“ერდოღანი მტკიცედ დგას აზერბაიჯანსა და საქართველოში, რუსეთის ერთი ბაზა გიუმრიში საკმარისი არ არის!” – ბაგდასაროვი თურქეთის სტრატეგიის შესახებ

სომხური წარმოშობის ცნობილმა რუსმა მეცნიერმა, აღმოსავლეთმცოდნე სემიონ ბაღდასაროვმა მორიგი კომენტარი გააკეთა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ თურქეთის ამჟამინდელი ლიდერი ერდოღანი თავის ნეოოსმანიზმის დოქტრინაში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ოსმალო სულთნის, აბდულ-ჰამიდის ისლამისტურ პოლიტიკას იმეორებს. როცა ერდოღანს სჭირდება, აქცენტს ისლამიზმზე აკეთებს და შიიტურ უმცირესობას არ ინდობს (მაგ., სირიაში), ხოლო როცა “საჭიროა”, იგი სუნიტებსა და შიიტებს შორის სხვაობას ყურადღებას არ აქცევს და წინა პლანზე პანთურქიზმს – ამ ნაციონალისტურ დოქტრინას წამოსწევს ხოლმე, როგორც ეს შიიტურ აზერბაიჯანთან მიმართებაში ჩანს.

ბაგდასაროვი ამბობს, რომ ყარაბაღი თურქეთის გავლენის შეჩერების ბოლო ბასტიონია კავკასიაში, რადგან თურქეთი და ერდოღანი “მტკიცედ დგას საქართველოსა და აზერბაიჯანში”. ამასთან, საუბრის ბოლოს ბაგდასაროვი იმასაც ამბობს, რომ რუსეთის ფაქტორის გარეშე, თურქეთს შეუძლია, 2-3 დღეში მოახდინოს სომხეთის ოკუპაცია მე-3 არმიის საშუალებით.

“ერთი სამხედრო ბაზა გიუმრიში საკმარისი არ არის, სომხეთის და რუსეთის ინტერესებშიცაა ორი, სამი სამხედრო ბაზის ქონა სომხეთის ტერიტორიაზე” – აღნიშნავს იგი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის აზრი არ აქვს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობას, რადგან “ვითარების ბატონ-პატრონი ერდოღანია”. შესაბამისად, იგი მხარს უჭერს რუსეთის უფრო ხისტ პოლიტიკას, რომელიც ერდოღანის შეკავებისკენ იქნებოდა მიმართული.

ბაგდასაროვი, რომელიც თავისი მრწამსით რუსი იმპერიალისტია, ვლადიმირ სოლოვიოვის პირდაპირ ეთერში ჩაერთო თავისი ბინიდან. კადრში ჩანს, რომ ბაგდასაროვს წიგნების თაროზე სტალინის ბიუსტი და სუვოროვის უფრო მომცრო ბიუსტი უდევს.