“ქართული ოცნების“ საიდუმლო შტაბები მუნიციპალიტეტებში – არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელისუფლებო პარტია დამატებითი ძალების ჩართვას საჭიროებს.
ერთ-ერთი საიდუმლო შტაბი, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაკვლია, სამტრედიაში „წითელი ჯვრის“ ოფისშია განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შტაბში „ოცნების“ მაღალჩინოსნები და პარტიასთან დაახლოებული პირები იკრიბებიან და სუსათსა და ფულს საარჩევნოდ ხმების მოსაზიდად ანაწილებენ.
სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არც ერთ დარღვევას არ დატოვებს უყურადღებოდ და ყველა მასალას გაასაჯაროებს:
“ჩვენ მივმართეთ არასამთავრობოებს და შევატყობინეთ, რომ შტაბები “წითელი ჯვრის” ოფისშია ამოქმედებული. ჩემი ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდებიან გერმანიის სათავო ოფისს და საქმის კურსში ჩააყენებენ, თუ როგორ მოქმედებს ორგანიზაცია საქართველოში – ეს არის უკანონობა და სისხლის სამართლის საქმე”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, „ქართული ოცნების“ სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციაში ფარული შტაბების არსებობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია.
წყარო: newposts.ge