტი მიიღო და ნახევარფინალში გავიდა.
1/2 ფინალში გიორგის მეტოქე გახლდათ ესპანელი მარკ გასოლი, რომელმაც ეფექტური პასით მთელი მოედანი „მოჭრა“. ეს მან ევრობასკეტი 2013-ის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთთან მატჩში გააკეთა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებიც სწორედ ამ ჯგუფში თამაშობდა.
ცინცაძემ ნახევარფინალში გასოლი დაამარცხა – გულშემატკივართა 67-მა პროცენტმა ქართველის გადაცემას მისცა ხმა.
ფინალში ქართველი გამთამაშებლის მოწინააღმდეგეა არგენტინელი ფაგუნდო კამპაცო, რომელსაც არანაკლებ ეფექტური პასი აქვს შესრულებული, თუმცა ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ათწლეულის საუკეთესო პასის ავტორად აღიარებას მაინც ჩვენიანი იმსახურებს. გამოკითხვა ახლა მიმდინარეობს და გულშემატკივრებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს.