ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტადიონების გახსნას გეგმავს

ამ  დროისთვის რამდენიმე სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს – ვაკეში, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოზე და დიდ დიღომში

ქართული ფეხბურთის მომავლისთვის აუცილებელია ახალი სტადიონების არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის რეგიონებშიც გახსნა, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

მისი თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებსა და მის შემოგარენში უკვე ხორციელდება კონკრეტული პროექტები. მშენებლობას აფინანსებს სფფ და ფიფა.

განხორციელებულ პროექტებს შორისაა გლდანსა და ვარკეთილში საფეხბურთო ცენტრები.

„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტის განხორციელება, რათა იყოს მეტი სტადიონი, რომელზეც უფრო მეტი ბავშვი ივარჯიშებს, ვიდრე დღეს. ჩვენ უკვე ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს ვაკეში, სპორტის აკადემიის სტადიონის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოზე და დიდ დიღომში“, – განაცხადა კობიაშვილმა პირველი არხის ეთერში.

მომავალ კვირაში დაგეგმილია სპორტის აკადემიის სტადიონის გახსნა.

ზაფხულში დასრულდა ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა.  უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილას, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

“სპუტნიკი”