იტალიის ქალაქებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები მილანსა და ტურინში არეულობაში გადაიზარდა.
როგორც „გარდიანი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება. ტურინში აქციის მონაწილეებმა ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები დაარბიეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
პოლიციასთან შეტაკებები მოხდა მილანშიც. „თავისუფლება! თავისუფლება!“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებიც ქალაქის ცენტრში სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, იტალიის მთავრობამ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რესტორნებისა და ბარების მუშაობის საათები შეზღუდა. დახურეს სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები. რამდენიმე რეგიონში ღამით კომენდანტის საათი შემოიღეს.