სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოჰრაბ მნაცაკანიანის განცხადებით, სომხურ მხარეს მთიან ყარაბაღში 3 მოწინააღმდეგე უპირისპირდება, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს. ამის შესახებ მან „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ამ კონფლიქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს არაა მხოლოდ აზერბაიჯანული აგრესია. სინამდვილეში ჩვენი თანამემამულეები მთიან ყარაბაღში ერთდროულად 3 მოწინააღმდეგესთან ომობენ. აზერბაიჯანულ ჯართან ერთად, სახეზეა თურქეთის პირდაპირი მონაწილეობა, ადგილზე იმყოფებიან უცხოელი ტერორისტებიც. ეს კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს“, – აცხადებს მნაცაკანიანი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მხარეებს შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
“იმედი”