უკრაინიდან ნაცისტები საბჭოთა ჯარისკაცმა გააძევა!

უკვე 11 წელია, უკრაინაში 28 ოქტომბერი აღინიშნება, როგორც ფაშისტი დამპყრობლებისგან ქვეყნის გათავისუფლების დღე (უკრ.: День визволення України від фашистських загарбників). იმჟამად ქვეყანაში პრეზიდენტად ჯერ კიდევ ვიქტორ იუშჩენკო იმყოფებოდა, სწორედ მან მოაწერა ხელი უკრაინის ახალი ეროვნული დღესასწაულის შემოღებას.

სურათზე: საბჭოთა ჯარების მიერ უჟგოროდის გათავისუფლება, 1944 წლის 27 ოქტომბერი.

 

ისტორიაში მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დღეს, 1944 წელს, ბოლო ოკუპანტმა დატოვა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია (აღმოსავლეთ კარპატების ოპერაციის შედეგად, როდესაც წითელი არმია უკრაინის უკიდურეს დასავლეთ ქალაქში, უჟგოროდში შევიდა და საბჭოთა საზღვარს მიაღწია), ესე იგი, უკრაინა გათავისუფლდა ფაშისტური ოკუპაციისაგან. ამ დღის დაწესებით იუშჩენკომ უკრაინის ისტორია, ასე ვთქვათ, „გააეროვნულა“,  დღესასწაულის დაწესების ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია:

„[დღესასწაული წესდება] ფაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინის გათავისუფლების საყოველთაო-სახალხოდ ზეიმის მიზნით, ასევე მეორე მსოფლიო ომის მანძილზე უკრაინელი ხალხის მიერ გამოვლენილი გმირობისა და გაღებული მსხვერპლის საპატივსაცემოდ“.

როგორც ჩანს, უკრაინა „თავისით“ გათავისუფლდა – არადა, რამდენი ქართველი შეეწირა მდინარე დნეპრის ფორსირებას, რამდენიმე ქართველმა სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული განმათავისუფლებელი ბრძოლების გამო მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (სულ უკრაინის გასათავისუფლებლად 15 შემტევი ოპერაცია განხორციელდა და საერთო ჯამში უკრაინის ტერიტორიაზე 2 მილიონ 300 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი იბრძოდა)… მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ უკრაინა გათავისუფლდა ნაცისტებისაგან.

მაგრამ თურმე, ნუ იტყვით, ეს არ ყოფილა გათავისუფლება, არამედ სხვა რამ. 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის საზღვრების რღვევის დაწყების შემდეგ, უკრაინაში წამოწყებულ იქნა კამპანია, რომ 28 ოქტომბერს აღარ ეწოდებოდეს ფაშიზმისგან გათავისუფლების დღე. ე. წ. ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის ყოფ. ხელმძღვანელი ვლადიმირ ვიატროვიჩი დღესაც მიიჩნევს (და მის აზრს არაერთი „ევროატლანტიკოსი“ იზიარებს!), რომ ნაცვლად „ფაშისტი ოკუპანტებისგან უკრაინის გათავისუფლებისა“ უნდა მოხდეს ახალი ფორმულირების დამკვიდრება – „ნაცისტი ოკუპანტების უკრაინიდან განდევნა“. ეს იმიტომ, რომ თურმე უკრაინა არ გათავისუფლებულა და თავისუფლების ნაცვლად მან „საბჭოთა ოკუპაცია“ იგემა. კეთილი და პატიოსანი, თუნდაც ასე იყოს – მაგრამ ფაქტი ხომ იგივე რჩება – უკრაინიდან ნაცისტები საბჭოთა ჯარისკაცმა გააძევა!

ვებ-გვერდი “დიდისამამულო.გე