რას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების ღამეს – “ნუ ეშინიათ, ნუ კანკალებენ…”

გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწია. ხელისუფლების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 31 ოქტომბერს დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს.

რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დამარცხდა და იგეგმება თუ არა რეალურად, დესტაბილიზაციის მოწყობა? – ამ და სხვა საკითხების შესახებ „პრაიმტაიმთნ“ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა.

ზაალ უდუმაშვილი: რასაც „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ, არის მტკნარი წყლის სიცრუე. ჩვენ მერიაში გვაქვს შეტანილი განაცხადი 31 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. ამ განცხადებაში წერია, რომ დილის 12 საათიდან ვითხოვთ რუსთაველზე ღამის 12 საათამდე აქციის გამართვას. 12 საათი იმიტომ არის მითითებული, რომ იქ უნდა მივიდეს ტექნიკური ჯგუფი, უნდა ააწყოს სცენა, რასაც სჭირდება, დაახლოებით, 6 საათი.

ჩვენ შეკრებას დავიწყებთ მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები. ამ აქციის მიზანი არის ის, რომ ერთად დავდგეთ, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს, ვნახოთ მონიტორებზე, როგორ შედის ცესკოში მონაცემები და ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება.

არაფერს ვაპირებთ, ნუ ეშინიათ, ნუ კანკალებენ, ჩვენ უბრალოდ, ერთად შევიკრიბებით. მოსახლეობას, რომელსაც ექნება სურვილი, რომ მოვიდეს და ჩვენთან ერთად იყოს რუსთაველის გამზირზე, ყველას ვეპატიჟებით. ამ აქციას სხვა დანიშნულება არ გააჩნია.

– მოლოდინი გაქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ტურში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს და პირველ ადგილზე გავა?

– ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიცია პირველ ადგილზე გავა, მათ შორის, ყველაზე კარგ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, იქნება „ნაციონალური მოძრაობა.

– რას გულისხმობთ კარგ პოზიციაში?

– ამას არჩევნები გვაჩვენებს. ყველა კვლევის მიხედვით, საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს.

– რა იქნება თქვენი ნაბიჯი, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაიმარჯვა?

– წინასწარ როგორ გითხრათ. თუ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, რის უფლებასაც არ მივცემთ, რეაქციაც ადეკვატური იქნება, მაგრამ არ დაგვჭირდება არაფერი მერწმუნეთ, რადგან ჩვენ ვაპირებთ, ძალიან მშვიდობიანად, წყნარად გავისტუმროთ ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

– ხომ არ აპირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საარჩევნოდ ჩამოსვლას?

– მიხიელ სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ ის არ აპირებს ჩამოვიდეს საქართველში, რადგან მისი პერსონა არ გახდეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზეზი. მან განაცხადა, რომ ის ქვეყანაში ჩამოვა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, ამიტომ ტყუილად ნუ ელანდებათ, ნუ აქვთ ასეთი პანიკა.

გასაგებია, რომ ეშინიათ სააკაშვილის, უნდა ეშინოდეთ, მაგრამ არაფერი არ იგეგმება ისეთი, რაც ხელს შეუშლის საარჩევნო პროცესს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება წყნარად ჩავატაროთ არჩევნები.

-კორონავირსუს პანდემიის ჭრილში, რამდენად სწორია ხალხმრავალი აქციების გამართვა?

-როგორც გუშინ ვნახეთ, აქციაზე დაცული იყო ყველა ნორმა, ყველა იყო პირბადით, რიგდებოდა სადეზინფექციო ხსნარები, შემოსასვლელებში თერმო სკრინინგი მიმდინარეობდა. ასე გავაგრძელებთ მომავალში, ყველა აქციაზე იქნება შესაბამისი ზომები მიღებული.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე
წყარო: primetime.ge