მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს.
შესაბამისი განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
„მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ.
ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების – შსს-სა და შრომის ინსპექციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებასა და მითითებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამაზე პოლიციის რესურსის გამოყენება არ იქნება საჭირო. ამას ამ ეტაპზე აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა, მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, რომ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წესს მოქალაქეები შეასრულებენ. პირბადე და დისტანცია არის ერთადერთი ქმედითი საშუალება ვირუსის გავრცელების შესანელებლად”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
“ინტერპრესნიუსი”