მწერალი, რეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
– რა არის ქართველობა? –
როცა ქართველი კაცი ნამდვილად ქართულ ცხოვრების წესზე და მშობლიურ ლიტერატურაზე იზრდებოდა, შვილები ,,დავითებად,, ყალიბდებოდნენ და მათზე სწორდებოდნენ. გადაგვარებულ საქართველოში კი ,,ყვარყვარეებეებად” ყალიბდებიან თაობები, რომლებმაც მართალი რომ ვთქვათ აღარც დავითობა იციან რა ხილია და აღარც ყვარყვარეობა. თორემ რომ იცოდნენ, ხომ არ დაემსგავსებოდნენ ასე მასობრივად ყვარყვარეებს, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს, კვაჭი კვაჭანტირაძეს, ლუარსაბ თათქარიძეს თუ კახაბერ ყორღანაშვილს? რაღა თქმა უნდა არა. არადა ზოგჯერ ქართული კულტურა უკვე სიკვდილის პირას მიყვანილი კულტურა მგონია, რადგან ქართველები თანდათან ვშორდებით მას. ჩვენი თვალუწვდენელი და შედევრებით დატვირთული წიგნის თარო ცალკეა, ქართველები კი ცალკე, ის კი არა გრანტ – ბიუჯეტსაც არ ვიშურებთ იმ ლიბერ – პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც საგულდაგულოდ აძულებს ჩვენ შვილებს ყველაფერ ქართულს და ცხვირწინ უპიარებს ქართველის ისეთ სახეს როგორიც ან საბჭოეთის დროის გადაგვარებულ ქართველს წარმოსახავს, ან მეფის რუსეთის მონას, ან გაშარჟებულ გმირს, რომელსაც ჭეშმარიტი ქართველის ხასიათისა არაფერი სცხია. ნუ გაგიკვირდებათ ასეა, რადგან ზოგჯერ ის რაც ჩვენ ქართული გვგონია სულაც არ არის ქართული, არამედ ბოლო 400 წლის მანძილზე ოკუპაცია — გენოციდებში და სხვადასხვა იმპერიათა იდეოლოგიურ წნეხ – გადაგვარებებში შეძენილ – გამომუშავებული ე.წ. ,,ეროვნული მახასიათებლებია”, რომელთაგანაც არათუ გამიჯვნას შევეცადეთ ,,დამოუკიდებლობის დროს”, არამედ მთელი ეს უარყოფითი თვისებები სახელმწიფოებრივ რანგში ავიყვანეთ და დავხვეწეთ, ხოლო ქვეყნის მესვეურებად ზუსტად ისეთი ტიპაჟები გავაბატონეთ: – აი იაკობ ხუცესის – ,,ვარსქენ პიტიახშიდან” მოყოლებული თუ ვინმე იუდა და ამაზრზენი პერსონაჟი შეუქმნიათ საუკუნეების მანძილზე ჩვენ მწერლებს, გაჭრილი ვაშლივით, რომ გვანან და ასეთ ხვითოებს ჩვენი მომავალი ვანდეთ. ამიტომაც უნდა იცოდეს და იყენებდეს ერი საკუთარ კულტურას სახელმძღვანელოდ და სისხლში ჰქონდეს გამჯდარი, რადგან მრუდე წინაპრის გზას არ დაადგეს და ისეთი ჯგროს სახე არ მიიღოს როგორიც სახეზეა…
გურამ ქართველიშვილი