1932 წელს გერმანიაში გამოცემული იოსებ ირემაშვილის წიგნი “სტალინი და საქართველოს ტრაგედია” ჩემთვის დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო.
არაფერი ვიცოდი, აგეთვე, მისი ავტორის შესახებ. არადა, ამერიკელი მწერლისა და ბიოგრაფის _ რობერტ პეინის მასალების ძირითადი საყრდენი ირემაშვილის “სტალინი და საქართველოს ტრაგედიაა”. იოსებ ირემაშვილის “მარგალიტებს” ასევე ხშირად იყენებენ რობერტ ტაკერი (“სტალინი _ გზა თავისუფლებისაკენ”), ანტონოვ–ოვსეენკო და სხვები, ვისაც არ ეზარებოდა, ტალახი ესროლა სტალინის სახელისთვის.
ამჟამად ხელთ მაქვს სწორედ ის წიგნი, რომელიც 1932 წელს დაისტამბა გოეთეს სამშობლოში, კერძოდ, ქალაქ ბერლინში, და რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები მაკულატურაა და მეტი არაფერი.
რა შეიძლება შეიტყოს მკითხველმა ამ წიგნიდან, რომელსაც “სიყალბე ჭეშმარიტებისა” ვუწოდე? წიგნის წინასიტყვაობის ავტორი, აწ განსვენებული პროფესორი შოთა ბადრიძე აღნიშნავს: “იოსებ ირემაშვილის განცხადება, რომ 1907 წელს კობა–სტალინი არაპირდაპირ იდგა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის უკან, საკმარისი არ არის სტალინის დასადანაშაულებლად წიწამურის ტრაგედიაში. ირემაშვილის მონათხრობიდან არარეალურია მისი ჩვენება სტალინის მამის, ბესო (ბესარიონ) ჯუღაშვილის, არაქართული წარმოშობის შესახებ, _ ოსი იყოო ეროვნებით. ი. ირემაშვილზე დაყრდნობით, ბორის სუვარინი ფრანგულ ენაზე გამოცემულ სტალინის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ არაქართველი, კერძოდ, ოსი იყო სტალინის დედაც (კეკე) გელაძე. რაც, ცხადია, აბსურდია. სტალინის გვარის წარმოშობაზე და გენეალოგიაზე ნაშრომი დაწერა ივ. ჯავახიშვილმა და დაადასტურა მისი ქართული წარმომავლობა, რომელიც ეჭვს არ იწვევს”.
მკითხველი, ალბათ, მიხვდება, საიდან მოდის ეს საზიზღარი ცილისწამებები _ სტალინის დაკავშირება ილიას მკვლელობასთან ან სტალინის ოსური წარმომავლობა, ან თუნდაც მისი დედის, კეკეს, ოსად მონათვლა და სხვ.
იოსებ ირემაშვილი თავის წიგნში წერს: “სოციალ-დემოკრატიული პარტია და მისი პრესა ილიას მკვლელობას ეროვნულ დანაშაულად მიიჩნევდა. დამწუხრებული ქართველი ხალხი ჟორდანიას გარშემო შემოიკრიბა და უკანასკნელი პატივი მიაგო დიდ მწერალს. ჟორდანიამ ხალხის სახელით საფლავი გვირგვინით შეამკო და მკვლელის სახელი დაწყევლა”.
იოსებ ირემაშვილი
ირემაშვილი ცრუობს, როდესაც წერს, რომ ნოე ჟორდანიამ გვირგვინით შეამკო ილიას საფლავი. ნოე ჟორდანია საერთოდ არ ყოფილა ილიას დაკრძალვაზე. სოციალ–დემოკრატების სახელით სამგლოვიარო მიტინგზე გამოსულმა კარლო ჩხეიძემ ასე მიმართა საფლავში ჩაუსვენებელ, თავგადახდილ კუბოში მწოლიარე ილიას: “ჭეშმარიტებიდან ძალიან შორს იქნება, თუ ვინმე იტყვის, თითქოს ჩვენ, ყველანი, ერთნაირად ვუყურებთ შენს წარსულს, ყველანი ერთნაირად ვაფასებდეთ შენს მოღვაწეობას… დაე, გაქონ და გადიდონ შოვინისტებმა, როგორც მამულიშვილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით ასეთების ქებათა ქებას”.
მეორე დღეს, 9 ოქტომბერს, ნოე ჟორდანია გაზეთ “ჩვენს გზაში” წერდა: “არა მკვლელობა, მაგრამ ხალხის განწყობა ტრაგედიისათვის ნიადაგის მომზადებისა, მთლიანად სოციალ–დემოკრატების უდიდესი დამსახურება იყო”. და თავის წერილს ამთავრებს სიმართლესთან სრულიად შეუფერებელი გამოთქმით: “სადაც ხეები იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივა”.
ვაი, რომ შემდგომ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა კაცი, რომელიც ილიას ნაფოტს ადარებდა, თავისი თავი კი პირველ ქართველად და პირველ პოლიტიკოსად მიაჩნდა.
ილიას მიმართ მენშევიკების რეაქციულმა დამოკიდებულებამ 1897 წელს იჩინა თავი, როდესაც მისი დაბადებიდან 60 წლისთავი არ გადაახდევინეს საზოგადოებას. ისე შეაძულეს ხალხს ილიას სახელი, რომ დაბადების წლისთავის აღნიშვნა ვერც 1898 წელს შეძლეს, ხოლო 1903 წელს ნაძალადევში ბიბლიოთეკის გახსნაზე მისული ილია ჭავჭავაძე სოციალ–დემოკრატების წაქეზებით ბრბომ კინაღამ ჩაქოლა.
“ილია დარჩა მარტოდმარტო, უმწეო, უამხანაგო, უკარისკაცო და მარტოდმარტო დაიღუპა… ილიას ძველი საქართველო დამარცხდა, ის მოკვდა და ალაგი ახალ საქართველოს დაუთმო. ძველ საქართველოსთან ერთად დამარცხდა მისი დაუღალავი იდეოლოგია”, _ ასე შეაფასა დამოუკიდებელი საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი და გულანთებული პატრიოტი, ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე საქართველოს დამოუკიდებლობის უარმყოფელმა და საქართველოს შავ ბაზარზე გასაყიდად გამომტანმა უდღეურმა მენშევიკურმა მთავრობამ.
იოსებ ირემაშვილი, ალბათ, სხვა ილიაზე წერს ან სხვა ილიას დასაფლავებას აღწერს. ქართველმა მეცნიერებმა კი ჭეშმარიტება გაარკვიეს და სტალინზე დაწერეს:
“ილია ჭავჭავაძესთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებულ ტაქტსა და თავშეკავებულობას იჩენდა სტალინი. ის არც 1901-1904 წლებში და არც შემდგომ პერიოდში ილიას წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიაში არ მონაწილეობდა. ილიას მიერ ხელდასმულ მოღვაწეს (ი. ჯუღაშვილს) კარგად ესმოდა ერის მამის დამსახურება, მისი ადგილი საქართველოს ახალ ისტორიაში”. (ვახტანგ გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, 2000 წ. გვ.12).
ახლა კი ყური მივუგდოთ იოსებ ირემაშვილის ბრძოლების გმირულ ისტორიებს 1921 წლის მოვლენებზე:
* “მცირერიცხოვანი ქართული არმია, გმირული ბრძოლის მიუხედავად, ამ შეიარაღებულ თავდასხმას ვერ გაუმკლავდებოდა. მთავრობის მოწოდებას, დაეცვათ სამშობლო მოღალატური თავდასხმისაგან, მთელი ქართველი ხალხი შეუერთდა. აღმოსავლეთ საქართველოდან შავ ზღვამდე, ბათუმამდე, თითოეული გოჯი მიწისათვის არაადამიანური, უთანასწორო ომი მძვინვარებდა. ხალხი თავდავიწყებით იბრძოდა სამართლიანობისა და ადამიანობის დასაცავად. ხალხი იბრძოდა, ვიდრე სტალინის ცხოველად ქცეულმა ყაჩაღურმა ბანდამ ქვეყანა ხელში არ ჩაიგდო _ აღმოსავლეთიდან ბათუმამდე. კავკასიის მთებში ათასობით მამულიშვილის სისხლი იღვრებოდა. 18 თებერვალს დამპყრობლები თბილისს მოადგნენ. აღმოსავლეთ შემოსასვლელში მთელი ღამე დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა. შიშით გათანგულ ქალებსა და ბავშვებს ყუმბარების ხმა და ზარბაზნების გრუხუნი ესმოდათ. ჩვენი მცირერიცხოვანი არმია არნახულ წინააღმდეგობას უწევდა ზებუნებრივ ძალას”.
იქვე:
*”ერთი თვის შემდეგ, რამდენიმე პატიმართან ერთად მეტეხის ციხეში გადამიყვანეს. ციხე სავსე იყო “პოლიტიკური დამნაშავეებით”, რომელთა დანაშაულიც სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში მონაწილეობა ანდა მეფის სამსახურში ყოფნა იყო (ნეტა სადღა იყო იმ დღეებში მეფე? _ გრ. ონიანი). ბოლშევიკების რევოლუციური ტრიბუნალი, რომლის მოსამართლესაც კანონმდებლობის არანაირი ცოდნა არ გააჩნდა, იმ მიზეზის გამო, რომ უბრალოდ არანაირი კანონმდებლობა არ არსებობდა, თვითნებურად იჭერდა და ათავისუფლებდა ადამიანებს. დაუყონებლივ გზავნიდა ციმბირში ანდა საიქიოში ისტუმრებდა. ციხის უკანა მინდორზე საერთო სასაფლაო იყო გათხრილი. მსხვერპლი _ შიშველი და ხელებშეკრული, პირით საფლავისაკენ უნდა დაჩოქილიყო. ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს თუ ხვალ იგივე ბედს გავიზიარებდით და სიკვდილის შიშის მოლოდინში ციხის ფანჯრიდან ყველაფერი გვესმოდა. შიში და მრისხანება სულს გვიმღვრევდა და ნერვებს გვიფორიაქებდა. ამ ბარბაროსობის შემყურეს, ზოგს გონება უბნელდებოდა და ღრიალს იწყებდა, რათა ტანჯვის დრო შეემმოკლებინა ანდა სტალინისა და მისი ჯალათებისადმი ზიზღი გადმოენთხია. ამ ექსპედიციას საქართველოში სტალინი ხელმძღვანელობდა. 1921 წლის ივნისის შუა რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში, როგორც გამარჯვებული, ისე ჩამოვიდა. სტალინის გამარჯვებით ტკბობას ვერ ამღვრევდა მსხვერპლთა ენით აუწერელი ტანჯვა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემი და, ანეტა, თბილსის სასახლეში სტალინთან მისულა და ჩემი გათავისუფლება უთხოვია. სტალინი მას მოჩვენებითი კეთილგანწყობით შეგებებია, თუმცა ჩემმა დამ იცნო მისი დამალული, ფარული ბოროტება. მან თქვა: “მეცოდება სოსო, გული მტკივა და მაღელვებს მისი ბედი… მეორე დღეს რამდენიმე პატიმართან ერთად სტალინის უშუალო ბრძანებით გაგვათავისუფლეს. გათავისუფლებიდან სულ მალე ჩვენმა საერთო გორელმა მეგობარმა მომძებნა და სტალინის მიწვევა გადმომცა.
ჩვენი საუბარი ხანმოკლე იყო, პასუხი კი კონკრეტული: “გადაეცი სოსოს, რომ მე ხელს არ ჩამოვართმევ ჩვენი სამშობლოს მოღალატეს, რომლის სინდისიც უთვალავი თავგანწირული პატრიოტის სისხლითაა დამძიმებული”.
ძვირფასო მკითხველო, ირემაშვილის წიგნიდან ამონარიდებში რამდენი სიტყვაც წაიკითხეთ, იმდენივე სიცრუეა ნათქვამი, გარდა იმისა, რომ იგი ციხიდან ნამდვილად სტალინმა გაათავისუფლა.
ირემაშვილის ზღაპრები იქ მთავრდება, სადაც სტალინის ოჯახთან “გაშინაურებული” ამბობს: “ჩემ გვერდით სტალინის დედა იდგა. ისიც მიცვალებულებს (იუნკრებს) დასტიროდა. როდესაც სამარე მიწით ამოავსეს, მისკენ მივტრიალდი და ვუთხარი _ კეკე, ეს შენი შვილის დანაშაულია. მისწერე მოსკოვში, ის აღარ არის ჩემი მეგობარი! ის ქართველი ხალხის მტერი და მკვლელია”…
1927 წლის 27 მაისს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტში შევიდა 3 მაისით დათარიღებული წერილი ბერლინიდან. წერილი იწყებოდა საკმაოდ ფამილარული მიმართვით _ “სოსო”. მკითხველს წინასწარ ვაცნობებ, რომ წერილის ავტორი იყო 1921 წელს საქართველოდან ემიგრაციაში გადახვეწილი, იოსებ სტალინის სიყრმის მეგობარი იოსებ ირემაშვილი.
“…ბევრჯერ მქონია სურვილი, მიმოწერა გვქონოდა ერთმანეთთან ჩვენს შეხედულებებზე და ველოდებოდი გარკვეულ დროს. გასაგებია, რომ შენზეა დამოკიდებული ჩემი სურვილის ასრულება… როდესაც ციხეში ვიჯექი, შენ დედაჩემს უთხარი _ გული მტკივა, სოსო და მე სხვადასხვა ბანაკებში აღმოვჩნდითო. მე ახლაც მესმის შენი გულის ტკივილის. ასეც უნდა იყოს. მე ვიცი და მჯერა, შენ გესმოდა ჩემი გულისტკივილის და, ვგონებ, ახლაც გესმის, მიუხედავად დიდი ხნის განშორებისა. ეს ორი გული ხომ ბავშვობიდან ერთად ძგერდა, ერთად გაიზარდა და დიდხანს იყოფდა სიხარულსა თუ ტკივილს და, მიუხედავად დიდი ხნის განშორებისა, ჩვენი გულები ერთმანეთისთვის ძგერდა და უსიტყვოდ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, და თითქოს, ერმანეთისკენ ილტვოდნენ კიდეც. აი, მე ვარღვევ სიჩუმეს, ხოლო ამ სიჩუმის გაგრძელება შენზეა დამოკიდებული…”
წერილში მთავარი ირემაშვილის თხოვნაა:
“…მაქ, ჩემს სამშობლოში ჩემი ოჯახია, რომელსაც დახმარება ესაჭიროება. მე კი დაღლილი და ავადმყოფი ვარ (შინაგანი სეკრეციის ანთებით), რაც გამოიწვია მძიმე შრომამ და გადაღლამ და რომელიც დღითიდღე მიმძაფრდება. ანთება მთელ ორგანიზმს ედება და არ მაძლევს საშუალებას, თავი ვირჩინო. რა აღარ მოვსინჯე აქ _ სიმძიმის ზიდვა ზევით თუ ქვევით კიბეზე, ეზოებში სიარული და ბოლო დღეებია, ეს ავადმყოფობა უფრო და უფრო მაწუხებს. ვგრძნობ, კარგი არაფერი მელის წინ. სამწუხაროდ, არ ვცდები. გახსოვს, სემინარიაში ტუბერკულოზით დაავადებული იძულებული რომ ვიყავი, ბევრი რძე მესვა და შენ ხუმრობით მეუბნებოდი _ მანია გჭირსო. ვიმედოვნებ, ამჯერად ხუმრობას არ დაიწყებ. გულწრფელად გეტყვი, დღესდღეობით ჩემს წინაშე დგას სიკვდილის საკითხი _ თუ მე ჩავწვები ლოგინში, ვერც ვერავინ დამეხმარება და მაშინ მე სიკვდილს ვირჩევ. მე ახლა ისღა დამჩენია, რომ შუბლში ტყვია ვიხალო ან… მოგმართო შენ. აი, უკვე რამდენიმე წელია, მე ასე ვცხოვრობ და, დიდი ხანია, მინდოდა, დამეწერა შენთვის, მაგრამ ჩემი კრიტიკული მდგომრეობა ხელს მიშლიდა. ახლა კი ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობის სახელით, გთხოვ: დაუყოვნებლივ აღმომიჩინო დახმარება და გადამარჩინო სიკვდილს. ყელამდე ვალებში ვარ, მე კი მესაჭიროება სისტემატიური მკურნალობა და დასვენება. …ჩემი შვილები _ გოგია და ელენე _ უნივერსიტეტისთვის ემზადებიან, მასწავლებლების გარეშე და მათაც ძლიერ სჭირდებათ დახმარება. გთხოვ, დაუნიშნო მათ სახ. სტიპენდია. ვიცი, გამიგებ, თავადაც ხომ მამა ხარ”.
ამ წერილს სტალინმა ერთი სიტყვა დააწერა: “არქივში”.
რაც შეეხება სტალინის მხრიდან ირემაშვილის დახმარებას, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ირმაშვილმა, რომელსაც ესოდენ “ესაჭიროებოდა” დახმარება, კარგა ხანს იცოცხლა. მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ, რაც სტალინი და მისი თანამებრძოლები გაუმკლავდნენ ქვეყნის შიგნით არსებულ მტრებს (ოპოზიციას) და დაეუფლნენ (1929-1939 წწ.) ძალაუფლებას, გერმანიაში ირემაშვილი სწორედ მაშინ გაიხსენეს და მან სტალინზე წიგნიც კი გამოსცა.
თავად განსაჯეთ, დასაჯერებელია თუ არა ირემაშვილის მოგონებები სტალინზე, მოგონებები ადამიანისა, რომელიც ასეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა ემიგრაციაში. ადვილი მისახვედრია, რომ ის დაწერდა იმას, რაც აინტერესებდა მის დამკვეთს და ამით, ალბათ, ცხოვრების პირობები გაიუმჯობესა.
ირემაშვილი მემუარების წერას იწყებს 1890 წლის მოგონებებით, ანუ სტალინთან გაცნობით გორის საულიერო სასწავლებელში: “…სოსო ჯუღაშვილი _ ქართულად კი მეტყველებდა ჩვენსავით, მას გამომეტყველება ჩვენნაირი კი ჰქონდა, მაგრამ მისი ცივი მზერა და საუბრის მანერა ჩვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა… იგი იყო გამხდარი, მაგრამ ძლიერი, სპორტული აღნაგობის. მაღალ ფეხებზე შემდგარს ბავშვური სიარულის არაფერი ეტყობოდა და ხელებსაც უცნაურად ხმარობდა ხოლმე. სოსოს მოგრძო სახეს ჭორფლებთან ერთად ჩუტყვავილისგან დარჩენილი შრამები (იარები _ გ.ო.) ემჩნეოდა, ხოლო მისი ცივი, მაგრამ ცოცხალი თვალები კეთილგანწყობას ვერ გვიქმნიდა. ჩვენ, ყველანი, მალევე მივხვდით, რომ ეს ადამიანი ყველაფერზე იყო წამსვლელი ნებისმიერი გზით გამარჯვების მოსაპოვებლად. ის ფიზიკურად ძლიერი იყო და ჩვენ მისი გვეშინოდა კიდეც, მაგრამ მისდამი ინტერესი მუდამ გვქონდა. ერთხელ დილით მე და სოსო სკოლის ეზოში ერთმანეთს შევეჭიდეთ. ჭიდაობა დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ფრედ დასრულდა. ამის შემდეგ დავუახლოვდით მე და სოსო ერთმანეთს ძალიან…”
ირემაშვილი მემუარებში წერს, როგორ უყვარდა სოსოს ბუნებაში საათობით სიარული, მაგრამ არ უყვარდა ცხოველები და ფრინველები, მეტიც _ მას არ უყვარდა, საზოგადოდ, ადამიანები. ერთადერთი, ვინც უყვარდა, იყო მისი დედა. და იქვე დასძენს: “სოსო მანამდე იყო კარგი ამხანაგი, სანამ მას ემორჩილებოდა”.
* “… მე და სოსო დიდი ინტერესით ვკითხულობდით იმ ლიტერატურას, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე იყო საუბარი და ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით საქართველოს ბედკრულ ისტორიაზე. აღფრთოვანებით ვკითხულობდით და ვსაუბრობდით შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანზე”, მაგრამ სოსოს განსაკუთრებით უყვარდა ალექსანდრე ყაზბეგის რომანი “ნუნუ”, რომელშიც მთავარი გმირი კობა გახლდათ და, რომელიც იყო ჩაგრული ხალხის მხსნელი. სწორედ ამ ნაწარმოების გამო დაირქვა მან სახელი კობა, რომელიც მისი პირველი ფსევდონიმი გახლდათ, როდესაც დაიწყო პროპაგანდისტული საქმიანობა… სემინარიაში 10-მა სტუდენტმა, მათ შორის სოსომ, ფარულად შევქმენით ახალგაზრდული სოციალისტური ორგანიზაცია და ასაკით ყველაზე უფროსი, გვარად დევდარიანი, არჩეულ იქნა ჩვენს ხელმძღვანელად. ამას კი ვერ ეგუებოდა მომავალი მსოფლიო ბელადი. კობა დიდი ინტერესით ეცნობოდა და სწავლობდა სოციალისტურ პროგრამებს. მან არ იცოდა დასვენება და ღამითაც ბევრს კითხულობდა. ასეთმა რეჟიმმა მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა და იყო ღამეები, როდესაც კითხვისას ბევრს ახველებდა და მე წიგნს ვართმევდი და სანთელსაც ვუქრობდი… ჩვენი ფარული ორგანიზაცია არსებობას კი განაგრძობდა, მაგრამ კობას გამო ჰარმონია სულ უფრო ირღვეოდა. ზოგი სტუდენტი კობას აზრებს იზიარებდა და, საბოლოოდ, გაჩნდა ორი მხარე _ კობას მხარდამჭერებისა და მისი აზრის მოწინააღმდეგენი… მიუხედავად იმისა, რომ კობა სწავლით სემინარიაში გამორჩეული სტუდენტი იყო, მას სემინარიის მასწავლებლები დიდად არ სწყალობდნენ და საქმე იქამდე მივიდა, რომ კობას სწავლის მიმართ გული აუცრუვდა. მეექვსე, ბოლო კლასში გადასვლაზე უარი განაცხადა და დატოვა სასწავლებელი, რადგან იცოდა, რომ სწავლას აზრი აღარ ჰქონდა, ვინაიდან მასწავლებლები მას შესაბამისად არ დაუფასებდნენ ცოდნას. თანაც კობა თვლიდა, რომ მას საკმაო განათლება ჰქონდა მიღებული, დაეწყო პროპაგანდისტული საქმიანობა ცარიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩაბმულიყო პოლიტიკურ საქმიანობაში. 1899 წელს კობამ სემინარია დატოვა…”
მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, კობასა და იოსებს ერთმანეთან მეგობრობა არ შეუწყვეტიათ, მაგრამ მათი გზები მაინც გაიყო…
ასეთია ამონარიდები იოსებ ირემაშვილის წიგნიდან სტალინზე.
ირემაშვილის წიგნით არავინ დაინტერესებულა, ანტისტალინისტებისა და ტროცკის მიმდევართა გარდა _ “სოციალიზმის პროპაგანდის ნიღაბში იმალება სწრაფვა ძალაუფლებისაკენ. სტალინი, როგორც დემოკრატი, დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევდა და ამისთვის გადახაზა და უარყო დემოკრატია, ხოლო მისი ბედკრული სამშობლოს თავისუფლების ბედი აღარც აინტერესებდა, რადგან მის ძალაუფლებას საზღვარი არ უნდა ჰქონოდა! რუსეთი და მთელი მსოფლიო მისი უნდა ყოფილიყო!” _ დაახლოებით ასე შეაფასეს დასავლურმა, ანტისტალინურმა და ტროცკისტულმა ძალებმა ეს ე.წ მემუარები.
აღსანიშნავია, რომ თვითონ მემუარების ავტორმა იმაზე მეტ ხანს იცოცხლა, ვიდრე სტალინისადმი გაგზავნილ წერილში ვარაუდობდა, ბერლინში მისი საფლავი კი დაკარგულია.
ასე დაემართება ყველას, როგორც იოსებ ირმაშვილს დაემართა, ანუ მას, ვინც ჰორიზონტზე მყოფ მზეს შეფურთხებას დაუწყებს…
გრიგოლ ონიანი