ვიდრე დიდი ქვეყნების ზეწოლა გამკაცრდება, აზერბაიჯანი ცდილობს სტრატეგიული სივრცე დაიკავოს

დღეს, 26 ოქტომბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული ზავი გაფორმდა. შეთანხმება აშშ-ს დეპარტამენტის დახმარებით შედგა.

ერთობლივი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 26 ოქტომბერს 08:00 საათზე შევიდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან, რამდენიმე წუთში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთი ვაშინგტონის ჩართულობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული ტერიტორია ე.წ ლაჩინის კორიდორი დაიკავოს.

„აზერბაიჯანული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ზეწოლა გამკაცრდება მსოფლიოს საზოგადოების და დიდი ქვეყნების მხრიდან, მანამდე აზერბაიჯანმა მოახერხოს, რაც შეიძლება უკეთესი სტრატეგიული სივრცის დაკავება და იგულისხმება ლაჩინის კორიდორი. ლაჩინის კორიდორამდე 10 კილომეტრია დარჩენილი, გუშინ და დღეს საბრძოლო მოქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ლაჩინის კორიდორი იყოს ლიკვიდირებული.

ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღი პრაქტიკულად ერთი პატარა ვიწრო ზოლის გარდა მოწყვეტილი იქნება სომხეთისგან. თუ იმ ინტენსივობით გააგრძელა, როგორიც აქამდე იყო, ბაქოში ფიქრობენ რომ მოასწრებენ, თუმცა მე ვფიქრობ რომ ვერ მოასწრებენ“, – ამბობს არეშიძე.

მამუკა არეშიძის განცხადებით, ლაჩინის დასახლებაში უკვე გამოჩნდნენ რუსი სამხედროები, „დამკვირვებლების“ სახით, რაც აზერბაიჯანული მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს.

კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური ბაქო იერიშს მიიტანს აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტიში შესაძლოა უკვე რუსეთიც ჩაერთოს. აქამდე რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ოფიციალურად ვერ ერთვებოდა.

„მერე უკვე ეს ამბავი შეწყდება. ლაჩინის კორიდორს ვეღარ აიღებენ, იმიტომ რომ ლაჩინში პირველად გამოჩნდნენ რუსი სამხედროები, ვითომ დამკვირვებლების სტატუსით და გაფრიალეს რუსული დროშა. თვითონ ლაჩინის კორიდორზე შეტევის სემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ გადაიზარდოს რუს სამხედროებზე თავდასხმაში“, – განმარტავს არეშიძე და პარალელს ავლებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე, სადაც რუსული მხარე საქართველოს მიმართ, ძირითად ბრალდებად მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას იყენებდა.

წყარო: ptn.ge