„ხელისუფლება რასაც აკეთებს ახლა, ეს ტყუილი წვალებაა“ -ამ სიტყვებით პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.
გოგი წულაიას თქმით, საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.
„მოუშორებელი ჭირია უბნებთან სიით ხელში დგომა, ფულის დარიგება და ზეწოლა ამომრჩეველზე. მე მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ტყუილად ცდილობენ ამ ხერხით ხმების მოპოვებას. დაკარგული ფულია იცოდეთ. ხელისუფლებას არ უშველის მსგავსი ქმედებები. ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა, თუ ამას არ იზამს და მაინც დაიწერს 100 მანდატს, რომელიც ბიძინამ დააანონსა, ამ შემთხვევაში არ ვიცი, მეორე დღეს ჩამოვაგდებთ “ -, განაცხადა გოგი წულაიამ.
გოგი წულაიამ მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
წყარო: ptn.ge