ნოდარ დუმბაძის მოგონებებიდან – ვის გაუცოცხლა მკვდარი დედა ნოდარ დუმბაძემ!? …

ნოდარ დუმბაძის მოგონებებიდან:

“დედაენას, რაკი დედა ჰქვია, მახსოვრობა აღარ სჭირდება, თუ კაცი ხარ და არა პირუტყვი – ენა დედაა შენი და მუდამ უნდა გახსოვდეს, უნდა უკვდავყო იგი, როგორც შეგიძლია და რითაც შეგიძლია. ჩემს ოჯახში ერთი უძვირფასესი წიგნი – რელიკვია ინახებოდა. ეს წიგნი გოგებაშვილის დედაენა გახლდათ, დედაენა, რომლითაც ჩემი დედა სწავლობდა და რომელსაც მე მიკითხავდა ბავშვობაში, ვიდრე სკოლაში წავიდოდი. იმიტომ კი არა, რომ დედაენის გაჭირვება იყო ჩვენს ოჯახში, არა, იგი შელოცვილი აკვანივით გადადიოდა თაობიდან თაობაში და ისე იყო გაცრეცილი, ფურცელ-ფურცელ დაშლილი და ათასჯერ დაკაბადონებული, რომ ძალაუნებურად მოითხოვდა უაღრესად სათუთ და სათნო მოპყრობას.

სწორედ ეს დედაენა წავიღე თან, 1968 წელს ქართველ მწერალთა ჯგუფთან ერთად თურქეთში რომ გავემგზავრე, ქალაქ ბურსაში ერთი შავთვალწარბა ბიჭი მომიახლოვდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი ჰქონდა და ნაფოტივით თხელი იყო, ეკალათი და ცივი მჭადით გაზრდილ გურულ ბიჭს ჰგავდა და არც მოვტყუებულვარ.

– გურჯი ვარ! – მითხრა, თარჯიმანი გვეხმარებოდა საუბარში.

– ქართული რატომ არ იცი? – ვუსაყვედურე.

– ნენეი მომიკვდა! – იმართლა თავი.

ეს ორი ქართული სიტყვა ისე მითხრა, ტირილი მომინდა.

სასტუმროში წავიყვანე და ის ჩვენი ოჯახის რელიკვია დედაენა ვაჩუქე.

– შენია, წაიღე, ოღონდ ისწავლე, ვთხოვე.

თავი დამიქნია, გამიღიმა და წაიღო. წაიღო და ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ჩემი დედა ვაჩუქე და ის მისი მკვდარი დედა გავუცოცხლე. ალალი იყოს, კი არ ვამადლი, უბრალოდ გავიხსენე. მე ისეთი კარგი დედა მყავდა, მთელ გათურქებულ ქართველებს ეყოფოდა დედად. და განა იმიტომ, რომ დედაჩემზე უკეთესი დედა სხვას არ ჰყავდა? არა, იმიტომ, რომ მან ქართული ენის ფასი იცოდა”.

წყარო: mshoblebi.ge