თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული საქონელი არასდროს შეისყიდონ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ბოლო დროს ისლამისტების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ იორდანიის, კატარისა და ქუვეითის ზოგიერთი სუპერმარკეტში ფრანგული პროდუქცია აღარ იყიდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უსაფუძვლო” მოწოდებები ბოიკოტისკენ ”რადიკალურმა უმცირესობამ წამოიწყო”.
„ბოიკოტის შესახებ მოწოდებები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა შეტევა, რომელსაც ბიძგს რადიკალური უმცირესობა აძლევს, უსაფუძვლოა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, პარიზის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის მკვლელობის შესახებ საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, “ისლამისტური სეპარატიზმი” საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის. ამ კომენტარის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონი მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. „რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან? მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, – განაცხადა ერდოღანმა. აღნიშნული კომენტარის შემდეგ საფრანგეთმა ანკარადან ელჩი გაიწვია.
“აიპიენი”