ბოროდინოს ველზე ბევრი ჩვენი თანამემამულე, მათ შორის 12 ქართველი გენერალი იბრძოდა!

1812 წლის 7 სექტემბერს (ძვ. სტილით 26 აგვისტოს), მოსკოვის დასავლეთით 124 კილომეტრში მდებარე სოფელ ბოროდინოსთან, დილის 5 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარბაზნის გრუხუნი. მას მოჰყვა მეორე, მესამე…

 

 

ასე დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებიდან ყველაზე გააფთრებული, ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა რუსებსა და ფრანგებს შორის, რომელიც დაღამებამდე გაგრძელდა.

ბოროდინოსთან ორი გიგანტის _ საფრანგეთისა და რუსეთის იმპერიების შერკინება ჩვენ, ქართველებს, გვაინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მასში ბევრი ჩვენი თანამემამულე მონაწილეობდა, მათ შორის 12 გენერალი. 

ვესაუბრები საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, საქართველოს გენერალიტეტის მემატიანეს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი პრემიის ლაურეატს _ ლევან დოლიძეს.

_ ბატონო ლევან, გამოგიტყდებით, ცოტა უჩვეულოდ ვგრძნობ თავს, რადგან პირველად ჩემი მოსაუბრე, რესპონდენტი ჟურნალისტია, კოლეგა…

_ მით უფრო, საინტერესო უნდა გამოდგეს ჩვენი საუბარი!

_ ბატონო ლევან, თქვენ ოთხი წიგნი დაწერეთ გენერლებზე, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან იყვნენ, ამიტომ არ გაგიჭირდებათ,  იმ ქართველ მხედართმთავრებზე მოგვიყვეთ, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოროდინოს ბრძოლაში; და კიდევ, მაინტერესებს თქვენი აზრი, ვინ მოიგო ეს ბრძოლა? რუსები ამბობენ, ჩვენო, ფრანგები _ ნაპოლეონმაო.

_ მართლაც, დღემდე არ წყდება ამ თემაზე კამათი! პირადად მე, რაციონალურად ვუდგები ამ საკითხს და მთავარ არგუმენტად ციფრები მომყავს.  ბოროდინოს ველზე ნაპოლეონმა თავისი 600-ათასიანი «დიდი არმიის» საუკეთესო ნაწილი _ 133 ათასი კაცი გამოიყვანა 587 ზარბაზნით. რუსების მხრიდან იყო 120 ათასი მეომარი და 640 ზარბაზანი. ბოროდინოს ბრძოლის არნახულ გააფთრებაზე მოწმობს მისი შედეგი _ ტყვეების არყოფნა და უზარმაზარი დანაკარგები ორივე მხრიდან: ფრანგებმა ბრძოლის ველზე 50 ათასი ჯარისკაცი დატოვეს, რუსებმა _ 44 ათასი (ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ეს იყო დაღუპული გენერლების მანამდე არნახული რაოდენობა: ფრანგების მხრიდან _ 47 გენერალი, რუსების კი _ 23 გენერალი).

როგორც ხედავთ, გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა; ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაპოლეონის უმთავრესი მიზანი რუსული არმიის განადგურება იყო გენერალურ ბრძოლაში, მაშინ ოდნავ მოაზროვნეც კი დამეთანხმება, რომ ნაპოლეონის გეგმა ჩაიფუშა, ანუ ის, ფაქტობრივად, დამარცხდა!

ეს ლოგიკაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. მეტსაც გეტყვით, ნაპოლეონი, უდავოდ, ტაქტიკის გენია იყო, მაგრამ სტრატეგიაში საკმაოდ მოიკოჭლებდა. მისი სამხედრო სტრატეგია აბსოლუტურად უსუსური აღმოჩნდა საბრძოლო მოქმედების დიდ სივრცეზე და მისი შედეგი _ ნაპოლეონის კრახი _ კანონზორმიერია! 600-ათასიანი ჯარიდან უკანდახევისას რუსეთის საზღვარი გადაკვეთა დაახლოებით 20 ათასამდე გაუბედურებულმა, გაძვალტყავებულმა ადამიანმა _ «დიდი არმიის» ნარჩენებმა…

_ ბატონო ლევან, ნაპოლეონზე რუსეთის გამარჯვებაში რა წვლილი  შეიტანეს ქართველებმა?

_ თუ მარტო პეტრე ბაგრატიონის ღვაწლით ვიმსჯელებთ, უზარმაზარი! ის ბოროდინოს ბრძოლის მთავარ გმირად ითვლება და ვერც ერთი ისტორიკოსი ამას ვერ უარყოფს! ამ ბრძოლაში ლეგენდარული მხედართმთავარი, მეორე დასავლეთის არმიის მთავარსარდალი, ინფანტერიის გენერალი პეტრე ბაგრატიონი რუსეთის ჯარის მარცხენა ფლანგს მეთაურობდა, რომელიც განლაგდა სოფელ სემიონოვსკაიასთან გამაგრებულ პოზიციებზე და რომელსაც მოგვიანებით «ბაგრატიონის ფლეშები» შეარქვეს.

_ რა არის «ფლეში»?

_ ესაა სამი საველე არტგამაგრება სიმაღლეებზე, რომლებიც შედგება 15, ასევე, 7 და 12 ზარბაზნისგან. ზუსტად აქ განვითარდა მთავარი მოვლენები! გენერალური ბრძოლის დაწყებიდანვე, ნაპოლეონის საუკეთესო მარშლების მიურატის, დავუს, ნეისა და ჟიუნოს კორპუსებმა შეუტიეს რუსების მარცხენა ფლანგს. რვაჯერ (!) შეუტიეს და ბაგრატიონმა რვაჯერვე მოიგერია და უკუაქცია ისინი. ბაგრატიონის ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, მიურატი სასწაულებრივად გადაურჩა ტყვეობას! ცხენიდან ჩამოვარდნილი მარშლისკენ რამდენიმე რუსმა გრენადერმა უკვე ხელები გაიწვდინა მის დასატყვევებლად, მაგრამ მიურატის ადიუტანტმა სიცოცხლის ფასად მას თავისი ცხენი დაუთმო…

პეტრე ბაგრატიონმა გამოავლინა უდიდესი ვაჟკაცობა, გულადობა, გამბედაობა, მუდმივად იმყოფებოდა მოვლენების შუაგულში. ის უმალ რეაგირებდა ბრძოლის უმცირეს ნიუანსზეც კი და, აგრეთვე, სწრაფად აძლევდა ბრძანებებს! გეგონებოდა, არა ერთი გენერალი, არამედ მთელი გენერალური შტაბი აანალიზებდა მიმდინარე ბრძოლას, აძლევდა რჩევებს და უნერგავდა მეომრებს გამარჯვების რწმენას!

ნაპოლეონი არაერთხელ შეხვედრია ბაგრატიონს 1805-1807 წლებში და, მისდა სამწუხაროდ, მიდიოდა დასკვნამდე, რომ ბაგრატიონი ყოველთვის გამოდიოდა გამარჯვებული! მარტო შენგრაბენი რად ღირს, სადაც ხუთი ათასი დაღლილი, მშიერი ჯარისკაცით ბაგრატიონი მთელი დღის განმავლობაში წარმატებით იგერიებდა ნაპოლეონის 35-ათასიანი ჯარის განუწყვეტელ თავდასხმებს და თავად გადადიოდა კონტრშეტევებზე! ისტორიაში შენგრაბენი შევიდა, როგორც მანამდე არნახული სამხედრო ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუში! ბონაპარტესთვის ტრიუმფალურ აუსტერლიცის ბრძოლის დროსაც კი, მან ვერაფერი მოუხერხა მოკავშირეების მარჯვენა ფლანგს, რომელსაც ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა, ვერ უკუაგდო იგი! მხოლოდ ბაგრატიონის სამხედრო გენიამ იხსნა გაერთიანებული რუსულ-ავსტრიული არმია სრული განადგურებისგან!

მერვე კონტრშეტევის დროს ბაგრატიონი დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევმა მას ბარძაყის ძვალი დაუშალა. ჭრილობის მიუხედავად, პეტრეს ბრძოლის სადავეები ხელთ ეპყრა, სანამ, სისხლის დაკარგვის გამო, გონება არ დაკარგა… ბაგრატიონი გადაიყვანეს მოსკოვში, იქიდან კი მამიდამისის, ანა გრუზინსკაიას, მამულში _ სოფელ სიმში. აქ მან გაიგო მოსკოვის ჩაბარების ამბავი, რამაც მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ექიმების რჩევამ ფეხის ამპუტაციაზე, ქართველი თავადის რისხვა გამოიწვია. 1812 წლის 24 სექტემბერს, თანამედროვეების მიერ «ომის ღმერთად» აღიარებული პეტრე ბაგრატიონი საშინელ ტანჯვაში გარდაიცვალა…

_ კიდევ ვინ გამოიჩინა თავი ბოროდინოს ველზე?

_ გმირულად იბრძოდა ყველა ქა რთველი გენერალი! რუსულ ჯარში განსაკუთრებით პოპულარულები იყვნენ ძმები ფანჩულიძეები _ ივანე და სიმონი.

მათგან პირველი _ ივანე იბრძოდა ბაგრატიონის მეორე არმიაში და იძლეოდა მაგალითს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო «სუვოროვის სკოლის» გენერალი. სიმამაცეში ძმას არ ჩამორჩებოდა მეორე ფანჩულიძე  _ სიმონი. იგი მეთაურობდა არმიის მარჯვენა ფლანგის კავალერიას და იმავე დროს _ ჰუსართა და ულანთა პოლკებს.

ლომივით იბრძოდა გენერალ-მაიორი ანტონ შალიკაშვილი, ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური. შესაშური გულადობით გამოირჩეოდა 1799 წლიდან გენერალ-მაიორი სიმონ განგებლიძე, მეცამეტე ფეხოსანთა დივიზიის უფროსი. გენერალმა ლევან იაშვილმა გაითქვა სახელი, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო არტილერისტმა. განსაკუთრებული დამსახურებების გამო მან მიიღო არტილერიის გენერლის (სრული გენერლის) წოდება და პირველი არმიის არტილერიის მეთაურის თანამდებობაც. უშიშარი გენერალი იყო მისი უფროსი ძმაც _ ვლადიმერი, რომელსაც ძალზე აფასებდა თვით კუტუზოვი!

_ ეს ის ვლადიმერ იაშვილია, რომელმაც საკუთარი ხელით მოახრჩო იმპერატორი პავლე პირველი?

_ დიახ და ამისთვის გენერლობაც მიიღო!.. საერთოდ, «დიდი პოლიტიკა» ძნელად ასახსნელი ფენომენია!

ნაცადი მეომარი გახლდათ გენერალ-მაიორი ივანე გურიელიც, 23-ე ფეხოსანთა დივიზიის მეთაური. შემდგომში, 1813-14 წლებში, რუსეთის არმიის საზღვარგარეთული ლაშქრობისას, რომელშიც უკვე 18 ქართველი გენერალი  მონაწილეობდა, გურიელმა 1814 წლის მარტში ხელთ იგდო მონმარტის სიმაღლეები, რასაც პარიზის კაპიტულაცია მოჰყვა.

ბოროდინოს ბრძოლაში თავი ისახელა ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა გენერალმა, გრაფმა ალექსანდრე ივანეს ძე ქუთაისოვმა. მისი მამა, ვანო კიკიანი, 1769 წელს ქუთაისში დაატყვევეს გენერალ ტოტლებენის ჯარისკაცებმა. ვანომ მაშინ ტახტის მემკვიდრის, პავლეს, ყურადღება მიიპყრო. რუსმა უფლისწულმა ის ჯერ დალაქად აიყვანა, შემდეგ კი პირად მდივნად გაიხადა; მისცა მას გრაფის ტიტული, ხოლო 22 წლის ასაკში გენერალ-მაიორის წოდებაც უბოძა. მისი შვილი, ალექსანდრე, ბოროდინოს ბრძოლაში არა მხოლოდ პირველი არმიის არტილერიას, არამედ მთელი რუსული ჯარის არტილერიას მეთაურობდა. იგი 7 სექტემბრის საღამოს რაევსკის ბატარეაზე დაიღუპა. ორ დღეში ალექსანდრე ქუთაისოვს 28 წელი შეუსრულდებოდა… სხვათა შორის, ასი წლის შემდეგ მისი სახელოვანი შვილიშვილი, 75 წლის ინფანტერიის გენერალი, პავლე იპოლიტეს ძე ქუთაისოვი გარდაიცვალა.

ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილეობდა ჯავახიშვილების გვარის ოთხი წარმომადგენელი. ესენი არიან ძმები, გენერალ-მაიორები: ფილიპე სიმონის ძე და ივანე სიმონის ძე ჯავახიშვილები. მათი უფროსი ძმა სიმონი, 62 წლის ოფიცერი, გმირულად დაეცა ბოროდინოს ველზე. გენერალი იყო სპირიდონ ერასტის ძე ჯავახიშვილიც. ის, თავის ჰუსართა პავლოგრადის პოლკთან ერთად, მონაწილეობდა საზღვარგარეთულ ლაქრობაშიც და, როგორც სხვა ქართველი გენერლები, დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით.

ლეგენდარული ძმის გვერდით იბრძოდა პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა რევაზი (რომანი). 32 წლისამ მან პოლკოვნიკის წოდებამდე მიაღწია. ბოროდინოსთან მეთაურობდა ჰუსართა პოლკს. თავი გამოიჩინა 1813-14 წლების კამპანიაში და 1813 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1828 წელს კი რომან ბაგრატიონი ტფილისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილეობდნენ სომხური წარმოშობის ქართველი თავადები ივანე სამსონის ძე და დავით სამსონის ძე აბუმელიქები. მათი მესამე ძმა  _ სიმონი ბოროდინოს ბრძოლაში დაიღუპა.

გამორჩეული გმირის სახელი მოიხვეჭა გენერალმა ვალერიან (როსტომ) გრიგოლის ძე მადათოვმა, რომელსაც ჯარში «რუსი მიურატი» უწოდეს. ომის შემდეგ ვალერიანი თბილისში დაბრუნდა, იყიდა მტკვრის შუამდინარეთში არსებული კუნძული, იქ, სადაც ახლა «მშრალი ხიდია», და მისი კეთილმოწყობით დაკავდა. ეს კუნძული დიდი ხნის განმავლობაში მის სახელს ატარებდა.

გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს ძმებმა ალექსანდრე და გრიგოლ ბიბილურებმაც. ისინი გენერალ-ლეიტენანტები იყვნენ, ხოლო მესამე ძმა _ პავლე ციმბირის ფეხოსანთა პოლკს შეფობდა. ის ბოროდინოს ველზე მძიმედ დაიჭრა და მხედველობა დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მათი მამა _ გენერალ-ადიუტანტი სერგო ბიბილური სამამულო ომის დროს იყო გენერალური კონსული მოლდავეთში, ბესარაბიასა და ვალახეთში.

სამწუხაროდ, ამ ინტერვიუში ვერ ჩავტევთ ყველა იმ ქართველს, რომლებიც ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ უფლისწულები, თავადები, აზნაურები, უბრალო მოსამსახურეებიც. საკმარისია ვახსენო მომავალი გენერალი, პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე _ იმპერატრიცა ეკატერინე მეორის ნათლული, პირველი არმიის სარდლის, გენერალ ბარკლაი დე ტოლის, ადიუტანტი. ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ ბარკლაიმ წერილი გაუგზავნა მარკიზ პაულუჩის, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია ალექსანდრე ჭავჭავაძეს. მასში გენერალი მარკიზს დიდ მადლობას უხდიდა ჭკვიანი, განათლებული და მამაცი პროტეჟეს გამო.

_ ბატონო ლევან, მიჩნდება ასეთი კითხვა: ამდენი ქართველი გენერალი და ოფიცერი საიდან აღმოჩნდა რუსეთის არმიაში 1812 წელს? როგორც ვიცი, პავლე პირველმა ვერაგულად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტით გააუქმა ქართლ–კახეთის სამეფო და რუსეთის გუბერნიად აქცია იგი.

_ ჯერ კიდევ 1722 წელს პეტრე პირველმა დადო ხელშეკრულება სამხედრო კავშირზე ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან და ერთი წლის შემდეგ, 1723 წელს, უფლება მისცა ქართველებს რუსულ ჯარში მსახურებისა. აი, ამ დროიდან, უფრო ზუსტად, 1723 წლის 16 სექტემბრიდან, რუსეთის არმიაში იქმნება პირველი ქართული რაზმები.არაა გამორიცხული, რომ პეტრე პირველს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა იმ გარემოებამაც, რომ მისი ბავშვობის უახლოესი მეგობარი, ქართველი უფლისწული ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონი გახლდათ. ისინი 12 წლიდან ერთად იზრდებოდნენ, ორივე აწყობდნენ გრანდიოზულ გეგმებს, ორივემ იმოგზაურა ევროპაში და ორივე ერთად შეუდგა რუსული რეგულარული არმიის ჩამოყალიბებას. ალექსანდრე პეტრესთვის ისეთი ახლობელი და ძვირფასი პიროვნება იყო, რომ, როცა ის ნარვასთან შვედებმა დაატყვევეს, პეტრემ კარლ მეთორმეტეს უზარმაზარი თანხა შესთავაზა ალექსანდრეს გამოსასყიდად, მაგრამ ვერ დაითანხმა, დანარჩენი რუსი გენერლები კი  უპირობოდ გაათავისუფლა!

ალექსანდრე ბაგრატიონს, ზარბაზნების საქმის ბრწყინვალე მცოდნეს, პეტრე პირველმა მიანიჭა რუსეთში მანამდე არ გაგონილი გენერალფელცეიხმაისტერის წოდება. ეს 1700 წლის 17 მაისს მოხდა. ეს თარიღი ითვლება სახელოვანი ქართული გენერალიტეტის ათვლის წერტილად; ხოლო ქართველი უფლისწული ალექსანდრე ბაგრატიონი რუსეთის ისტორიაში შევიდა, როგორც რუსული არტილერიის მამამთავარი!

შეიქმნა ასევე ქართველ ჰუსართა პოლკი _ პირველი ჰუსართა შენაერთი რუსულ არმიაში, რომლის სახელიც მთელ იმპერიაში ქუხდა!

ქართველების მეორე ტალღა რუსულ ჯარში მსახურებისა დაიწყო უკვე 1801 წლის შემდეგ. 1700 წლიდან მოყოლებული, 1917 წლის ჩათვლით, 500-ზე (!) მეტი ქართველი გენერალი ერთგულებით ემსახურებოდა რუსეთის გვირგვინს. ამდენი გენერალი რუსეთის იმპერიის არც ერთ სხვა ერს, რა თქმა უნდა, რუსების გამოკლებით, არ ჰყავდა!

_ საუბრის ბოლოს, მოდით, მთავარ გმირს, პეტრე ბაგრატიონს დავუბრუნდეთ. როგორც მსმენია, 1932 წელს ბოლშევიკებმა მისი საფლავი ააფეთქეს. რატომ?

_ დავაზუსტებ: არა ბოლშევიკებმა, არამედ კოსმოპოლიტ ტროცკისტებმა, რომლებიც ყველანაირი ეროვნული მეხსიერების გამოვლენას ებრძოდნენ. მათი დასჯა სტალინმა მხოლოდ 1937-38 წლებში მოახერხა.

მართლაც, ბედის ირონიით, «რუსეთის არმიის საუკეთესო გენერალი», როგორც მას ნაპოლეონმა უწოდა, სამჯერ დაასაფლავეს!.. პირველად სოფელ სიმში; მერე, 1839 წელს, მისი ნეშტი გადაასვენეს ბოროდინოს ველზე და რაევსკის ბატარეაზე დაკრძალეს. სამგლოვიარო მსვლელობის დროს სოფლების მცხოვრებლებმა კატაფალკიდან გამოხსნეს ცხენები და მათ მაგივრად მარხილში თავად შეებნენ! აი, ასე მიაცილა რუსმა ხალხმა პეტრე ბაგრატიონი ბოროდინოს ველამდე!

როგორც მოგახსენეთ, 1932 წელს ბაგრატიონის საფლავი და მთავარი მონუმენტი ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ 1941 წელს, აქ გამართული ბრძოლების დროს, ეს ისტორიული ძეგლი ძლიერ დაზიანდა. მემორიალური კომპლექსი მხოლოდ 1987 წლის 18 აგვისტოს აღადგინეს მთლიანად. ამ დღეს პეტრეს ნეშტმა საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი იქ, სადაც ნაპოლეონის იმპერია დასამარდა!

დიდი კორსიკელი ნაპოლეონ ბონაპარტე  ლაიფციგთან და ვატერლოოსთან სასტიკად დამარცხებული ჩავიდა სამარეში; ეს 1821 წლის 5 მაისს მოხდა. დიდმა ქართველმა, დაუმარცხებელმა პეტრე ბაგრატიონმა კი 1812 წლის 24 სექტემბერს დაიმკვიდრა უკვდავება!

ესაუბრა    გიორგი კორძაძე