სსრკ–ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (“კა–გე–ბეს”) მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შესანიშნავი ხუთეული

მკითხველისთვის, ალბათ, ცნობილია სსრკ–ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (“კა–გე–ბეს”) მიერ ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციების შესახებ.

 

მაგალითად, ისეთის, როგორიც იყო აშშ–ისთვის ატომური ბომბის შექმნაზე მომუშავე ცნობილ მეცნიერებთან _ რობერტ ოპენჰეიმერსა და ენრიკო ფერმისთან დაახლოებული პირების _ მორის კოენისა და ცოლ–ქმარ იულიუს და ეტელ როზენბერგების (სიკვდილით დასაჯეს 1953 წელს) გადაბირება, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებს ამერიკის ატომურ საიდუმლოებებზე ინფორმაციას აწვდიდნენ.

ცნობილია ე.წ. ბერლინის გვირაბის შესახებაც, როცა “კა–გე–ბემ” ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ბრიტანეთის დაზვერვას 6 მლნ დოლარი დაახარჯვინა გვირაბის გათხრაში, სანაცვლოდ კი დეზინფორმაციას აწვდიდნენ; ე.წ. კემბრიჯის ხუთეულის გადაბირება, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ ბრიტანეთის დაზვერვაში, მაგალითად, კიმ ფილბი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის _ “მი-6”-ის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში, გაი ბერჯერი, საგარეო საქმეთა სამინისტროში კონტრდაზვერვის თანამშრომელი და ტელეკომპანია “ბი–ბი–სის” წამყვანი; “კა–გე–ბეს” კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია იყო გადაბირება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კონტრდაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელ ოლდრიჩ ეიმსისა, რომელიც 9 წლის განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას საბჭოთა სპეცსამსახურებს, მაგრამ საკმაოდაა ისეთი სპეცოპერაცებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინათ გავრცელდა. ვფიქრობთ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს მასალა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (“კა–გე–ბე”) 5 წარმატებული ოპერაციაზე.

ოპერაცია “ვიხრი” (“გრიგალი”)

1956 წლის 3 ნოემბერს, გვიან საღამოს, “კა-გე-ბეს” ოფიცრებმა უნგრეთის თავდაცვის ახალი მინისტრი პალ მალეტერი დააპატიმრეს. 4 ნოემბერს, დილის 6 საათზე, საბჭოთა სარდლობამ ეთერში გაუშვა კოდირებული სიგნალი “გრომი” (“მეხი”), რომელიც ნიშნავდა ოპერაცია “ვიხრის” დაწყებას უნგრეთში ამბოხების ჩასახშობად. ამბოხების ჩახშობა დავალებული ჰქონდა განსაკუთრებულ კორპუსს.

ოპერაცია “ვიხრში” მონაწილეობდა 15-ზე მეტი სატანკო, მექანიზებული, მსროლელთა და საავიაციო დივიზია, აგრეთვე, მე-7 და 31-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიები, სარკინიგზო ბრიგადა (60 ათასზე მეტი ადამიანი). სამოქალაქო ობიექტების დასაკავებლად შეიქმნა სპეცრაზმები, რომლებსაც მხრს უჭერდა 150 მედესანტე, მედესანტეთა საბრძოლო მანქანები და 10-12 ტანკი.

თითოეულ რაზმში იყვნენ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, მათ შორის, გენერალ-მაიორი პავლე ზირიანოვი, გენერალ-მაიორი კუზმა გრებენიკი (მოგვიანებით ბუდაპეშტის სამხედრო კომენდანტი), ცნობილი არალეგალი ალექსანდრე კოროტკოვი.

მათი ამოცანა იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმინისტრ იმრე ნადის მთავრობის წევრების დაპატიმრების ორგანიზება. საბჭოთა სამხედროებმა ერთ დღეში დაიკავეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ყველა ძირითადი ობიექტი. იმრე ნადის მთავრობის წევრებმა თავი იუგოსლავიის საელჩოს შეაფარეს.

22 ნოემბერს, 18 საათსა და 30 წუთზე, ბუდაპეშტში, იუგოსლავიის საელჩოსთან გამოჩნდა მსუბუქი ავტომობილები და პატარა ავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდნენ დიპლომატები და უნგრეთის მთავრობის წევრები, მათ შორის, იმრე ნადიც. სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პოდპოლკოვნიკმა მგზავრებს ავტობუსის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ მათ რეაქციას არ დალოდებია, ავტობუსი ალყაში მოაქცია რამდენიმე ჯავშანმანქანამ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ივანე სეროვმა კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მოახსენა, რომ “იმრე ნადი და მისი ჯგუფის წევრები დააპატიმრეს, გადაიყვანეს რუმინეთში და საიმედოდ იცავენ”.

სტეპან ბანდერას ლიკვიდაცია

უკრაინელი ნაციონალისტის, ანტისაბჭოელი ბანდერას ლიკვიდაცია იოლი არ გახლდათ. ის ყოველთვის გარშემორტყმული იყო დაცვის წევრებით, ამასთანავე, მფარველობდნენ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები, სწორედ მათი წყალობით ჩაიშალა რამდენიმე თავდასხმა უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ლიდერზე. მაგრამ “კა-გე-ბე” მოთმინებით ელოდებოდა ხელსაყრელ მომენტს. სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი ბოგდან სტაშინსკი ჰანს-იოახიმ ბუდაიტის პასპორტით რამდენჯერმე ჩავიდა მიუნხენში სტეპან ბანდერას ადგილსამყოფელის დასადგენად. ბანდერას ფსევდონიმი იყო პოპელი (გერმ. _ ბრიყვი). სტაშინსკიმ ბანდერას ადგილსამყოფელს სატელეფონო ცნობარის დახმარებით მიაგნო _ სწორედ პოპელის გვარით ცხოვრობდა ბანდერა მიუნხენში. სტაშინსკი საკმაო ხანს ემზადებოდა ოპერაციის ჩასატარებლად. როდესაც კიდევ ჩავიდა მიუნხენში, უკვე ჰქონდა მკვლელობის იარაღი _ ციანიდის ამპულებით დამუხტული მინიატურული ორლულიანი მექანიზმი, ინჰალატორი და დამცავი აბები.

“კა-გე-ბეს” თანამშრომელი ხელსაყრელ მომენტს ელოდა. 1959 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 13 საათზე, დაინახა, როგორ შედიოდა ბანდერას ავტომობილი ავტოფარეხში. სტაშინსკიმ გამოიყენა წინასწარ მომზადებული კლიტის საღებელა და პირველმა შეაღწია სადარბაზოში. სტაშინსკიმ თავდაპირველად იფიქრა, კიბეზე დალოდებოდა ბანდერას, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაჩერდებოდა, რადგან ზედა სართულების კიბის უჯრედებზე ქალები ლაპარაკობდნენ და შეამჩნევდნენ, ამიტომ მაღალ სართულზე ასული, ქვემოთ დაეშვა. შეხვედრა მოხდა ბანდერას ბინასთან, მესამე სართულზე. ყოველთვის ფრთხილმა უკრაინელმა ნაციონალისტმა, რომელსაც იმ მომენტში დაცვა არ ახლდა (სადარზაბში შესვლისთანავე დაითხოვა), იცნო ბოგდან სტაშინსკი _ მანამდე ეკლესიაში ნახა. კითხვაზე “აქ რას აკეთებთ?” სტაშინსკიმ ბანდერას სახის მიმართულებით მილივით დახვეული გაზეთი გაიშვირა, რომელშიც პისტოლეტი-შპრიცი იდო. გაისმა გასროლა. სახეგასისხლიანებული ბანდერა კიბეზე დაეცა. სტაშინსკი კი სასწრაფოდ მიიმალა. სხვათა შორის, სტაშინსკიმ ანალოგიური მოწყობილობით მიუნხეში სიცოცხლეს გამოასალმა უკრაინელი ნაციონალისტების კიდევ ერთი ლიდერი _ ლევ რებეტი.

აუგუსტო პინოჩეტი
ოპერაცია “ტუკანი”

შურისძიების აქციებისა და ამბოხებების ჩახშობის გარდა, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ძალისხმევას არ იშურებდა საბჭოთა კავშირის მეგობარი რეჟიმების მხარდასაჭერად.

1976 წელს საბჭოთა კავშირისა და კუბის სპეცსამსახურებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია “ტუკანი” (ტუკანი _ ფრინველთა ოჯახი კოდალასნაირთა რიგიდან). ამ სპეცოპერაციის მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრის შექმნა ჩილეს დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის მიმართ, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მისი და ჩილეს მთავარი მტერი არის კომუნისტური პარტია. ოპერაციის იდეა ეკუთვნოდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის იმჟამინდელ თავმჯდომარეს, მომავალში სსრკ-ის ლიდერ იური ანდროპოვს.

ოპერაცია “ტუკანს” ჰქონდა ორი მიზანი: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში პინოჩეტის ნეგატიური იმიჯის შექმნა და უფლებათა დამცველი ორგანიზაციების სტიმულირება აქტიური მოქმედებების დასაწყებად ჩილეს ლიდერზე გავლენის მოსახდენად.

დაიწყო საინფორმაციო ომი. პოპულარულ ამერიკულ გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნდა 66 სტატია, რომლებშიც ლაპარაკი იყო ჩილეში ადამიანის უფლებებზე, 4 სტატია მიეძღვნა “წითელ ქმერებს” კამბოჯაში, და 3 სტატია _ ადამიანის უფლებების დაცვას კუბაზე.

ოპერაცია “ტუკანის” მიმდინარეობისას “კა-გე-ბემაც” გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აშშ-ის დაზვერვა დადანაშაულებული იყო ჩილეს სპეცსამსახურების თანამშრომლების პოლიტიკურ დევნაში. ამ წერილში მონაცემები ფალსიფიცირებული იყო, თუმცა ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის, “ნიუ იორკ თაიმსის” თანამშრომელი ჯეკ ანდერსონი, მტკიცებულებად იყენებდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინააღმდეგ და წერდა, რომ ამერიკის დაზვერვამ ოპერაცია “კონდორის” მიმდინარეობისას სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში ოპერაციის ლიდერების ლიკვიდაცია მოახერხა.

ჯონ უოლკერი
ჯონ უოლკერის გადაბირება

სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სახელი გაითქვა დასავლეთის სპეცსამსახურების სპეციალისტების გადაბირებით. ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია კი იყო 1967 წელს ამერიკელი ჯონ უოლკერის გადაბირება, რომელიც ინფორმაციის დაშიფვრა-გაშიფვრის სპეციალისტი გახლდათ.

ამასთანავე, “კა-გე-ბემ” ხელში ჩაიგდო ამერიკული მოწყობილობა KL-7, რომელსაც აშშ-ის ყველა სპეცსამსახური იყენებდა ტექსტების დასაშიფრავად.

ჟურნალისტმა პიტ ერლიმ, რომელმაც წიგნი დაწერა უოლკერზე, განაცხადა, რომ “ამერიკელი სპეციალისტის გადაბირებით შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს თავისი საკომუნიკაციო ცენტრი თითქოს პირდაპირ წითელ მოედანზე ჰქონდათ გახსნილი”.

17 წლის განმავლობაში(!), სანამ ჯონ უოლკერს გამოააშკარავებდნენ, აშშ–ის შეიარაღებული და სადაზვერვო ძალები პატურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ _ იქ, სადაც უნდა ჩატარებული კონსპირაციის ყველა წესის დაცვით ორგანიზებული საიდუმლო სწავლება, ყოველთვის ჩნდებოდნენ “კა–გე–ბეს” თანამშრომლები.

შიფრის კოდების გასაღებს უოლკერი ყოველდღიურად გადასცემდა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებს, მაგრამ თავის აგენტურულ ქსელში ოჯახიც ჩართო, რის გამოც თავი დაიღუპა. ჯონ უოლკერი განსასჯელის სკამზე ყოფილი ცოლის, ბარბარას, ჩვენების საფუძველზე აღმოჩნდა. უოლკერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

“ჰეზბოლას” მძევლების გათავისუფლება

1985 წლის 30 სექტემბერს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მძევლად აიყვანეს საბჭოთა კავშირის საელჩოს 4 წარმომადგენელი, მათგან ორი “კა-გე-ბეს” თანამშრომელი იყო _ ვალერი მირიკოვი და ოლეგ სპირინი.

მძევლად აყვანა “კლასიკური” სცენარის მიხედვით განხორციელდა: მანქანების ბლოკირება, შავი ნიღბები, სროლა, მუქარა. საკონსულო განყოფილების თანამშრომელი არკადი კატკოვი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ტყვიამფრქვევის ჯერით შეაჩერა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაიკისრა ლიბანურმა დაჯგუფება “ხალედ ბინ ალ-უალიდის” ძალებმა, მაგრამ “კა-გე-ბეს” რეზიდენტურამ ბეირუთში გამოარკვია, რომ მძევლად აყვანის ნამდვილი ორგანიზატორები იყვნენ “ჰეზბოლას” შიიტი ფუნდამენტალისტები და პალესტინის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (ფათჰი) აქტივისტები. სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, აგრეთვე, მოიპოვა ინფორმაცია, რომ საბჭოთა დიპლომატების მძევლად აყვანა შეთანხმებული იყო ირანის მაღალ სასულიერო პირებთან, ტერორისტებმა კი თავდასხმაზე თანხმობა მიიღეს “ჰეზბოლას” რელიგიური ლიდერის _ შეიხ ფადლალისგან. ამ ტერორისტულ აქციას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. “ჰეზბოლას” სურდა, მოსკოვი აეძულებინა, მოეხდინა გავლენა სირიაზე, რათა ამ ქვეყნის ხელისუფლებას უარი ეთქვა ტრიპოლსა (ლიბიის დედაქალაქი) და ბეირუთში “ბოევიკებისგან” იმ ტერიტორიების გაწმენდის ოპერაციის ჩატარებაზე, რომელსაც “ჰეზბოლა” და ფათჰი აკონტროლებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა თითქმის ყველა მოთხოვნა შეასრულა, ტერორისტები მძევლების გათავისუფლებას არ ჩქარობდნენ. ცენტრმა დაავალა თავის რეზიდენტს ბეირუთში, შეხვედროდა “ჰეზბოლას” იმჟამინდელ სულიერ ლიდერს და აეძულებინა ის, გაეთავისუფლებინა მძევლები.

შეხვედრა გაიმართა. რეზიდენტმა განაცხადა, რომ აქამდე “სსრკ-მა მოთმინების მაქსიმუმი გამოავლინა, ამიერიდან კი შეიძლება სერიოზულ მოქმედებებზე გადავიდეს”.

აიათოლამ გაიფიქრა, რომ, თუ საბჭოთა დიპლომატებს არ გაათავისუფლებდა, “შემთხევით გაშვებული” საბჭოთა რაკეტა, მაგალითად, CC-18, “შემთხვევით” დაეცემოდა შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმს ან სხვა ადგილს შუადღის ლოცვისას, ამიტომ განაცხადა, რომ ალაჰის შემწეობით გაათავისუფლებდა მძევლებს.

ამასთანავე, “კა-გე-ბეს” რეზიდენტურამ ბეირუთში შეძლო იმად მუგნიას (ის ხელმძღვანელობდა მძევლების აყვანას) უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრის გადაბირება. ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ გაამართლა: მძევლად აყვანიდან ერთი თვის თავზე საბჭოთა დიპლომატები გაათავისუფლეს.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

                                                                                         ლუკა მაისურაძემ