ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, დავით ხვიბლიანი „მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივლებს.
ამის შესახებ ხვიბლიანმა „პრაიმტაიმნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, გვარამიას გარდა ყველა იმ პირის მიმართ დაიწყებს სამართლებრივ დავას, ვინც მისი სახელი თავდამსხმელთან დააკავშირა და ტერორისტის თანამზრახველად მოიხსენია. ხვიბლიანი სასამართლოში სარჩელის შეტანას პატივისა და ღირსების შელახვის მუხლით გეგმავს.
„გვარამიამ და ამ ადამიანებმა სრულიად დაუმსახურებლად მომაყენეს შეურაცხყოფა, ლაფში ამოსვარეს ჩემი სახელი, სამხედრო ფორმა და მთლიანად ქართული ჯარი. თითქოს მე, საქართველოს ჯარისკაცი ვარ ვიღაც კრიმინალის და ტერორისტის თანამზრახველი. ამით ჩემს ოჯახსაც უდიდესი მორალური ტრავმვა მიაყენეს, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ რეაგირების გარეშე… ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ასეთი სიბინძურე დამაბრალა საჯაროდ მოუწევს ბოდიშის მოხდა”, – განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს” დავით ხვიბლიანმა.
ცნობისთვის: „მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და რამდენიმე პირმა მძევლად მყოფი დავით ხვიბლიანი თავდამსხმელის მოკავშირედ მოიხსენიეს.
წყარო: ptn.ge