მიხაილ ზადორნოვი სტალინის და ტროცკისტების შესახებ

მოგიყვებით ისტორიას არც თუ ისე შორი წარსულიდან: ცნობილმა რუსმა სატირიკოსმა, აწ გარდაცვლილმა, მიხაილ ზადორნოვმა НТВ-ს ექვსსერიანი ფილმის «სტალინი ჩვენთანაა» ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.

კვირას НТВ-მ დაასრულა ექვსსერიანი დოკუმენტური ფილმის «სტალინი ჩვენთანაა» დემონსტრირება. აჩვენებდნენ ღამით. საგანგებოდ. ეტყობა იმიტომ, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ენახა. სწორიცაა. ასეთი სანახაობისთვის ყველა მზად არ არის.

მაინტერესებს: ნახეს იგი ჩვენმა მმართველებმა და ოლიგარქებმა? იცით რატომ? იმიტომ, რომ სტალინის ფონზე დღეს ისინი უფერულები და, ვიტყოდი, უზნეონიც კი ჩანან.

მაგალითად, ფილმიდან შევიტყვეთ, რომ სტალინი შესანიშნავი ორგანიზატორი იყო. იგი ბევრს კითხულობდა(!), წერდა სტატიებს, თითოეულ წერილზე ბევრს ფიქრობდა. ტროცკისტების წინააღმდეგ მისი ბრძოლა უმიზეზო არ ყოფილა _ გადასარჩენი იყო ქვეყანა საერთაშორისო ცრუ ინტერნაციონალის დაპყრობისგან. ტროცკი ბანკის მენეჯერის შვილი იყო: მამა როტშილდის ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციაში მუშაობდა. იგი არასოდეს ყოფილა რევოლუციონერი. რუსეთში ჩამოვიდა, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო, ჩამოვიდა როგორც ამერიკელი სპონსორების მიერ მოვლინებული ზედამხედველი და მოთვალთვალე. მისი მოვალეობა, უწინარეს ყოვლისა, «სწორი» ხარჯებისკენ ბოლშევიკების წარმართვა იყო, ამას გარდა, _ მეფის რუსეთის სამკვიდროს, მეფისავე ოქროს გაძარცვა და სლავების რაღაც ერთიან, მონურ, თემურ კომუნად გარდაქმნა. მისი პროექტით ისეთი სახლების აგებაც კი დაიწყეს, რომლებშიც მუშებსა და გლეხებს ერთ, საერთო კომუნისტურ ოჯახად უნდა ეცხოვრათ, შემთხვევით გაჩენილი ბავშვები კი ინტერნატებისა და საბავშვო სახლებისთვის უნდა მიებარებინათ, ანუ გადაწყვეტილი ჰქონდათ, სლავებისთვის წაერთმიათ ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ, სლავთა გვარი.

რუსეთის მთელი ოქროს მარაგი, მათ შორის, მეფის ოქროს მარაგიც, ტროცკისტების ზედამხედველობით ეშელონებით საზღვარგარეთ გაზიდეს. კამენევმა და ზინოვიევმა უღალატეს ამხანაგ კობას და ტროცკის მხარეს გადავიდნენ, რადგან ამ უკანასკნელს მაყუთი ჰქონდა. სწორედ ამერიკული კორპორაციების ფულით იყო ჩაფიქრებული რევოლუცია რუსეთში. გერმანელებს მხოლოდ აჰკიდეს: ამათ ასესხესო ბოლშევიკებს ფული რუსეთში გადატრიალების მოსაწყობად. იმხანად გერმანელებს თავად უჭირდათ ლუკმაპურის შოვნა. ამერიკული ტრანში მათი ხაზით გაიგზავნა _ სულ ეს იყო. ამიტომ დაეხეტებოდა ლენინი შვეიცარიაში _ ბითური გერმანელებისთვის ჩეკებზე ხელის მოსაწერად. ამხანაგი კობა კი ამ დროს ჭეშმარიტად რევოლუციურ წრეებს აყალიბებდა, რის გამოც არაერთხელ გადაასახლეს. ლენინი _ შვეიცარიაში. სტალინი _ გადასახლებაში.

მაგრამ, როგორც კი მოხდა რევოლუცია, რეზიდენტი ტროცკიც გამოჩნდა რუსეთში. ლენინს რა? მისთვის მთავარია, რომ პროლეტარიატის ხელისუფლების სარჩენი ფული არ შემოაკლდეს. აი, მომავალ ამხანაგ სტალინს კი ესმოდა, საით მიდის საქმე _ როტშილდის მეთოდებს იგი იატაკქვეშეთში მუშაობის დროს გაეცნო ბაქოში, საიდანაც იმ დროს ამოტუმბავდნენ ნავთობს ამერიკული ნავთობმწოველები.

წარმოიდგინეთ, რომ რუსეთში ძალაუფლება ხელთ იგდეს ტროცკიმ, კამენევმა და ზინოვიევმა. ეს რა საერთაშორისო ინტერნაციონალია?! სად გინახავთ ერთი ნაციის ინტერნაციონალი?!

სასაცილოა, არა? იმდროინდელ საბჭოთა მმართველობაში ყველაზე ნაღდი რუსი აღმოჩნდა ქართველი ჯუღაშვილი! სოსო. ამხანაგი კობა. შემთხვევით არ მომხდარა ეს. იგი ციმბირისა და ჩრდილოეთის ისეთ გადასახლებებში დაეხეტებოდა, რომ რეალურად შეიყვარა რუსული ფართოფორმატულობა. და მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მექალთანე არ იყო, ციმბირელი ქალები ორჯერ მაინც თავდავიწყებამდე შეუყვარდა.

მაშინ ლექსების წერაც დაიწყო… რუსულად. წარმოიდგენთ, მაგალითად, ჩვენს პრემიერ-მინისტრ მედვედევს, რომელიც ლექსებს წერს?! უკაცრავად, აიფონზე ღილაკტაკებით ერთობა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ამხანაგ კობას. როგორ უნდა შეგუებოდა ეს ადამიანი, რომლის განათლებულობას ჩერჩილიც კი პატივს სცემდა, ძარცვას იმ ქვეყნისას, რომლისთვისაც იგი გადასახლებებში ხეტიალობდა და რუსის ქალებს ჰყვარობდა?!

ძლიერ გაუბრაზდა კობა ტროცკისაც, მოღალატეებს _ კამენევსა და ზინოვიევს და მათდამი სიმპათიურად განწყობილ ბუხარინსაც. ძარცვისადმი გამძაფრებული ვნების გამო მათ ყურადღება ვერ მიაქციეს ჭეშმარიტ რევოლუციონერს. მხედველობიდან გამორჩათ.

მათთვის ფრიად მოულოდნელად, არავის რომ არ შეთანხმებია, ისე, ამხანაგმა კობამ, რომელსაც ნამდვილი კომუნისტები პატივს სცემდნენ მისი იატაკქვეშა მოღვაწეობისთვის, მოულოდნელად განაცხადა, რომ მსოფლიო რევოლუცია, რომლისთვისაც გიჟდება ისტერიკამდე მისული ტროცკი, მოიცდის, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერ ძალიან სუსტია. უწინარესად, უნდა წამოვწიოთ ეკონომიკა და ადამიანებმა უნდა უკეთესად იცხოვრონ. ძლიერი არმია უნდა შევქმნათ, ფლოტიც და უნდა ავამაღლოთ განათლების დონე, წერა–კითხვის თითქმის უცოდინარ ქვეყანაში და ასე შემდეგ…

ეს არც ტროცკის, არც მისი პატრონების გეგმებში არა და არ შედიოდა. მაგრამ ამ გარემოებამ ვერ შეაჩერა კომუნიზმისთვის მგზნებარე მებრძოლი, ამხანაგი კობა. მთავარია, რომ ხალხმა მხარი დაუჭირა.

როცა ტროცკი ხელში ატატებული კრემლიდან ძალით გამოჰყავდათ, იგი ბავშვივით ხვანცალებდა, ხელფეხს იქნევდა. მაშინ, მითებს თუ დავუჯერებთ, ყოფილმა კობამ, იმჟამად უკვე ამხანაგმა სტალინმა, რომელიც მას აცილებდა, იხუმრა: Помни, Лео, тише едешь, дальше будешь! _ შემდეგ კი გაღიმებულმა დაამატა, _  А дальше едешь, тише будешь!

შეშინებულმა ტროცკიმ მექსიკამდე იარა, იმას იქით, თითქოს გზაც არ ჰქონდა. მაგრამ არ დაუჯერა ყოფილ პარტიელ ამხანაგს და იქაც განაგრძო ხვანცალი. ჰოდა, იქაც მიწვდა კობა არაჩვეულებრივი საბჭოთა წერაყინით.

არადა, რა უნდა ექნა? გრძნობდა: ომი გარდუვალია. ქვეყანა ფეხზე უნდა დაეყენებინა. ტროცკის განდევნის შემდგომ ათ წელიწადში ქვეყანაში ისეთი ცვლილებები მოხდა, რომლებსაც სხვა ქვეყანაში ასი წელი დასჭირდებოდა. სასწაული მოხდა. რატომ? შეწყდა ძარცვა. ქურდობა რეპრესიებით შეიცვალა.

აი, რატომ წერენ ტროცკიზე მაინც და მაინც საქებარ სტატიებს სწორედ ისინი, ვინც დასავლეთის დემოკრატიის იდეებით საზრდოობენ. ამ წერილების ავტორები ან ბითურები არიან, ან დასავლეთის გავლენის აგენტები, ვისთვისაც, როგორც ტროცკისთვის, მთავარია, დღეს ძარცვონ რუსეთი.

შეხედეთ, რა ხდება ამჟამად რუსეთის მრეწველობაში და შეადარეთ ოცდაათიან წლებს.

სწორედ იმ დროს შენდებოდა ქარხნები, რომლებიდანაც ჩვენი ოლიგარქები თავიანთ ოლიგარქიულ მოგებას იღებენ.

გზები, სახლები, მოსკოვთან მისასვლელი გზები… ყველაფერი იმ დროსაა ჩადებული.

ნულიდან იქმნება ავიაცია.

ამოქმედდება უმძლავრესი ელექტროსადგურები.

მეტრო, მოხნული მინდვრები… სიტყვა «მოდერნიზაცია» არ არსებობდა, სოფლის მოდერნიზაცია კი განხორციელდა.

თეატრები, შემოქმედებითი კავშირები, კინოსტუდიები…

დაბოლოს, საყოველთაო, უფასო განათლება.

სსრ კავშირი მსოფლიოში პირველი მკითხველთა ქვეყანა იყო.

თქვენ გესმით, რომ დღევანდელი განათლების სამინისტრო საბჭოთა სამინისტროსთან შედარებით, ურჩხულია, მონსტრი? დღეს სკოლებში მხოლოდ რამდენიმე უფასო საგანია.

აი რატომაა, რომ თანამედროვე პოლიტიკოსები ყველა დღევანდელ წარუმატებლობას სტალინს აბრალებენ. ისრები რომ გადასწიონ.

იგი საჩუქარი არ იყო, მაგრამ დღევანდელები უფრო საშიშნი არიან და უნიჭონი.

სტალინის დროს საფუძველი ჩაეყარა სამომავლოდ კოსმოსის ათვისებას, დღეს კი კატასტროფას კატასტროფა მოსდევს. ხალხმა ხუმრობა დაიწყო, რომ გვაკლია სტალინი. საშიში ხუმრობაა. ხალხი დამნაშავე არ არის. იგი გაწირა უკანასკნელი ათწლეულების გამყიდველმა ხელისუფლებამ. გამყიდველმა იმიტომ, რომ, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის ბეღლების გაყიდვითაა დაკავებული. მოგება კი ამ ხელისუფლების ქურუმთა ჯიბეებში მიდის.

ფილმის ავტორები არ აიდეალებენ სტალინს, მოჰყავთ რეპრესიების, გაკულაკებისა და დახვრეტების სტატისტიკა. მაგრამ ციფრები ამ ფილმში რეალურია! არა გაზრდილი, როგორსაც ზემოდან მითითების საპასუხოდ ავრცელებდნენ მოჟურნალისტო მჩხაპნელები.

თუმცა რეალური ციფრებიც შთამბეჭდავია!

ამასთან, ფილმის ავტორები იმოწმებენ შემზარავ ფაქტებს, როცა საოლქო და სამხარეო მდივნები თვითონ ადგენდნენ დასახვრეტთა სიებს და კრემლისგან მოითხოვდნენ ლიმიტების გაზრდას.

ბევრი ფაქტი ფილმში პირველად გაცხადდა. უეჭველია, რომ მის შემქმნელებს უფლება მისცეს, გაცნობოდნენ ყველაზე უფრო გასაიდუმლოებულ მასალებს. მე მგონი, ისინი თავადაც იყვნენ გაკვირვებულნი აღმოჩენილი ფაქტებით. თურმე ომის პირველ თვეებში სტალინი მოსკოვიდან არსად გასულა. ეს დოკუმენტებით დასტურდება! მას რომ შეეშინდა, გაიქცა, ესეც მითია.

და კიროვიც მისი ბრძანებით არ მოუკლავთ.

ალილუევა, მეორე ცოლი, მას არ მოუკლავს. პირველი კი ისე უყვარდა, რომ  ვერ დაემშვიდობა, მის კუბოს საფლავში ჩაჰყვა.

სტალინი წერდა ლექსებს! ეს მე ვიცოდი და ერთხელ ჩემს ნაცნობ კომპოზიტორს ვაჩვენე ლირიკული ლექსები, მაგრამ არ მითქვამს, ვისია. ვთხოვე მუსიკის დაწერა. როცა დაწერა, გამოვუტყდი, რომ თვით ამხანაგ სტალინის ლექსებია. კომპოზიტორმა კინაღამ მომკლა. მიშველა იმან, რომ კომპოზიტორი თავად გახლდათ ქართველი.

კარგია, რომ ფილმში სტალინის უკანონო ვაჟი აჩვენეს, რომლის დედა _  კუზაკოვა იმ სოფლიდან გახლდათ, რომელშიც გადასახლებული სტალინი იყო მიმაგრებული. კუზაკოვი საბჭოთა პერიოდში ოსტანკინოს ტელევიზიის ლიტერატურულ რედაქციას ედგა სათავეში. მე მას ვიცნობდი. მისი ხელმძღვანელობით მზადდებოდა გადაცემები «Вокруг смеха~, `Кабачок», ლიტერატურული შეხვედრები ოსტანკინოს სტუდიაში… ამ გადაცემებში უხამსობის ნატამალიც არ ჩანდა.

ყველა ნაწარმოები, რომელთაც სტალინურ პრემიას ანიჭებდნენ, სტალინს წაკითხული ჰქონდა! დღევანდელი ხელმძღვანელებიდან ვინმე საერთოდ კითხულობს წიგნებს? დრო არ აქვთ.

რაიმე საყურადღებო აზრის მქონე უბრალო წერილის დაწერას შეძლებს კი რომელიმე მათგანი? შეძლებთ წარმოიდგინოთ, რა ბრძანებას გასცემდა ამხანაგი კობა, თვალი რომ მოეკრა რომელიმე ფრაგმენტისთვის გადაცემებიდან «Наша Раша» ან «Дом-2»?

ისეთი ინტელიგენტი ადამიანი, როგორიც ინგლისელი მწერალი გერბერ უელსი გახლდათ, აღფრთოვანებული იყო სტალინით. მისი ცოდნით ნებისმიერი დარგისა, რომელზეც საუბრობდა.

რა შესანიშნავი კინოფილმები შეიქმნა იმ დროს. დღევანდელი კინო პირველ საბჭოთა კინოფილმებზე მრავალგზის უარესია.

სიყვარული ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი სოსოს ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს გაეღვიძა, ამიტომაც გააგდეს სემინარიიდან. ძალიან იყო დამუხტული თავისუფალი აზროვნებითა და მსოფლიო ფილოსოფიით. არაფორმატური აზროვნება! მე მგონი, ეს ფორმატულ აზროვნებაზე გაცილებით ღირსეულია.

ფილმში ბევრი, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტია, რომელთა შესახებ არც ერთ ჩვენგანს აქამდე არაფერი სმენია.

არ აღვაზევებ და არ ვაიდეალებ სტალინს. მხოლოდ ვიმეორებ იმას, რაც გავიგონე ფილმის ავტორებისგან. მარტო შავი ან თეთრი ფერით ერთი ადამიანის დახატვა არ შეიძლება. ასე აკეთებენ მხოლოდ ორპოლარულად მოაზროვნენი, ანუ განუვითარებლები.

ფილმის ცქერისას უნებურად ადარებ, რაც დღეს ხდება. საბჭოთა ხელისუფლების დროს დახვრიტეს 900 ათასამდე ადამიანი, რეპრესიისგან დაზარალდა სამ მილიონზე მეტი, თითქმის _ ოთხი. თუ შიმშილით გარდაცვლილებს, სისხლის სამართლის დამნაშავეებს და გადასახლებულ ჩეჩნებსა და თათრებს დავუმატებთ, 12 მილიონამდე დაგროვდება. შემზარავი ციფრია. უეჭველად.

მაგრამ დღევანდელმა განათლების სამინისტრომ უფრო მეტად დააზარალა ქვეყანა. იგი არ ხვრეტს. იგი ცოცხალი ადამიანებიდან ამზადებს დებილებს. ასეთ რამეს არც ერთი საბჭოთა ხელმძღვანელი არ მოითმენდა.

სერდიუკოვს შეეძლო გამოჩენილიყო იმ დროს? რა საინტერესო ფაქტებია მოხმობილი დოკუმენტებიდან ბლიუხერის, ტუხაჩევსკის, ბუხარინის შესახებ… უწინ ამ ყველაფერს მალავდნენ, ჩემი აზრით, სულ ტყუილად.

სწორედ სტალინის წინადადებით აღადგინეს საბჭოთა კავშირში ისეთი დღესასწაული, როგორიც ახალი წელია, და წითელ მოედანზე გაჩნდა პირველი ნაძვისხე ბავშვებისთვის.

განაახლა მუშაობა ეკლესიამ პატრიარქის ხელმძღვანელობით. გაიხსნა ბუდისტური ტაძრები ბაიკალეთისპირეთში. ყველაფერს ვერც ჩამოვთვლი, რისი შესწავლაც არ აწყენდა დღევანდელ ჩვენ ხელმძღვანელებს.

კარგია, რომ ასეთი ფილმი აჩვენეს, მაშასადამე, ჩვენი ხელმძღვანელები რაღაცას მაინც მიხვდნენ, მოინდომეს საბჭოთა წარსულისადმი დამოკიდებულების უკეთესობისკენ შეცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ზემოდან ვიღაცის თანხმობის გარეშე ამ ფილმს НТВ-ზე ვერ აჩვენებდნენ.

ყველაფერი არცთუ უბრალოდაა, აი, რაზეა ფილმი.

და კიდევ იმაზე, რომ ვერ დაარქმევ სწორად ცხოვრებას, თუ უაზროდ ტალახში ამოთხვრი შენს წარსულს. ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ წარსულში არის შავი და თეთრი მხარეები. და ჩვენც ამ თვალსაზრისით არც ერთი სხვა ქვეყნისგან არ განვსხვავდებით. და თუ მაინც განვსხვავდებით, იმით, რომ გადავხაზავთ შავსაც და თეთრსაც. ჩინელებს მაო ძედუნი მავზოლეუმიდან არ გამოუსვენებიათ, არადა, მაომ ყველაფერი სტალინისგან ისწავლა, ხოლო რეპრესიებისა და საკუთარი ხალხის განადგურების დონით მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

ფილმი არ უნდა ნახონ იმ ბითურებმა, რომლებიც ორპოლარულად აზროვნებენ: აქ პლიუსია, იქ _ მინუსი, შუალედი არ არსებობს.

ვვარაუდობ, რომ ლატვიაში ამ ფილმის ჩვენების ნებას არ დართავენ. ლატვიაში ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სტალინი ჰიტლერზე უმეტესი ურჩხული იყო.

ფილმი ფილოსოფიურია: როგორია მიღწევათა და მიღწევებისთვის გაღებული მსხვერპლის დასაშვები შეფარდება? მსოფლიო ფილოსოფიის ოდინდელი შეკითხვა. პასუხი არ ჩანს.

აი, რაზე ვფიქრობდი, როცა ამ ფილმს ვუცქერდი. ოცდაათიან წლებში ადამიანებს ტვინი აერიათ, ვერავინ ვერაფერს იგებდა, ადამიანები ერთმანეთს აბეზღებდნენ, მეგობრები ცდილობდნენ მეგობრების გისოსებს მიღმა ჩასმას, ქმრები მობეზრებული ცოლებისგან თავისუფლდებოდნენ, უზნეობა ზღვარს გასცდა!

37 და 38 წლებში თავი აიშვა უსაზიზღრესმა არამზადობამ. თოვლის ამ გუნდის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. უფრო ზუსტად კი, მისი გაჩერება შეეძლო მხოლოდ ომს.

ომი უსაშინელესი გამოცდაა, ის, ვინც იგი განვლო, სულიერად განიწმიდა.

ომი ასე უბრალოდ არ დაწყებულა. ომამდე საბჭოთა მიწაზე ძალიან ბევრი სიბილწე აღმოცენდა. ეს იყო სასჯელი 37-ისა და 38 წლების უსინდისობისა გამო.

სამშობლოსთვის ამ დიდი გამოცდის შემდეგ უსპეტაკესი სულის გმირთა უდიდესი რაოდენობა მივიღეთ. რასაკვირველია, კვლავ დაიტანჯნენ უბრალონი, და ამის შესახებ კარგადაა ნათქვამი ფილმში. ფილმის წამყვანს მოსამართლის როლი მორგებული არ აქვს. ტაქტიანია. მაგრამ იმ ფაქტების მიღმა, რომლებსაც გვთავაზობს, ნებისმიერი იგრძნობს ღრმა აზრს.

ომმა, რაგინდ საშინლადაც შეიძლება ჟღერდეს, ქვეყნის განვითარება უკეთესი გზით წარმართა. ჯერ კიდევ ომის დროს სტალინმა უარი თქვა ფარისევლურ პარტიულ ხელმძღვანელობაზე და ძალაუფლება საკუთარ ხელში მოიქცია. ამით მან თითქოს აღიარა, რომ პარტია უძლურია, უხელმძღვანელოს ქვეყანას. განა ეს თანამედროვე აზრი არ არის?! 41 წელს გერმანიის მრეწველობა დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა საბჭოთა მიღწევათა მაჩვენებლებს. უკვე 42 წელს კი საბჭოთა თავდაცვითმა ქარხნებმა წარმოების მაჩვენებლებით გაუსწრეს გერმანელებისას!

შეიძლება კი დღეს რუსეთის ეკონომიკის გაძლიერება ციხეებში ქურდებისა და მოღალატეების ჩასმის გარეშე? ვეჭვობ, რომ არა.

ბოლოს და ბოლოს, მათი დახვრეტა ხომ არაა საჭირო. საკმარისია, უბრალოდ ჩასმა, რათა შრომით ბანაკში იმუშაონ. რაღაც სარგებელი მაინც ექნება ადამიანებს.

მეჩვენება, რომ ხელისუფლება… უფრო ზუსტად, ორი-სამი კაცი, უკვე ხვდება, საით მიდის საქმე. და შემთხვევითი არ არის, რომ დღეს დამტკიცდა კანონი  უცხოურკაპიტალიანი საწარმოების თაობაზე. თითქმის ყველა ეს კომპანია ჩვენი სამშობლოს გაძარცვაზე მუშაობს.

90-იანების ბოლოს ამერიკაში გასტროლებზე ვიყავი. ჩავედი ბოსტონში, მოვეწყვე სასტუმროში, სადაც იმ დროს რუსი ბიზნესმენებისა და დემოკრატ-პოლიტიკოსების კონფერენცია იმართებოდა. ხვდებით, რაზე მიგანიშნებთ? რა საჭირო იყო მაინც და მაინც ბოსტონში ასეთი კონფერენციის გამართვა? იმიტომ, რომ მას ატარებდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს რუსეთის შემსწავლელი დეპარტამენტი! რისი მოწმეც თავად ვიყავი. კონფერენციის მონაწილეთაგან ყველამ როდი იცოდა, მთავარი ვინ იყო თოჯინების ამ თამაშში. მაგრამ კონფერენციის ორგანიზატორებმა არა მარტო იცოდნენ, არამედ ფულსაც იღებდნენ ამერიკისთვის ვითომ წაკითხული ლექციების ასანაზღაურებლად. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. და როცა ერთ-ერთ მონაწილეს, რუსეთის ყოფილ ვიცეპრემიერს ვუთხარი, რასაც ამაზე ვფიქრობდი, მან ეშმაკურად, თითქმის ლენინივით მოჭუტა თვალები და მიპასუხა: «სტალინის დრო უკვე არ დაბრუნდება!». მას ბავშვივით უხაროდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსგან შეუძლია მაყუთის მიღება და ამის გამო მას არაფერი ემუქრება.

აი, რატომაა, რომ იქ, ზემოთ ოლიგარქები, ბიზნესმენები და მათ მიერ დაფინანსებული ჟურნალისტები ლანძღავენ ამხანაგ კობას და ყველაფერ საბჭოთას, რათა ამ ფონზე თვითონ თუნდაც ოდნავ უკეთესად წარმოჩნდნენ.

მაგრამ ხალხი ყველაფერს გრძნობს და ხვდება.

და გაშვილების შესახებ, ჩემი აზრით, კარგი კანონი მიიღეს. ამერიკელებისთვის და ბავშვების გამყიდველი ჩვენი ურჯულოებისთვის ეს ბიზნესია!

საკუთრივ რუსული გაშვილების საქმე უნდა აეწყოს.

სტალინის დროს უმუშევრობა არ იყო! გაცილებით ნაკლები იყვნენ მიუსაფარი ბავშვები.

უფრო მეტიც, რისი დაჯერება მეც მიჭირს, შეეცადნენ, სამუდამოდ აღეკვეთათ სიკვდილით დასჯა. და რამდენიმე წელიწადს ეს ბრძანებულება, ჩემი აზრით, მუშაობდა კიდეც.

მკურნალობა შეიძლებოდა უფასოდ. სწავლაც.

არის, რისი სწავლაც შეუძლია ჩვენს დღევანდელ ხელმძღვანელობას საბჭოთა ხელისუფლებისგან.

ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ უსამართლოდ განსჯიდა სტალინი ტროცკისტებს, იმაზეც, თუ როგორ აწამებდნენ მათ. მაგრამ უცხოელი ჟურნალისტები თავიანთ გაზეთებში, იქ, დასავლეთში, წერდნენ, რომ ბრალდებულებს ცემისა და წამების კვალი არ ეტყობოდათ, რომ ისინი სავსებით მკაფიოდ ლაპარაკობდნენ და ესმოდათ, რა სასჯელიც ელოდათ. მიუხედავად ამისა, ბევრმა აღიარა ის, რაც ბრალად ედებოდა.

ყველამ, ვისაც გაბითურება არ სურს, უნდა ნახოს ეს ფილმი ინტერნეტში. საშიში აზრი გამიჩნდა, ამ ფილმის ნახვა რომ დავამთავრე. დღესაც ხომ ის დროა, როცა დაივიწყეს სიყვარული და მზად არიან პირადი გამორჩენისთვის ყველაფერი ჩაიდინონ?!

სსრკ–ის ეშმაკეულობა ომმა გაწმინდა. ადამიანებმა კვლავ გაიხსენეს სიყვარული. იჯდა სანგარში შეტევის დაწყებამდე უბრალო ოფიცერი და ნანობდა, რატომ დააბეზღა თავისი მეგობარი და ამით დაახვრეტინა იგი. მონანიებასაც ვერ მოასწრებს ახლა და არც არავინაა, ვის წინაშეც შეცდომას აღიარებს. უკანასკნელი ფიქრი _ თუ გადავრჩები, არავის დავასმენ.

ასე ფიქრობდნენ შეტევის წინ. მამაკაცები ფრონტზე წუხდნენ იმაზე, თუ რატომ ღალატობდნენ საყვარელ ქალებს, მათი ცოლები კი ზურგში საკუთარ თავს ეფიცებოდნენ, რომ, თუ ქმრები დაბრუნდებოდნენ, უწინდელზე უკეთ იზრუნებდნენ მათზე.

როცა ადამიანები სიყვარულს ივიწყებენ, იწყება ომი.

გესმით, საით მიმყავს საუბარი? ახლაც ხომ ისეთივე უზნეო და ფარისევლური დროა. ნუთუ მხოლოდ ომი მიგვაბრუნებს სიმართლისკენ?! თუ საკუთრივ ჩვენ არ გვეყოფა გონება, გავწმინდოთ ჩვენი ქვეყანა იმ ეშმაკეულისგან, რომელიც ცდილობს, დებილებად გვაქციოს, თანაც ჯანდაცვის რეფორმებით თუ ვიმსჯელებთ, _ ავადმყოფ დებილებად.

ამ ფილმის ნახვას ვურჩევ ჩვენს ბიზნესმენებსაც, ოლიგარქებსაც და ხელმძღვანელებსაც კრემლში. განსაკუთრებით, იმ ფრაგმენტის, როცა წამყვანი კითხულობს სტალინის პირადი ნივთების აღწერის დოკუმენტს, მისი გარდაცვალების შემდეგ რომ დარჩა: რამდენიმე შარვალი, კიტელები, ქუდები და ჩიბუხები. მეტი არაფერი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი რომელიმე ხელმძღვანელის ან ბიზნესმენის, ან ოლიგარქის ნივთების აღწერის დოკუმენტი? მხოლოდ ფაბერჟეს კვერცხების აღსანუსხად ცალკე ფაილის გახსნა იქნება საჭირო.

და სავსებით სწორად დაარქვეს ავტორებმა ფილმს _ «სტალინი ჩვენთანაა!»

რაგინდ შორს დაიჭირონ ოლიგარქებმა, მაგრამ მოგებას ისინი იღებენ იმ ქარხნებიდან, რომლებიც სტალინის დროს აშენდა. კი, ბევრი საწარმო ადამიანების სიცოცხლის ფასად შეიქმნა, მაგრამ თქვენ დღეს, ბატონო ბიზნესმენებო, იმათი სიცოცხლიდან იღებთ მოგებას, თანაც _ დიდს. ამბობთ, რომ ეს თქვენი საკუთარი ფულია? გეშლებათ! ეს სისხლიანი ფულია!

დიახ, სტალინი თაფლი არ არის, დიახ, ბევრი ბოროტება, დანაშაული და შეცდომა იყო დაშვებული. მაგრამ დღეს, ვიმეორებ, ვითარება უარესია. ბოროტებაც, დანაშაულიც, მაგრამ ისინი გრიმწასმულია, მსგავსად ყოფილი საკოლმეურნეო პურის ყანებისა, რომლებიც დღეს განადგურებულია და ელიტური გოლფკლუბების სათამაშო მოედნებადაა გადაკეთებული.

მინისტრი (ასეა დედანში! _ რედ.) ონიშჩენკო პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით გასცემს ლიცენზიებს უცხოური საქონლის შესასყიდად. ხან ღორის შაშხი მავნე პროდუქტად ეჩვენება, ხან _ ქართული ღვინო… შემდეგ ურთიერთობა საქართველოსთან შეიცვალა და ღვინო სულაც არ აღმოჩნდა მავნე. თვითონ თუ ხვდება, რომ სულელად ჩანს ხალხის თვალში?

კი, სტალინის დროს შეძლებდა ასეთი ფარისეველი საიდანმე ამოყვინთვას, მაგრამ მუშაობის ორი წლის შემდეგ მას შორეულ ციმბირში უკრავდნენ თავს. და ეს სწორი იქნებოდა. ხედავთ, ღორის შაშხი მისთვის მავნეა. მაგრამ ის, რომ მთელი რუსეთი სავსეა საშინელი პროდუქტებით, დასავლეთიდან ჩვენთან რომაა გადმოხვეტილი, ეს მისთვის ნორმალურია? ის, რომ ამ პროდუქტებიდან ახალგაზრდობას ტვინები უპატარავდება და უკანალი უსქელდება? ვინ არის იგი სტალინური საზომით? მოღალატე! ტროცკისტი, რომლის მიზანი ხალხის განადგურებაა.

ვგრძნობ, ბევრი თავს დამესხმება. არავის შევეკამათები. ერთადერთს ვურჩევ _ ჯერ ნახეთ ფილმი!

მიხაილ ზადორნოვი