“ნაციონალური მოძრაობა” აქციის გამართვას დღეს თბილისში გეგმავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისში დღეს აქციას გამართავს. პარტიის მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. იგეგმება პარტიის აქტივისტების ჩამოყვანა სხვადასხვა რეგიონებიდან.

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლებისთვის, რომელიც უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩატარდება. ოპოზიციური პარტია აქციის გამართვას 31 ოქტომბერსაც გეგმავს.

“როგორც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის, ისე გაერთიანებული ოპოზიცია არ ემზადება. თუ რაღაც დრო არის მითითებული, ეს იმისთვის არის, დარწმუნებული იყავით, რომ დაიდგას სცენა და იდგეს იქ ეკრანი. აბსოლუტურად წყნარად, მშვიდად, არავითარი ძალადობა, ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები. არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს,” – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

“ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

“დაადასტურა ნაცმოძრაობამ და მისმა დესტრუქციულმა სატელიტებმა, რომ ისინი არ მოერიდებიან არაფერს ქვეყანაში, იმისთვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

“რუსთავი2”