რა შედეგი მოუტანა ბურჯანაძის პარტიას კლანური მმართველობის პრინციპმა

საქართველოს პოლიტიკური სპექტრისათვის კლანურობა რომ დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, არ-ახალი ამბავია. როგორც კი ადამიანები ამა თუ იმ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მოხვდებიან, ისინი ცდილობენ, თავიანთი ნათესავებით, ახლობლებითა და მეგობრებით დააკომპლექტონ საკვანძო პოსტები, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ.

ოფიციალურად ეს მიუღებელი პრაქტიკაა და კანონით ისჯება კიდეც. მაგრამ არაოფიციალურად პრაქტიკაც არსებობს და კანონიც არ მოქმედებს. არაერთი შემთხვევა იქნა გამოაშკარავებული, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებში ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან დასაქმებულნი ან, რომელიმე გავლენიანი პარლამენტარის თუ მოხელის შვილი საქმდება პერსპექტიულ ადგილზე როგორც სახელმწიფო სამსახურში, ისე სახელმწიფოსთან ახლო ურთიერთობების მქონე კერძო სტრუქტურაში. მაგრამ ამ გამოაშკარავებას მასმედიაში მცირე ალიაქოთის გარდა არაფერი მოჰყოლია.

თუმცა არანაკლებ და უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დანერგილი პრაქტიკა, პარტიული ლიდერის შვილების ერთგვარ „თანამოსაყრდრედ“ დასმისა. გახსოვთ ალბათ, ასლან აბაშიძემ თავისი შვილი რომ დასვა ბათუმის მერის პოსტზე, თუმცა იმ ახალგაზრდას პოლიტიკა მაინცდამაინც არ აინტერესებდა. სამაგიეროდ, პოლიტიკოსობა „შეიფერეს“ პოლიტიკისათვის აბსოლუტურად შეუფერებელმა ტიპაჟებმა, მაგალითად, შალვა ნათელაშვილის ვაჟმა ბექამ, რომლის პოლიტიკოსობასაც, მამიკოს განხადებით, თურმე ხალხი ითხოვს. ღმერთმა ნუ ქნას, ნათელაშვილმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, მაშინ ხალხი ბექას „გამინისტრებას“ მაინც მოითხოვს…

მაგრამ არანაკლებ შეუფერებელია პოლიტიკისათვის ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ (ანზორიკო) ბიწაძე. არადა, ქალბატონი ნინო, ძალზედ ენდობა თავის უფროს შვილს. სააკაშვილის დროს გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერები ცხადჰყოფენ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელ ანზორიკოს, დედა რჩევებს ეკითხება და ისინი ერთობლივად აწყობენ გეგმებს, აანალიზებენ პოლიტიკურ ვითარებას. ამჟამად კი, როდესაც ქ-მა ნინომ ანზორი პარტიაში მეორე კაცად აქცია, საარჩევნო პარტიულ სიებში კი მესამე ნომრად ჩაწერა, აშკარაა, რომ კლანური აზროვნება და მისწრაფებები საქართველოში არა თუ არ გამქრალა, პირიქით, ნიღაბი მოიხსნა და ოფიციალურ გაფორმებას ლამობს. ოპოზიცია ბრალს სდებს ბიძინა ივანიშვილს, რომ იგი დიდ ყურადღებას უთმობს თავისი შვილის, ბერას მოსაზრებებს, მაგრამ ამ მხრივ თავად ოპოზიცია უფრო მეტად სცოდავს, განსაკუთრებით – ნინო ბურჯანაძე.

არაერთმა მკითხველმა, შესაძლოა, დასვას შეკითხვა – კი მაგრამ, ამერიკაშიც ხომ ასეა, პრეზიდენტებს თავიანთი ოჯახის წევრები ჰყავთ მრჩევლებად დასაქმებული, მთელი საპრეზიდენტო დინასტიები იქმნება და ესეც კლანური მმართველობა ხომ არ არისო… პასუხად ვიტყვი, რომ ჯერ ერთი, ანგლო-საქსური პოლიტიკური ტრადიციები ცოტა სხვა რამ არის, ვიდრე 30 წლის განვითარებადი, ჯერ არ შემდგარი ქართული სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი ამერიკული ასე ხელაღებით რომ გადმოიღოს – მაგალითად, ამერიკული ტიპის ლობიზმი რომ დააკანონოს, საერთოდ დაიღუპება კორუფციული ჭაობის გამო. ასევე არ შეიძლება, მივბაძოთ ამერიკელებს პოლიტიკური დინასტიების შექმნაში, რაც რეალურად ოჯახურ-კლანურ პრაქტიკაში გადაიზრდება. სასურველია, ანზორიკომ, ბექამ და მათმა მსგავსმა „პატრონიანმა“ ახალგაზრდებმა, თავიანთი ძალებით გაიკაფონ გზა პოლიტიკისკენ – ჯერ კარგად ისწავლონ, გამოცდილება მიიღონ, საქმით დაამტკიცონ, რომ აქვთ ნიჭი და უნარი, გაუძღვნენ პოლიტიკურ პროცესებს და ყოველგვარი მამიკოების და დედიკოების გარეშე, საკუთარი ძალებით, მოვიდნენ პოლიტიკაში.

თუმცა ამაზე კიდევ უფრო არსებითი, მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკისათვის ანზორ ბიწაძის პიროვნული შეუფერებლობაა. ამ ადამიანმა დაამტკიცა, რომ არ გააჩნია პოლიტიკური ალღო – კაცმა რომ თქვას, ბოლო დროს დედამისსაც ღალატობს ეს ალღო, იმდენად უხეშ შეცდომებს უშვებს და კატასტროფულად კარგავს მხარდამჭერებს, მაგრამ ანზორს ჯერ არაფრისთვის არც მიუღწევია, დედისგან განსხვავებით. ანზორ ბიწაძის უალღოობა „ერთიანი საქართველოს“ ყრილობიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის ივნისში, ე. წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გამოვლინდა. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსს, რომლის პარტიაც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას აცხადებს პრიორიტეტად, დაეგმო „ევროპული საქართველოს“ და „ნაცების“ მიერ ორგანიზებული, ხელოვნურად შექმნილი ისტერია, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატი ნინო ბურჯანაძის შვილს ყურადღება გაემახვილებინა, რომ „ნაცების“ ბრბომ დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებზე, ელემენტარულად, სტუმრებზე, აღმართა ხელი, აი ამ ყველაფრის ნაცვლად, ანზორიკო ბიწაძე პარლამენტის სპიკერის სკამის „დამცველად“ მოგვევლინა. თურმე ნუ იტყვით, გავრილოვი როგორ ჩასვეს სკამში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იჯდაო.

ჯერ ერთი, ის სკამი, რომელშიც პირველი პრეზიდენტი იჯდა, დიდი ხანია, აღარ არსებობს. მეორე და მთავარი – სკამი სკამია, ეს არ არის საკრალური ნივთი, არც მეფის ტახტი, რომ მასში ერთი კაცის გარდა, სხვა არ იჯდეს. მესამეც, იმ სკამზე ბოლოს „ქოცი“ გიორგი კობახიძე იჯდა, რომლის ოპოზიციაც, ბურჯანაძე, თითქოს არის… მოკლედ, კომედიური სიუჟეტია ამ სკამთან დაკავშირებით, რომელშიც ნებაყოფლობით გაეხვა ანზორი. მან დაკარგა შანსი, მიეპყრო საზოგადოების ყურადღება, გამორჩეული აზრი ეთქვა და გამიჯვნოდა ლიბერალურ ძალებს. პირიქით, ანზორ ბიწაძე აღმოჩნდა ერთ-ერთი მრავალთა შორის, რომლებიც დაჟინებით გმობდნენ და გმობენ გავრილოვის განთავსებას პარლამენტის სპიკერის სავარძელში. არადა, ნაცვლად ამისა, ანზორს შეეძლო, ყურადღება მიექცია თავისი პერსონისადმი, სრულიად განსხვავებული, დიპლომატისათვის შესაფერისი განცხადებებით. ხალხი ამას უფრო დააფასებდა, ვიდრე მის დემაგოგიას გავრილოვთან დაკავშირებით, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხსენებით.

რა გასაკვირია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, ნინო ბურჯანაძეს რუსეთთან ურთიერთობები გაუცივდა. მას უკვე აღარავინ ეკითხება რუსეთში რამეს, საქართველოსთან დაკავშირებით. მოსკოვში ბურჯანაძე მიუღებელია როგორც ანზორიკოს დემაგოგიის, ისე ბურჯანაძე-ბიწაძეების კლანის მხრიდან შემდგომ დამატებული შეცდომებით. ამ შეცდომების აპოგეა ნინო ბურჯანაძის „მიცუნცულება“ იყო „ლეიბორისტების“ ოფისში, სადაც გიგა ბოკერიასა და ელენე ხოშტარიას კამპანიაში ამოჰყო თავი.

როგორც ვხედავთ, პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკის აგება კლანურ-ნათესაურ პრინციპზე, ყველაფერთან ერთად, სიფხიზლეს და საღ აზროვნებას ართმევს პოლიტიკოსებს. ნინო ბურჯანაძეს რომ თავისი ამბიციები დაეცხრო, პარტიაში უფრო მომზადებული და პრინციპული ადამიანები, არა ნათესაობის პრინციპით შერჩეულები, მიეწვია, მისი პარტია ასეთ სავალალო ვითარებაში არ იქნებოდა, როგორც დღეს არის.

 

ნიაზ კალმახელიძე