აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის გასწვრივ გრძელდება. კერძოდ, დაპირისპირება მიმდინარეობს აღდამის, ფიზული-ჯებრაილისა და ზანგილანის მიმართულებებზე. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე, მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან გახსნეს ცეცხლი.
აზერბაიჯანული მედია ასევე იტყობინება, რომ სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 3 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გაბალისა და ქურდამირის რაიონების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უარყოფს და ბაქოს ყალბი ინფორმაციის გავრცლებაში სდებს ბრალს.
ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფმა ცენტრალურ მიმართულებაზე დივერსიული შეტევა სცადა, რომელიც მოგერიებულ იქნა. თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
წყარო: newposts.ge