დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე არჩევნებამდე 5 დღით ადრე ახალქალაქში.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი ამბობს, რომ სოფელ პატარა სამსარში მას ენზელ მკონიანის მხარდამჭერთან ინციდენტი მოუვიდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში მოხვდა.
დეპუტატობის კანდიდატი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. მანუკიანის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სამველ მანუკიანის თქმით, სოფელში დაწყებული შელაპარაკება ახალქალაქში, “ქართული ოცნების” შტაბში გაგრძელდა, ის მომხდარს პროვოკაციად აფასებს.
პარლამენტის ახალქალაქი- ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” სამველ მანუკიანი დაპირისპირების დეტალებს აღწერს.
“სუფრასთან ვისხედით, როცა შემოვიდა ჰაის რსტაკიანი და მითხრა რისი გამკეთებელი ხარ დეპუტატობა, რომ გინდაო. მერე თითი დამადო მხარზე და რომ გაგვაშველეს, მოულოდნელად მომიტრიალდა და დამარტყა სახეში. ვფიქრობ ენზელის მოგზავნილი ხალხია და მის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა. მანამდე ამბობდა, რომ მკოიანს შეუძლია გაზი გამოგვიყვანოს სოფელში და შენ რას გაგვიკეთებო. ესეთი ხალხი დარჩა მხოლოდ ენზელ მკოიანს. დაახლოებით 10 წამს გაგრძელდა ეს შელაპარაკება. ვიცოდით, რომ პროვოკაციები იქნებოდა, მით უმეტეს, რომ სამი თვეა ასე გრძელდება. დანარჩენი უკვე სამართალდამცველების საქმეა,” – განაცხადა სამველ მანუკიანმა.
“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი კონკურენტს სიცრუეში ადანაშაულებს. ენზელ მკოიანის თქმით, რესტორანში შემთხვევის ადგილას მისი ხალხი საერთოდ არ ყოფილა.
“ის ყველაფერს იტყუება, ერთ-ერთი სოფლის რესტორანში იყო. მანუკიანმა იხულიგნა, დათვრა. იქ ჩემი არცერთი აქტივისტი არ ყოფილა. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა მე თვითონ ცოტახნის შემდეგ გავიგე, ჩხუბის შესახებ. რატომ მაბრალებს ამ ყველაფერს არ ვიცი, სავარაუდოდ ჩვენი კონკურენციის ბრალია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ჩემი ხალხი შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ყოფილა. მანუკიანი არაკაცურად იქცევა და ყველაფერს იტყუება,”- განაცხადა ენზელ მკოიანმა.
“რუსთავი2”